დაარღვიეთ წესები, რომლებიც თქვენი შექმნილი არ არის

Image via Shutterstock

Madonna-ს ძველი ჰიტი, Human Nature არაერთხელ მომისმენია, მაგრამ, ერთ დღეს, ამ სიმღერაში ნათქვამი სიტყვები, “I’m breakin’ all the rules I didn’t make” [„მე ვარღვევ ყველა წესს, რომელიც ჩემი შექმნილი არ არის“], სულ სხვანაირად გავიგე.

გამახსენდა მადონას ბიოგრაფია, თავისი ტრაგიკული და წარმატებული მომენტებით და მისი სიტყვით გამოსვლა Billboard-ის 2016 წლის დაჯილდოვების ცერემონიაზე, როდესაც მას წლის ქალის ჯილდო გადასცეს გავიფიქრე, მართლაც, რა ძლიერი ქალია მადონა. მან ნამდვილად დაარღვია წესები, რომელსაც საზოგადოება უდგენდა და მას არ შეუქმნია. ეს სიტყვები გახდა ინსპირაცია, რომ Forbes Woman-ში ჩემი პირველი სტატია ამ მოწოდებაზე დამეწერა.

თითქოს აქსიომაა და ვიცით, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ამას გვეუბნება საქართველოს კონსტიტუციაც. ეს სიტყვები ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ რამდენად გვესმის და გვაქვს თუ არა გაცნობიერებული მისი არსი? მოდით, ძალიან მოკლედ გავშალოთ შინაარსი:

  • ვინ არის „ადამიანი“? – ქალი ადამიანია; კაცი ადამიანია.
  • ვინ არის „ყველა ადამიანი“? – ყველა ქალი და კაცი.
  • რას ნიშნავს „თანასწორია“?- ყველა ქალი და კაცი სარგებლობს თანაბარი უფლებებით.
  • რა არის კონსტიტუცია, რომელიც ამ თანასწორობის გარანტიას გვაძლევს? – ხალხის ნება.

ე.ი. ხალხის ნებით, ყველა ადამიანი [ქალი და კაცი] თანასწორია.

მაგრამ, აქ არსებობს ძალიან დიდი მაგრამ – როგორია რეალობა ქაღალდზე დაწერილი ამ ჰარმონიული შინაარსის სიტყვების მიღმა?

რეალობა, არის ის, რომ ხშირად, ყველა ადამიანი თანასწორი არ არის და სქესის ნიშნით, ადამიანები უთანასწორო მდგომარეობაში არიან. ქალისთვის [ადამიანისთვის] დღეს ძალიან ხშირად კაცთან [ადამიანთან] თანასწორობა ქაღალდზე დაწერილი ლამაზი, არარეალიზებადი სიტყვებია.

უფრო მეტიც, საზოგადოებამ, ე.ი. იმ ხალხმა, რომელმაც კონსტიტუციაში თანასწორობის გარანტია დაადგინა, თავს მოახვია ქალებს [ადამიანებს] წესები, რომლებიც არსად წერია და კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის საწინააღმდეგოა. ისე ხდება, რომ ამ საიდანღაც მოსული სტერეოტიპებისგან სარგებელს იღებენ კაცები [ადამიანები], ქალები [ადამიანები] კი იჩაგრებიან. ბევრი ქალი [ადამიანი] იძულებულია ანგარიში გაუწიოს და დაემორჩილოს ამ თავსმოხვეულ წესებს მათივე საზიანოდ. ეს წესები, გადაზრდილი სტერეოტიპებში და ხშირად ნორმად ქცეული, სინამდვილეში არ არის ნორმა [ნორმა, როგორც მისაღები სტანდარტი და არც ნორმა, როგორც დადგენილი წესი].

მაგალითად,

  • ვინ დააწესა, რომ ბავშვის მოვლისთვის მხოლოდ ქალი უნდა იღებდეს შვებულებას (ე.წ. დეკრეტულს)? ეს მაშინ, როდესაც საქართველოს შრომის კოდექსით ქალსაც და კაცსაც შეუძლია ბავშვის მოვლისთვის შვებულების აღება, მაგრამ როგორც წესი, კაცები ამ უფლებას არ იყენებენ.
  • ვინ დააწესა, რომ ქალს და კაცს, ერთი და იმავე სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ განსხვავებული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს? რატომ აქვს ხოლმე ერთსა და იმავე პოზიციაზე კაცს უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე ქალს? ეს მაშინ, როდესაც სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია დაუშვებელია.
  • რატომ ხდება, რომ კარიერულ კიბეზე ქალს უფრო უჭირს ასვლა და გაცილებით დიდი დრო სჭირდება წარმატების მისაღწევად, ვიდრე კაცს? რატომ ხვდებათ ქალებს უფრო მეტი ბარიერი?
  • ვინ დაადგინა, რომ ზოგიერთი პროფესია და უნარები ქალების შესაფერისი არ არის და მხოლოდ კაცებისაა?
  • ვინ დააწესა, რომ ქალისთვის პრიორიტეტული ჯერ ოჯახი და შემდეგ კარიერა უნდა იყოს?
  • ვინ დაადგინა, რომ ქალი ცუდი მძღოლია და საჭე „მისი“ არაა?
  • საიდან მოვიდა ფრაზა, „რა გოგოსავით იქცევი“? ვინ დაადგინა როგორია გოგოების ქცევა?
Photo via Shutterstock

ამ ყველასთვის ნაცნობი სტერეოტიპული შეხედულებებისა და „წესების“ ჩამონათვალი შესაძლოა უსასრულო იყოს (დარწმუნებული ვარ, თქვენ უფრო ბევრი სტერეოტიპი და „წესი“ გაგახსენდათ ახლა).

