გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის სამსახურმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დალისტულ ბრიტანულ კომპანიებში საბჭოს მინიმუმ 40% ქალებით უნდა დაკომპლექტდეს. გარდა ამისა, ფირმას სულ მცირე ერთი ფერადკანიანი დირექტორი უნდა ჰყავდეს.
ქვეყნის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს, FCA-ის თქმით, კომპანიაში მინიმუმ ერთ მაღალ თანამდებობას, მათ შორის თავმჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორის ან ფინანსური დირექტორის პოსტს, ქალი უნდა იკავებდეს. FCA-მ ასევე აღნიშნა, რომ ფირმებს ყოველწლიური ანგარიშების მომზადება მოუწევთ, სადაც საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ როგორ იცავენ ისინი ახალ წესებს.
მიმდინარე წლის თებერვალში მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა FTSE Women Leaders Review-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქალების წარმომადგენლობა ბრიტანეთის 100 საუკეთესო კომპანიის საბჭოში 39,1%-ს შეადგენდა. მიზანი 2025 წლისთვის ამ მაჩვენებლის 40%-მდე გაზრდაა ქვეყნის ტოპ 350 კომპანიაში.
მარტში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის წამყვანი კომპანიების უმრავლესობის საბჭოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მინიმუმ ერთი წევრია.
FCA-ს ახალი მოთხოვნები ფინანსური აღრიცხვის პერიოდებზე გავრცელდება, დაწყებული 2022 წლის 1-ელი აპრილიდან, ანგარიშები კი მომავალი წლის დასაწყისიდან გამოქვეყნდება. ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, ისინი ახალი წესების ეფექტიანობასა და მათ მიზნებთან შესაბამისობას სამი წლის განმავლობაში დააკვირდებიან.