მხატვრების ოჯახში გაზრდილი ანკა თვითონაც ბავშვობიდან ხატავდა. არც პროფესიულ არჩევანზე უფიქრია ბევრი – სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც მალევე მიატოვა და ხატვა სახლში განაგრძო.
ძირითადად, გრაფიკაზე მუშაობს. ამბობს, რომ არასდროს უძებნია კონკრეტული ჟანრი, სტილი, ტექნიკა. არც პერსონაჟები და სიუჟეტები. ამიტომ არც წინასწარი მონახაზი აქვს. მისი თქმით, ნახატები თავისით იხატებიან და სიზმრებს ჰგვანან.
ანკას ნახატების უცნობი სამყარო რეალობისა და ზღაპრის მიჯნაზეა.
ცოტა ხნის წინ გალერეა 4710-ში ანკა ბოჭორიშვილის პირველი სოლო შოუ, სახელწოდებით „ზიანისგან დაცული“ გაიმართა, სადაც ანკას გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ავტორის პირველი ქანდაკება და ტექსტილი.
ანკა, რა ასაკში დაიწყეთ ხატვა?
ღრმა ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა პროფესიულად არ მისწავლია იქამდე, სანამ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას გადავწყვეტდი. იმ პერიოდში ერთ წელიწადს ვემზადებოდი ტრადიციული ნატურმორტის ხატვაში. შეიძლება ითქვას, არ მიყვარდა ხატვის გაკვეთილები და ამან თავიდანვე გულგრილად განმაწყო აკადემიის მიმართ.
ვინ იყვნენ თქვენი პირველი შემფასებლები? დღეს რამდენად მნიშვნელოვანია შეფასება, სხვისი აზრი?
პირველი და დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებლები არიან ჩემი მშობლები. თამამი არ ვარ და ვცდილობ, ცოტათი მეტად თავდაჯერებული მაინც ვიყო. ამდენად, კონკრეტული ადამიანების შეფასებას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა და აქვს მნიშვნელობა.
როგორია თქვენი სამუშაო პროცესი? რა გჭირდებათ მუშაობისთვის?
ჩემი სამუშაო პროცესი საკმაოდ ქაოტურია იმის მერე, რაც შვილი მყავს. ადრე მეტ მნიშვნელობას ვანიჭებდი გარემოსა და სიმშვიდეს, რაც ახლა აღარ გამომდის, ამიტომ შემიძლია თითქმის ნებისმიერ სიტუაციას მოვერგო.
აქვს თუ არა მნიშვნელობა განწყობას? თუ სამუშაო პროცესი ყველა შემთხვევაში სისტემატურია?
არა, პროცესი არ არის ყველა შემთხვევაში სისტემატური, თუმცა ვცდილობ, საკუთარი განწყობა ვმართო. ხატვა ხშირად მიწევს, რადგან ეს ჩემი მთავარი საქმიანობაა.
რა მოიტანა, რა შეცვალა ხატვამ თქვენს ცხოვრებაში?
სხვანაირად არ მიცხოვრია, ამდენად, არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ხატვის გარეშე. შესაბამისად, არც ის ვიცი, რა შეცვალა ხატვამ.
რა გაძლევთ შთაგონებას? შესაძლებელია ამ შთაგონების ხელოვნურად „გამოწვევა“, მაგალითად, ფილმით, წიგნით, მოგზაურობით ან ადამიანებთან ურთიერთობით? თუ თქვენგან სრულიად დამოუკიდებელია ეს პროცესი?
უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს და არც მაქვს ამის საშუალება. ცხადია, ამასთან შეჩვევაც შეიძლება, მაგრამ ყოველთვის ცუდად მოქმედებს ჩემზე. ამიტომ მთავარი შთაგონება არის ის, რომ მაქვს სურვილი სულ ვაკეთო რაღაც შემდეგი. ფილმი, წიგნი და რაღაცების მიგნება თუ აღმოჩენა შთაგონების დამატებითი წყაროა.
რა განსაზღვრავს თქვენი ნამუშევრების თემატიკას?
ნამუშევრების თემატიკა დიდი ხანია, ერთი და იგივეა. ძირითადად, სიმშვიდისა და უსაფრთხოების გრძნობის ილუსტრაციაა. ნახატების შინაარსს, ალბათ, ის გარემო განსაზღვრავს, რომელშიც ვცხოვრობთ. თითქმის ერთნაირად მოქმედებს ცუდი და დადებითი მოვლენებიც.
ნახატებს ასათაურებთ?
არა, თითქმის არასდროს ვასათაურებ.
რა გრძნობა გაქვთ, როცა ნახატს ამთავრებთ?
დასრულებული ნახატი ხშირად მგვრის სიხარულს და მაშინვე მინდება დავიწყო შემდეგი.
