ბოტსვანაში 350-ზე მეტი სპილო მკვდარი იპოვეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში ბოტსვანაში სპილოები უცნობი მიზეზით იხოცებიან.

Photo via Guardian

სპილოების სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი სიკვდილი შესაძლოა მოწამვლას ან უცნობ პათოგენს გამოეწვია. თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებიდან რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

უცნაურია ისიც, თუ რა ვითარებაში კვდებიან სპილოები. ზოგიერთი მათგანი სახით მიწისკენაა დაცემული. თვითმხილველების თქმით, სპილოები სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წრეებზე დადიოდნენ. მეცნიერები ასეთ ვითარებაში სიკვდილს ნერვულ სისტემას უკავშირებენ.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით ასობით სპილოს სიკვდილი შესაძლოა Covid-19-ს გამოეწვია. თუმცა ოფიციალური პირების განცხადებით, რა დაავადებაც არ უნდა იწვევდეს ამას, საჭიროა მიზეზის სწრაფი გამოვლენა, რათა დაავადება ადამიანებზე არ გავრცელდეს.

ბოტსვანაში აფრიკის სპილოების მესამედი ცხოვრობს, რომელთა რიცხვიც ყოველწლიურად კლებულობს.