მას შემდეგ, რაც სახელოვნებო სფეროში სხვადასხვა წარმოდგენის გამართვის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო, ბროდვეის ადმინისტრაციამ შოუები 2021 წლამდე ოფიციალურად გააუქმა.
Broadway League-ს განცხადებით ეს შოუს ისტორიაში ყველაზე დიდი პაუზაა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსთან დაკავშირებულმა ეპიდსიტუაციის სიმძიმემ განაპირობა.
გახსნის სავარაუდო თარიღად 2021 წლის 3 იანვარი დაანონსდა. იმ მომხმარებლებს კი, რომელთაც 2020 წლის წარმოდგენებისთვის ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ, ადმინისტრაცია ბილეთის საფასურის დაბრუნებას ან მათი 2021 წლის შოუების ბილეთებში გადაცვლას სთავაზობს.
შეგახსნებთ, რომ თეატრები 2020 წლის 12 მარტს დაიხურა, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების მთავრობამ მასობრივ სახალხო შეკრებებზე ოფიციალური შეზღუდვები დააწესა. ბროდვეის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ მუშაობის განახლებას 12 აპრილიდან შეძლებდა, თუმცა ამ თარიღმა ჯერ 7 ივნისამდე, შემდეგ 6 სექტემბრამდე, ხოლო საბოლოოდ 2021 წლის 3 იანვრამდე გადაიწია.
აღსანიშნავია, რომ ბროდვეის თეატრები ქვეყნის ტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია, ამიტომაც მათმა დახურვამ ნიუ-იორკის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა.
არსებული მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ბროდვეის თეატრებმა 100 მლნ დოლარზე მეტი დაკარგა.
წყარო – Forbes