განასხვავებთ დიდი და პატარა ზომის ნამუშევრებს? არ ვგულისხმობ ზომის მიხედვით მათი მნიშვნელობის ან ამ კრიტერიუმით ნახატის მიმართ თქვენს ემოციურ დამოკიდებულებას. სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, რა თავისებურებები, რა სირთულეები და უპირატესობები აქვს დიდი და პატარა ზომის ტილოს?
ტექნიკურ სირთულეებზე არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ პატარა ნახატებთან ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს. დიდ ტილოებზე ხატვა ნაკლებად მიყვარს,თუმცა მიყვარს სხვადასხვა მოზრდილ მასალაზე გრაფიკული ნამუშევრების შესრულება.
თბილისიდან საცხოვრებლად წასვლა თუ გიფიქრიათ? ან თუ წასულხართ ოდესმე?
არასდროს წავსულვარ, თუმცა სხვაგან ცხოვრებაზე, რა თქმა უნდა მიფიქრია, მაგრამ, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა. დიდი ოჯახი და ბევრი მეგობარი მყავს, რომლებთანაც მჭიდრო კავშირი მაქვს. საქართველოში ვითარება, ვფიქრობ, სამწუხარო და თითქმის უიმედოა და ბევრი ადამიანის დატოვება გამიჭირდებოდა.
თბილისის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია? როგორ აღიქვამთ ამ ქალაქს როგორც მხატვარი და როგორც უბრალოდ ამ ქალაქში მცხოვრები?
თბილისი მიყვარს, თუმცა მთელი წელი ველოდები ხოლმე, როდის გავაღწევ აქედან. რომ ვუყურებ, ძირითადად, გული მწყდება. ჩემთვის როგორც ადამიანისთვის და, აქედან გამომდინარე, მხატვრისთვისაც თბილისი სევდიანი და დასანანია. სულ მეშინია, რომ არაფერი აღარ დარჩება იქიდან, რაც უნდა იყოს.
საყვარელი სეზონი თუ გაქვთ?
ყველა სეზონი მიყვარს, მაგრამ მაინც სულ ზაფხულს ველოდები.
პანდემიის პერიოდი როგორ აისახა თქვენს ცხოვრებაზეც და შემოქმედებაზეც?
პანდემიის პერიოდმა მგონია, რომ დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რამ თავიდან და სხვანაირად გავიაზრე. გამიჭირდა და შემეშინდა, მაგრამ ამ უცნაურმა გრძნობებმა და შიშმა ახალი ტალღა წამოიღო შემოქმედებითობის მხრივ.
მალევე გაიყიდა თქვენი პირველი ნახატი? ზოგადად, გიჭირთ ნამუშევრებთან განშორება?
ჩემი პირველი ნამუშევარი გაიყიდა, ალბათ, როცა 15-16 წლის ვიყავი. ასე, რომ, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მალევე. დასაწყისში მიჭირდა ნახატებთან განშორება, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გრძნობაა, როცა სხვა ადამიანი აფასებს და იყვარებს შენს შემოქმედებას. და რომ შენი ნამუშევარი სრულიად უცხო ადამიანის ცხოვრების ნაწილი ხდება.
თქვენი გამოფენების შესახებაც მოგვიყევით. რა გრძნობა გაქვთ ამ დროს – არის დაგროვილი ნამუშევრების სხვისთვის შესაფასებლად გამოტანა გარკვეული ეტაპის შეჯამება თუ ასე არ აღიქვამთ?
გამოფენების კეთება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროცესია. ნამუშევრების შეგროვებას, როგორც წესი, ვერ ვახერხებ. ამიტომ დაგეგმილი გამოფენისთვის, ძირითადად, სპეციალურად ვემზადები. ნახატების სხვისთვის შესაფასებლად გამოტანა გარკვეული ეტაპის შეჯამება გამოდის. მნახველის გარეშეც ბევრი ნამუშევრის ერთ ახალ სივრცეში მოთავსება და გადახედვა ყოველთვის რაღაც ახალს მეუბნება, ბევრ რამეს თავიდან და ახლებურად მანახებს.
თქვენ იმუშავეთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „იას“ ილუსტრაციებზე. როგორი გამოცდილება იყო წიგნზე მუშაობა? სხვა დროს თუ გიმუშავიათ ამ მიმართულებით?
ვაჟა-ფშაველას მოთხრობაზე მუშაობა ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის. იქამდე ერთხელ ვიმუშავე წიგნზე, თუმცა ჩემი მხრიდან ნაკლები ჩართულობით. ვაჟა-ფშაველას ტექსტები განსაკუთრებით მიყვარს და რაღაცით ვაკავშირებ ჩემს შემოქმედებასთან. მეორე წიგნი – „შვლის ნუკრის ნაამბობიც“ დაიბეჭდა ჩემი ილუსტრაციებით. ორივეჯერ ძალიან ვისიამოვნე პროცესით, მაგრამ, ამავდროულად, ეს ტექსტები დიდ პასუხისმგებლობასაც გაგრძნობინებს – იმდენად მდიდარი და ფაქიზია, თითქოს არც სჭირდება ილუსტრირება. წიგნებზე მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ჩემი ნახატებიც, მგონია, რომ რაღაც ამბისთვის შექმნილ ილუსტრაციებს ჰგავს.
