დიპლომატია, როგორც შანსი – ინტერვიუ თინათინ ბრეგვაძესთან

თინათინ ბრეგვაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია. საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის წარმატების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად ძლიერ დიპლომატიურ კორპუსს მიიჩნევს. ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ურთულესი გამოწვევების გადასაჭრელად გადამწყვეტია პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მხარდაჭერა. ამიტომ ადგილობრივი დიპლომატიური ინსტიტუტისა და სხვა სასწავლებლების განვითარებას მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილავს.

პროფესია ვისი ან რისი გავლენით აირჩიეთ?

არჩევანი დიდი არ იყო და იქიდან გამომდინარე დავფიქრდი, რაც უკეთ გამომდიოდა. ისტორია, გეოგრაფია მიყვარდა, ენებს ვსწავლობდი ადვილად. ამიტომ საზღვარგარეთის ქვეყნების სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია ავირჩიე, მიმართულებად კი ‒ ტურიზმი. შემდეგ „ჯიპაში“ სახელმწიფო მმართველობის მიმართულებით გავიარე მეორე მაგისტრატურა. სკოლის დამთავრების დღიდან ვმუშაობდი. მიყვარს მუშაობა, მიყვარს, როცა არაფრიდან რაღაც შემიძლია გავაკეთო, ან არსებულიდან უკეთესი შევქმნა. ამისგან ძალიან დიდ სტიმულსა და მოტივაციას ვიღებ. 19 წლის ვიყავი, როცა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. დაუვიწყარი გამოცდილება იყო ჩემთვის. დიდი ყუთით დღემდე მაქვს შენახული მოსწავლეების მოწერილი უსაყვარლესი წერილები.

სკოლის შემდეგ სად გააგრძელეთ მუშაობა?

„ჯიპა“ რომ დავამთავრე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ დავიწყე მუშაობა. მარკ მალენი იყო ჩემი ხელმძღვანელი, მის პირად ასისტენტად ვმუშაობდი. მას შემდეგ ბევრი უფროსი მყოლია, მაგრამ თუ შემიძლია ვთქვა, რომ რამე გამომდის, თუ საქმისადმი მეტ-ნაკლებად სწორი მიდგომა მაქვს, დიდწილად ამ კაცის დამსახურებაა. დღემდე ვმეგობრობთ, ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანია, ვისაც ვიცნობ, თუმცა მაშინ, როცა მასთან ვმუშაობდი, ზუსტად ისეთი უფროსი იყო, მერილ სტრიპი რომაა ფილმში „ეშმაკი ატარებს პრადას.“ პირველი დღიდან მეუბნებოდა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც შენზე უკეთესად გააკეთებს საქმეს, ამიტომ თუ ძალიან არ მოინდომებ, გაგაგდებ, მიყვარს ადამიანების გათავისუფლებაო. მას ჰქონდა ასეთი მიდგომა ‒ თუ კარს დაგიკეტავენ, შედი ფანჯრიდან; იფიქრე სტანდარტებს გარეთ, მოიაზრე როგორ შეიძლება რაღაც საქმისთვის შენი პირადი კონტაქტები გამოიყენო; რომ უკან არ უნდა დაიხიო, თუ პირველ ცდაზე რაღაც არ გამოგივა ან ვინმემ უარი გითხრა. ის, რომ ვიღაცას მისწერე და მან არ გიპასუხა, არგუმენტად საერთოდ არც განიხილება. დაურეკე, მიდი, მის ნაცნობს შეეხმიანე და ისე მოაგვარე. რატომ უნდა გაკეთდეს რაღაც ნელა, როცა შეიძლება გაკეთდეს ჩქარა. მარკთან მუშაობამ ძალიან ბევრი უნარი შემძინა გარემოსთან ადაპტირების, გარკვეული მიზნების აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მეთოდებით მიღწევის თვალსაზრისით.

დღეს, როცა თვითონ გიხდებათ სხვების ხელმძღვანელობა, როგორი უფროსი ხართ?

დღეს მეც ნერვები მეშლება, როცა ვიცი, რომ რაღაც შეიძლება გაკეთდეს ჩქარა და სრულიად უაზრო მიზეზის გამო იწელება. თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც დღეს მიწევს მუშაობა, ყველანაირად ვცდილობ ხელი შევუწყო, გავითვალისწინო სხვადასხვა სუბიექტური ფაქტორი, არ დავუწესო მათ ზღვარგადასული დისციპლინა, რომელიც ძალიან დამღლელია და სერიოზული დემოტივატორია, ჩემი აზრით. თუმცა მივწერე და არ მიპასუხა, არგუმენტი მაინც არ არის. სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ისეთ იდეალურ გარემოში, სადაც სამუშაო კულტურა სათანადოდ მაღალია. ვიღაცამ შეიძლება, უბრალოდ, დროულად არ გახსნას მეილი და ამის გამო საქმე გაფუჭდეს.

რას მოიცავს იმ ინსტიტუტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობთ?

