ბოტიჩელის ნახატი აუქციონზე გაიყიდება

სანდრო ბოტიჩელის, რენესანსის პერიოდის მხატვრის, ნახატი 2021 წლის იანვარში Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება. ,,ახალგაზრდა ბიჭი მედალიონით“ მეთხუთმეტე საუკუნის მდიდარი თავადის პორტრეტია.

Photo Credits to Julian Cassady Photography/c/o Sotheby’s

კოლექციონერებს აქვთ იშვიათი შესაძლებლობა შეიძინონ ,,ვენერას დაბადებისა“ და ,,გაზაფხულის“ (პრიმავერას) ავტორის ნამუშევარი. ის ფაქტი, რომ ბოტიჩელის მხოლოდ თორმეტი პორტრეტია ჩვენამდე მოღწეული, კიდევ უფრო ზრდის ნახატის ფასს.

აუქციონის ორგანიზატორების აზრით, 80 მილიონ დოლარად შეფასებული პორტრეტის ღირებულება, პანდემიის მიუხედავად, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს და Sotheby’s-ის აუქციონის სახლის რეკორდს გააუმჯობესებს. ამჟამინდელმა მფლობელმა ნახატი 1982 წელს 810,000 ფუნტად (დღევანდელი ღირებულებით მილიონ დოლარზე მეტად) შეიძინა.

ექსპერტთა აზრით, ახალგაზრდა ბიჭი მეთხუთმეტე საუკუნის სილამაზის ეტალონია, ხოლო მისი ხვეული, შუაში გაყოფილი თმა კი რენესანსის მოდის უმაღლესი სტანდარტი. სხეულის მოვარდისფრო შეფერილობა მიგვანიშნებს, რომ ნახატზე გამოსახული ადამიანი მაღალი კლასის წარმომადგენელია. ახალგაზრდის ვინაობა უცნობია, ამიტომ წმინდანი მედალიონზე ჯერ კიდევ ამოუხსნელ მინიშნებად რჩება. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცი ჯოვანი დე მედიჩია, ლორენცოს, ბოტიჩელის პარტნიორის ძმა. ზოგი მკვლევარი კი მიიჩნევს, რომ ბიჭს რეალური ვინაობა შეიძლება არც კი ჰქონდეს, უბრალოდ მხატვარს განზრახ სურდა გამოეკვეთა ასაკობრივი სხვაობა ჭაღარა ანგელოზსა და ოქროსფერთმიან ყმაწვილს შორის.

ბოლო 50 წლის განმავლობაში, ნახატი დროებით გამოიფინა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, ლონდონის ნაციონალურ და ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეებში.

აუქციონის სახლის ძველი ნამუშევრების კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელის – კრისტოფერ აპოსტლის განმარტებით, „ვერც ერთი სხვა ნახატი ისე ძლიერ ვერ წარმოაჩენს რენესანსულ ფლორენციას, როგორც ბოტიჩელის ..ახალგაზრდა ბიჭი მედალიონით“. მისი აზრით, ბიჭის სინატიფე, სილამაზე და ადამიანური სიქველე – ის მახასიათებლებია, რომლებიც ფლორენციულ რენესანსს განსაზღვრავს.