თქვენ მულტიმედია არტისტი ხართ. არის რომელიმე მედიუმი უფრო მეტად ახლოს თქვენთან? უფრო კომფორტული და ორგანული სამუშაოდ?
ხატვა მაინც ყველაზე ახლოსაა ჩემთან, მაგრამ მიყვარს ძერწვაც. ახალი და უცნაური შეგრძნებაა. ბოლო გამოფენისთვის პირველად ვცადე ქანდაკებაზე მუშაობა. შემიყვარდა და მინდა ამ პროცესს მომავალში მეტად ჩავუღრმავდე.
ბოლო გამოფენა ახსენეთ, უფრო ზუსტად, პირველი სოლო შოუ, რომელსაც „ზიანისგან დაცული“ ერქვა. რა პერიოდის ნამუშევრები გააერთიანა ამ გამოფენამ?
ამ გამოფენისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალურად ვქმნიდი ნამუშევრებს. ვცადე რამდენიმე ახალ მედიუმში მუშაობა. გამოფენა რაღაც საკრალურის მოვლასა და დაცვაზეა. უტოპიური ლოკაციებია, რომლებიც ჩემთვის სიმშვიდისა და უსაფრთხოების ვიზუალიზაციაა. სხვა რაღაცებთან ერთად განვიცდი იმას, რომ ძვირფასი, განუმეორებელი ადგილები ასე სწრაფად და რადიკალურად იცვლება და იკარგება. ბაღები, შენობების ფრაგმენტები და ძველი ნივთები ამის სიმბოლოა. ნახატები დაცლილია იმ შიშებისა და პრობლემებისგან, რომლებიც რეალურად გვაწუხებს, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ სიუჟეტებს ცოტა რამ აკავშირებს სინამდვილესთან, ჩემთვის რეალური და ცხოვრებისეული, უარყოფითი განცდების უკუჩვენებაა.
მომავალზე ფიქრობთ? როგორ, სად ხედავთ თქვენს მომავალს?
არ ვიცი როგორ ვხედავ ჩემს თავს მომავალში. არ მინდა, რომ საქართველოდან საცხოვრებლად წასვლა მომიწიოს. მინდა აქ ვგრძნობდე თავს მშვიდად. მინდა, რომ ბაღიან სახლში ვცხოვრობდე და ვაგრძელებდე ჩემს საქმიანობას.
ნინი დარჩია
გალერეა 4710-ის თანადამფუძნებელი
ანკა ბოჭორიშვილის სოლო შოუს – „ზიანისგან დაცული“ – კურატორი
„ანკა ბოჭორიშვილის პირველი სოლო შოუ „ზიანისგან დაცული“ გალერეა 4710-ში 24 დეკემბერს გაიხსნა. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში შეეძლო. ანკას მნახველი დიდი ხანია იცნობს. მისი შემოქმედება უყვართ – ანკასთვის დამახასიათებელი ილუსტრაციის ტიპის ნამუშევრებით, სადაც ავტორი ჯადოსნურ სამყაროს და ამ სამყაროს ბინადრებს ქმნის. ჯადოსნური სამყაროს ძირითად თემატიკას კი ზღაპრული ბაღები, მისი მცველები, მწერები, ყვავილები და კრისტალები წარმოადგენენ.
ანკა ბოჭორიშვილის სოლო შოუს მოწყობისას კურატორების – ჩემი და ანა გაბელაიას – მთავარი მიზანი იყო, აგვეწყო ისეთი ექსპოზიცია, რომ გალერეაში მოსულ დამთვალიერებელს სწორედ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის განცდა ჰქონოდა. ეს იყო იმის მიზეზი, რომ ამ გამოფენაზე ყველას ვეპატიჟებოდით ბავშვებთან ერთად. ერთი თვის განმავლობაში გამოფენას ძალიან ბევრი ბავშვი ესტუმრა.
მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე ანკას წარმოდგენილი ჰქონდა სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის, ტექსტილი და ქანდაკება, რაც ამ მიმართულებით მისი პირველი მცდელობებია.
გალერეა 4710 ახალგაზრდა ხელოვანებთან მუშაობს. ჩვენი მთავარი მიზანი მათი აღმოჩენაა. გალერეის სივრცე ხშირად ეთმობა არტისტების სოლო შუებს. როგორც წესი, ისინი ამ ტიპის შოუებს პირველად ჩვენთან აკეთებენ. ამას გარდა, გალერეა 4710 მასპინძლობს ჯგუფური გამოფენების სერიებსაც, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები იფინებიან ისეთ ავტორებთან ერთად, როგორებიც არიან: ნათელა იანქოშვილი, თეა გვეტაძე, თამუნა სირბილაძე და ა.შ.“.