როგორ მოვარგოთ ბრენდის სტრატეგია კორონავირუსის პერიოდს

ჩვენ ისტორიული მომენტის მომსწრეები ვართ. კორონავირუსმა ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, სინამდვილე ყოველ წამს იცვლება.

არავინ იცის, როგორი იქნება სამყარო ამ მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ჩვენ ჰიპერინდივიდუალიზაციის ხანას უკან მოვიტოვებთ და დაიწყება ეპოქა, რომელშიც მნიშვნელოვანი ფასეულობები საზოგადოება და საზოგადოებრივი აზროვნება იქნება.

ასეთ უცნაურსა და დაძაბულ დროს უამრავი კომპანია საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანაზეა ორიენტირებული. მაგალითად, წინა კვირას „ფეისბუქმა“ 30 ქვეყნის მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 100 მილიონიანი პროგრამა შეიმუშავა. სხვა უამრავ ციფრულ სერვისთან ერთად, Microsoft Teams და Google Hangouts საზოგადოებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.

განურჩევლად ინდუსტრიისა, ახლა მტკიცედ დგომის, საზოგადოების კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანისა და პრობლების აღმოფხვრაში მეტი ჩართულობის დროა. მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი ბრენდები ქვეყნების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ – საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვების მიწოდებით დაწყებული, უფასო კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფით დამთავრებული. სწორედ ახლაა ის დრო, როცა სახელი საზოგადოების სამსახურში ყოფნით უნდა გაითქვათ და ამისთვის ჩარჩოებს მიღმა ფიქრია საჭირო.

მომავალში ბრენდის პოზიციონირებისთვის გადამწყვეტი იქნება კითხვა: როგორ მოვუტანოთ სარგებლობა ჩვენს საზოგადოებას?

ამ შემთხვევაში საზოგადოებრივად ფიქრი აუცილებელია. მომავალში ბრენდებმა უფრო მეტი უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ საზოგადოებრივ კეთილდღეობაში. მომხმარებლებსა და პოტენციურ კლიენტებს აინტერესებთ, თუ როგორ აუმჯობესებს საზოგადოების ცხოვრებას ის პროდუქცია, რომელსაც მათ ბრენდი სთავაზობს.

მომავალში მხოლოდ აუდიტორიაზე მორგებული რეკლამის შექმნა და კარგი იდეა საკმარისი არ იქნება. მსხვილი კორპორაციებისა და პერსონალური ბრენდების მიერ საკუთარი თავის პრეზენტაცია უკანა პლანზე გადაინაცვლებს და ამის მაგივრად კომპანიებს მოუწევთ დაეხმარონ საზოგადოებას და უპასუხონ ორ კითხვას: რისი გაკეთება შეგვიძლია საზოგადოებისთვის? რა არის ის, რაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?

როგორ უნდა იმოქმედოთ?

განსაზღვრეთ თქვენი მთავარი ღირებულებები, მისია და მიზანი.

მარტივია ისეთი იდეების მოფიქრება, რომლებიც ჩვენ წინაშე ამჟამად არსებულ პრობლემებს მოაგვარებს: ნიღბების ნაკლებობით დაწყებული, ტუალეტის ქაღალდის დისტრიბუციით დამთავრებული. თუმცა, სანამ ზემოთ ნახსენებ ორ მთავარ კითხვაზე გადახვალთ, უმჯობესია თავდაპირველად თქვენი მთავარი ღირებულებები და მისია განსაზღვროთ და დაფიქრდეთ, როგორ უნდა შეუსაბამოთ მათ თქვენ მიერ საზოგადოებისთვის გაწეული სამსახური.

თუ თქვენი კომპანიის ღირებულება ურთიერთობებია, მაშინ დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ადამიანები გააერთიანოთ. ეს შესაძლოა ლოკალური ინიციატივა იყოს, როგორიცაა ადგილობრივი ორგანიზატორებისთვის თქვენი სერვისის შეთავაზება ან ხანშიშესული ადამიანების დასახმარებლად საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერა.