ვინ არის ის ხალხი, რომელიც ადგენს ამ, ერთი შეხედვით, კაცებისთვის სასარგებლო და ქალებისთვის საზიანო წესებს? ერთი შეხედვით „კაცებისთვის სასარგებლო“ იმიტომ, რომ სინამდვილეში, კაცისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს, როდესაც ქალი თავისუფლად, ხელოვნური ბარიერების გარეშე ახერხებს საკუთარი თავის რეალიზაციას. დადგენილია, რომ ქალების აქტიურობა სასარგებლოა ქვეყნის განვითარებისთვის. ქალების სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ აქტიურობას მხოლოდ დადებითის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ლოგიკურია, რომ საზოგადოება და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ქალებისა და კაცების თანასწორობაზე.

და მაინც, ვინ და რატომ გადაწყვიტა, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა მოიქცეს ქალი? ვინ ადგენს განსხვავებებს ქალსა და კაცს შორის? გიფიქრიათ ამაზე? დაფიქრდით, ვინ არიან ის „ხმები“, რომლებიც გიტრიალებთ თავში და ჩაგესმით ყურში და გკარნახობენ, როგორ უნდა მოიქცეთ და რა უნდა აკეთოთ? დაფიქრებისას შეიძლება ვიზუალიზაციაც მოვიდეს და უცბად დაინახოთ, პირობითად, თქვენი მეზობელი, რომელიც თვლის, რომ თქვენთვის ჯობია, ჯერ ქმარ-შვილზე იზრუნოთ და სამსახურზე მოგვიანებით იფიქროთ, ხოლო თქვენმა ქმარმა ამასობაში კარიერა აიწყოს. ვინ არის პირობითი მეზობელი? თქვენი პიროვნება ანგარიშვალდებულია მის წინაშე? თქვენი პიროვნული, პროფესიული განვითარება, ბედნიერება მის მოსაზრებაზე უნდა იყოს დამოკიდებული? ვიზუალიზაციისას შეიძლება თქვენი ხელმძღვანელი კაციც დაინახოთ, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სამსახურეობრივ მოვალეობებს ძალიან კარგად ართმევთ თავს, წაახალისოს ან დააწინაუროს თქვენი კონკურენტი კოლეგა კაცი. ვინ არის თქვენი ხელმძღვანელი კაცი? შეიძლება, რომ ის ცნობიერად თუ ქვეცნობიერად თავის კონკურენტს ხედავდეს თქვენში და თქვენს კოლეგა კონკურენტ კაცთან ახდენდეს საკუთარ თავის იდენტიფიცირებას? ვინ დაადგინა, რომ თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ართმევთ თავს სამსახურებრივ მოვალეობებს, წინსვლის ჯანსაღი ამბიცია არ უნდა გქონდეთ?

საზოგადოების მიერ დაწესებული ეს გაუგებარი წესები აიძულებენ ქალებს იყვნენ კომპრომისულები საკუთარ შეხედულებებთან, სურვილებთან, ოცნებებთან და მიზნებთან, დაკმაყოფილდნენ უფრო ნაკლებით, ვიდრე მათ შეუძლიათ და ეკუთვნით. და, რატომ, რისთვის ან ვისთვის მიდიან ხოლმე ქალები ამ კომპრომისებზე? რატომ უნდა დაემორჩილონ ქალები სხვის მიერ დადგენილ წესებს? ყველა ადამიანი, ყველა ქალი, თავად უნდა ადგენდეს საკუთარი ცხოვრების კოდექსს და თავად განსაზღვრავდეს რისთვის, რატომ და ვისთვის აკეთოს ის, რისი კეთებაც მას, ქალს, უნდა.

საკუთარი დღის წესრიგით მოქმედება და თვითრწმენა ყველაზე დიდი მონაპოვარია, რაც ქალს შეიძლება ჰქონდეს. უსმინეთ თქვენს ფიქრებს, იმოქმედეთ თქვენი წესებით და არ წახვიდეთ კომპრომისზე საკუთარ თავთან! დაივიწყეთ ცენზურა და თვითცენზურა კარიერულ კიბეზე ასვლისას და იყავით გამბედავი! არასოდეს მოგერიდოთ ან შეგეშინდეთ გამოთქვათ თქვენი პროფესიული აზრები, იდეები, თუნდაც ეს იდეები სხვებისთვის ძალიან ირეალურად ჟღერდეს! როდესაც გჯერა საკუთარი თავის, უტოპიური იდეებიც ძალიან ხელშესახები და რეალიზებადი ხდება.

ასე რომ, დაარღვიეთ სტერეოტიპები, რომლებიც რეალურად შეზღუდვაა – იცხოვრეთ თქვენი წესებით, თქვენი ცხოვრებით!