
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ბრიტანული თეატრალური და სახელოვნებო სექტორი მთავრობისგან ერთჯერადი ინვესტიციის სახით 1.57 მლრდ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. კვირების განმავლობაში სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები პროტესტით მიმართავდნენ ქვეყნის ხელისუფლებას და გარდაუვალი კულტურული კრიზისის შესახებ საუბრობდნენ. პროტესტმა შედეგი გამოიღო და რამდენიმე საათის წინ მინისტრთა კაბინეტმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც თეატრალური სექტორის ხელახალ ამოქმედებას, გამოცოცხლებასა და მის ფინანსურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
მთავრობის განცხადებით, ეს ერთჯერადი პაკეტი გაკოტრებისგან დაიცავს ქვეყნის მუზეუმებს, გალერეებს, თეატრებსა და მუსიკალურ სივრცეებს.
მთავრობის ნაბიჯით კმაყოფილი არიან როგორც თეატრის მოყვარულები, ისე, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებიც. დრამატურგმა ჯეიმს გრეჰემმა, რომელიც ყველაზე აქტიურად საუბრობდა ინვესტიციის აუცილებლობაზე, განაცხადა, რომ ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე ვინმე იოცნებებდა.
„დეტალები განხილვის პროცესშია, მაგრამ ჩემი პირველი რეაქცია აბსოლუტური შვება და მადლიერებაა“ – თქვა მან.
ბორის ჯონსონმა თავის გამოსვლაში ბრიტანული კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა პაკეტის შინაარსი და მიზნობრიობა. იგი გათვლილია როგორც ინგლისის, ისე, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და შოტლანდიის სახელოვნებო დაწესებულებებზე.
პაკეტით გათვალისწინებული თანხის უმეტესი წილი კი (1,15 მლრდ) ინგლისის კულტურული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას მოხმარდება.