თუ თქვენი მთავარი ღირებულება სწავლაა, კარგი იქნება თუ საზოგადოების განათლებისთვის აუცილებელ ხერხებზე იფიქრებთ. ამის კარგი მაგალითი მათთვის შესაბამისი ახალი ამბების მიწოდება ან უფასო ონლაინ კურსებით უზრუნველყოფაა. აგრეთვე, ასეთი ადამიანების დაკავშირება ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც მათ სწავლისათვის სხვადასხვა შესაძლებლობებს შესთავაზებენ.

გამოიკვლიეთ!

დააკვირდით და ისწავლეთ, თუ როგორ მოქმედებენ თქვენი სფეროს წარმომადგენელი სხვა კომპანიები. შემდეგ დაფიქრდით, თავად როგორ შეგიძლიათ განსხვავებული ხერხებით საკუთარი თავის წარმოჩენა.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის ის, რაც მხოლოდ თქვენ შეგვიძლია? რა უნიკალური გზები გაქვთ საზოგადოების დასახმარებლად? რომელ ისეთ რესურსებზე მიგიწვდებათ ხელი, რომლებიც სხვებს არ აქვთ? რა არის თქვენი სუპერძალა და როგორ შეგიძლიათ მისი საერთო კეთილდღეობისთვის გამოყენება?

გამოიყენეთ ე.წ. RID მეთოდი იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ იმოქმედოთ.

ე.წ. RID მეთოდი დაგეხმარებათ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში. RID იშიფრება, როგორც Relevant (რელევანტური), Impactful (ეფექტური) და Doable (განხორციელებადი). იდეა სამივე კომპონენტს უნდა აკმაყოფილებდეს.

რელევანტური: აირჩიეთ მოქმედების არეალი, რომელიც თქვენი კომპანიისა და მომხმარებლებისთვისაა რელევანტური.

ეფექტური: ეფექტურად მოქმედება რეალური და გადაუდებელი პრობლემის გადაჭრას გულისხმობს. ამჟამინდელი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ადამიანებისთვის პრიორიტეტული პირველადი საჭიროების რესურსები და პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაა.

განხორციელებადი:  და ბოლოს, რისი განხორციელების უნარი შესწევს თქვენს ბიზნესს? რისი უზრუნველყოფა შეგიძლიათ დროის მცირე მონაკვეთში? რა რესურსების გამოყოფა შეგიძლიათ თქვენი ამ პროექტისთვის?

იფიქრეთ ამბავზე, რომლის მოყოლაც გსურთ

მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულ აწმყოში ვცხოვრობთ , თავდაპირველად იმ ამბავზე იფიქრეთ, რომლის მოყოლაც გსურთ. ეს ამბავი თქვენი კომპანიის მიზნების, იდეალების, თქვენი პროდუქციისა და იმ საზოგადოებისთვის უნდა იყოს რელევანტური, რომლის ნაწილიც ხართ. გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც სასურველია გაითვალისწინოთ:

  • რა გინდათ, რომ მომხმარებლებმა ერთმანეთს თქვენ შესახებ უამბონ?
  • ვისი კეთილდღეობისთვის ზრუნავთ: ინდივიდების, საზოგადოების თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისთვის?
  • რა კავშირია თქვენ მიერ მოყოლილ ამბავსა და ბრენდის ისტორიას შორის?
  • რა გზით გსურთ ამ ამბის მოყოლა?

სამყაროს რთული დრო უდგას და ბიზნეს-ლიდერის პასუხისმგებლობაც შესაძლოა ძალიან დამღლელი იყოს. ჩართულობა და მოქმედება საზოგადოების დასახმარებლად ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა როგორც ახლა, ისე – მომავალში.

 

ავტორი: Rebecca Vogels

გამოცემა: Forbes

თარგმანი: თამარი კიზივაძე