ევროკავშირის განცხადებით, ბრიტანეთთან არ შეწყდება სავაჭრო მოლაპარაკებები, მიუხედავად იმისა, ბორის ჯონსონის მთავრობა დაარღვევს თუ არა საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
ბრექსიტის შემდგომ, ბრიტანეთმა დადო შეთანხმება, რომ საზღვარი გაივლებოდა არა მიწაზე, არამედ ირლანდიის ზღვაში, თუმცა, ბევრი დეტალი გაურკვეველი დარჩა. გეგმა, რომელიც ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის გასული წლის ოქტომბერში შემუშავდა, ჩრდილოეთ ირლანდიას ბრიტანეთის საბაჟო წესდების გავლენის სფეროდ მიიჩნევს და, ამავე დროს, რჩება ევროკავშირის ტარიფები და გადასახადები საქონელზე. უფრო მეტიც, ჩრდილოეთ ირლანდიამ უნდა გაითვალისწინოს და დაემორჩილოს იმ რეგულაციებს, რომელიც ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მოქმედებს.
ბრიტანეთმა, ახალი გეგმით, შეცვალა პოზიცია, რომელიც მინისტრებს უფლებას აძლევს, უგულებელყონ არსებული შეთანხმება და თავად გადაწყვიტონ, ბრიტანეთიდან ირლანდიაში გასული საქონელი როგორ დაიბეგროს. ბრიტანეთის მთავრობა აღიარებს, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ამასთან, ევროკავშირის ლიდერები უკმაყოფილებას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ ეს ქმედება ძირს უთხრის ნდობას.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრიტანეთის ამ გეგმას და თანდათან ჯონსონის მთავრობის ნდობას კარგავს, მაინც ცდილობს მიაღწიოს სავაჭრო შეთანხმებას. ასევე, ბრიტანული მხარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი, სახელმწიფო იმედოვნებს შეთანხმების მიღწევას.
ინტენსიური მოლაპარაკებები სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად ორ მხარეს შორის ორშაბათს, 28 სექტემბერს დაიწყო და გასტანს რამდენიმე კვირა. ბრიტანეთის მთავრობის აღიარება, რომ შიდა საბაზრო წესდება (the Internal Market Bill) არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მოლაპარაკების პროცესს გაურკვეველს ხდის.
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ შიდა საბაზრო წესდება უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს ბრექსიტის შემდგომ. წესდების თანახმად, ბრიტანეთის მინისტრებს აქვთ უფლება:
- არ აღიარონ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის მოძრავი ტვირთის საბუთები;
- ცალმხრივად განსაზღვრონ ჩრდილოეთ ირლანდიაში შემავალ რომელ ტვირთის რა გადასახადი დაეკისრება, თუ წლის ბოლომდე არ გაფორმდება ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება;
- გააუქმონ ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლში გათვალისწინებული ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების (EU state aid) წესები.