მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელმა ვეტერანმა ტომ მურიმ გასულ კვირას გადაწყვიტა ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის პერსონალის დასახმარებლად მოკრძალებული გამოწვევა შეესრულებინა – 99 წლის კაპიტნის „მისია“ მისი ბაღის ერთი ბოლოდან მეორემდე მანძილის 100-ჯერ გავლაში მდგომარეობდა. მურს გამოწვევა 30 აპრილს, თავის მეასე დაბადების დღემდე უნდა შეესრულებინა. თავდაპირველად მური ბრიტანული ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად 1000 ფუნტის შეგროვებას აპირებდა, თუმცა სოციალურ ქსელში მისი ვიდეოს გავრცელების შემდეგ ათასობით ადამიანმა დაიწყო მისთვის შემოწირულობების გადარიცხვა.
ტომ მურიმ თავისი გამოწვევა დღეს, 16 აპრილს დაასრულა და სულ 13 მილიონი ფუნტი (16 მილიონი დოლარის ექვივალენტი) შეაგროვა კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლი ბრიტანელი ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად.
„ბევრ ბრძოლაში მიომია და ყოველთვის ვიმარჯვებდი, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ,“- ამბობს მური. მისი თქმით, ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი მედპერსონალი ჩვენი დროის გმირები არიან და ისინი იმსახურებენ ყველაფერს „რისი მიცემაც მათთვის შეგვიძლია“.