„ბრიტანეთის ავიახაზები“ საკუთარი კაპიტალის გასაზრდელად ხელოვნების ნიმუშებს აუქციონზე გაიტანს. აღნიშნულ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანია თანამშრომელთა შესაძლო გათავისუფლებისთვისაც ემზადება. გლობალურმა პანდემიამ ავიაკომპანიები ფინანსური გამოწვევის წინაშე დააყენა. სწორედ ამ სირთულის დაძლევის ერთ-ერთ გზად განიხილავენ კომპანიის მფლობელობაში არსებული კოლექციის გაყიდვას.
„ბრიტანეთის ავიახაზები“, სულ მცირე, ათი ნიმუშის გაყიდვას გეგმავს, რომელთაგან ნაწილის ღირებულება მილიონ ფუნტ სტერლინგს აღემატება. კოლექცია მოიცავს ბრიტანელი ხელოვანების ნამუშევრებს, მათ შორისაა დემიენ ჰერსტის, პიტერ დოიგის, ანიშ კაპურის, კრის ოფილის და ტრეისი ემენის ნამუშევრები. ხელოვნების ნიმუშები ამჟამად კომპანიის მთავარ და აღმასრულებელ ოფისებშია გადანაწილებული.
ბრიტანული ავიახაზების ადმინისტრაციას დაგეგმილი გაყიდვების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. მათი თქმით, გლობალური კრიზისისა და ავიახაზების სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, რაც შეიძლება მეტი თანამშრომლის შენარჩუნებას ცდილობენ.
IAG, ავიახაზების მფლობელი ჯგუფი ამბობს, რომ ის დღეში დაახლოებით 30 მილიონ ევროს კარგავს. ბრიტანეთის ავიახაზების დასაქმებულთა დამცველი სამი პროფკავშირიდან ერთ-ერთის მტკიცებით, მაშინ, როცა ორგანიზაცია აცხადებს, რომ ფინანსურ სირთულეებს განიცდის, მისი მშობელი კომპანია IAG მილიარდ ევროდ Air Europa-ს შეძენას აპირებს.