ბრაზილიური ფეხბურთის კლუბები თავიანთ სტადიონებს ჯანდაცვის სამსახურებს გადასცემენ. აღნიშნული სივრცე საველე საავადმყოფოებისა და კლინიკების შექმნას დაეთმობა.
ამ დროისათვის ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1604-ს შეადგენს, ფატალურად კი, 25 შემთხვევა დასრულდა.
ბრაზილიის A-სერიის 20 კლუბიდან ნახევარზე მეტმა დათმო საკუთარი სტადიონი. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია ქვეყნის ორი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი – სან-პაულუ და რიო-დე-ჟანეირო. სწორედ მათ სჭირდებათ სივრცის გაფართოება კრიზისთან გასამკლავებლად.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრაზილიური სტადიონი მარაკანაც საავადმყოფოდ გადაიქცევა.
„ამ ულმობელ რეალობაში მე მინდა ჩვენს შესანიშნავ მოსახლეობას განვუახლო იმედი. მოვუაროთ მოხუცებს, დავეხმაროთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“ – ამბობს ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი, Rodolfo Landim.
ბრაზილიის უდიდეს ქალაქ სან-პაულუში კი თითოეულ სტადიონზე 200 საწოლს დაამონტაჟებენ. ბრაზილიას დიდი იმედი აქვს, რომ საჭირო დისტანციის დაცვა და ახალი სამედიცინო სივრცეების გამოყოფა ქვეყანას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დაეხმარება.