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ია. ეს საგანმანათლებლო კომპონენტი სამინისტროში ყოველთვის არსებოდა, მაგრამ სხვადასხვა ფორმით. 2012 წლიდან შეიქმნა ახალი სსიპ, რომელსაც ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი ერქვა და მის
ძირითად ფოკუსს დიპლომატების გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენდა. 2018 წელს ამ ერთეულში რეფორმა განხორციელდა, მას ანალიტიკური კომპონენტი დაემატა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი დაერქვა. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება ძალიან სწორი და სასარგებლო იყო. დიპლომატები, რომლებიც მთელი ცხოვრება, 25-30 წლის განმავლობაში ამ სამსახურში, უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე, ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყანაში
ელჩებად არიან ნამუშევარი, გარკვეულ ეტაპზე საქართველოში ბრუნდებიან და მათი გამოცდილება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაიკარგოს. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილეები და უზარმაზარი ინსტიტუციური მეხსიერების მატარებლები არიან. 8 ყოფილი ელჩი დღეს ჩვენს ინსტიტუტში როგორც ანალიტიკური, ისე სასწავლო მიმართულებით მუშაობს. ანალიტიკური მიმართულების ნაწილია ის, რომ დიპლომატები შეისწავლიან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, რაც მსოფლიოში ხდება და აანალიზებენ, სად დგას საქართველო ამ მოვლენის კონტექსტში გრძელ ან მოკლევადიან პერსპექტივაში. ვფიქრობთ, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ქვეყნისთვის აუცილებელი და საკვანძო მნიშვნელობისაა ის, რომ პროფესიული დისკუსია არსებობდეს და საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ცნობიერების ამაღლება მოხდეს. ამიტომ ჩვენი მუშაობის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. შესაბამისად, ელჩები სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობაშიც არიან ჩართული და ძალიან საჭირო პროექტებს ახორციელებენ. მაგალითად, შემიძლია დავასახელო პროექტი ტურისტული გიდებისთვის. ერთი შეხედვით, სად გიდები, სად დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა, მაგრამ რეალურად ეს გიდები არიან საქართველოში ჩამოსული უცხოელების უშუალო მასპინძლები. ჩვენი უცხოელი სტუმრები უამრავ კითხვას სვამენ, ამიტომ სწორ პასუხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, იმის ილუზია არ მაქვს, რომ 20 ათას გიდს ან მთელ საზოგადოებას ერთ ენაზე ავალაპარაკებთ ან ყველას იდენტური გზავნილი ექნება, თუმცა ჩვენი ქვეყნის წინაზე არსებული გამოწვევებიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე საქართველოს საგარო პოლიტიკის სტრატეგიული საკითხების შესახებ აკურატულ ინფორმაცის ფლობდეს და ავრცელებდეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. დიპლომატიას ამ კუთხიდანაც შევხედეთ და მუშაობის შესაბამისი სტრატეგია ავირჩიეთ. ჩვენ ძალიან გვჭირდება დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნების ჯგუფში ვიყოთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, ასევე საქართველოს, მისი ისტორიული და კულტურული გამოცდილებით, დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიპლომატიური სამსახურის გაძლიერება, ამაში ინვესტიციის ჩადება პრიორიტეტული უნდა იყოს.

საინტერესოა დიპლომატიური ცხოვრების ნიუანსები, რის შესახებაც შორიდან მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

რაზეც გული ძალიან მწყდება ხოლმე, ისაა, რომ არც მე მქონდა სიღრმისეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები საზღვარგარეთ. როგორც წესი, ძალიან მცდარი წარმოდგენა გვაქვს ამ პროფესიის შესახებ. დიპლომატებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ მუშაობა იმ თვალსაზრისით, რომ არის საელჩოები, სადაც მხოლოდ სამი-ოთხი ადამიანი მუშაობს და 50 კაცის საქმეს აკეთებს. თან მუშაობა გიწევს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ საკითხებზე. დიდი შრომა და მოტივაციაა საჭირო ამ სფეროში მუშაობისთვის. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, როცა მესმის, მაგალითად, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გაქრა და მსგავსი. ჯერ ერთი, სიმართლეს არ შეესაბამება და მეორე ‒ ეს ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღედაღამე შრომობენ ამ სფეროში. ბევრი წარმატებული პროექტი ისე ხორციელდება, რომ არც კი ვიცით, ვინ დგას მათ უკან და რა არაადამიანური შრომაა იმ კონკრეტულ საქმეში ჩადებული.

რაში ხედავთ ქალების ძალას?

ჩემთვის ადამიანი აბსოლუტური კატეგორიაა და მისი გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა სქესის ან რაიმე სხვა ნიშნით, ამ აბსოლუტურის გაგებას არღვევს. ნამდვილად არასდროს შემიხედავს საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული, განსხვავებული პერსპექტივით მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ. ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში ყოფილა შემთხვევა, რომ უპირატეს სიტუაციაში აღმოვჩენილვარ საპირისპირო სქესთან შედარებით ან, პირიქით, ის ყოფილა უპირატეს პოზიციაში და ეს არ მომხდარა იმიტომ, რომ ჩვენ შორის სქესშია სხვაობა. ოჯახურ კონტექსტშიც ანალოგიურად. მე რომ ვთქვა, რომ ჩემი ყოველდღიურობა უფრო რთული და მძიმეა, ვიდრე ჩემი მეუღლის, მოვიტყუები. როგორც მე მოვდივარ სამსახურიდან სახლში და დროს ჩვენს შვილებთან ვატარებ, ზუსტად იმავენაირად ცხოვრობს ისიც. არ გვაქვს სიტყვიერი შეთანხმება, ვინ რას გააკეთებს. ზოგადად, ოჯახს რაც შეეხება, მგონია, რომ ის ყველაზე ბუნებრივი სოციალური სტრუქტურაა და თუ ეს ერთობა გულახდილობის პრინციპებს ეყრდნობა, უმტკივნეულოდ ხდება ყველანაირი გადანაწილებაც და კომპრომისიც.

ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო