Bolt Scooter | გეგმავს თუ არა კომპანია სკუტერების გაქირავებას თბილისში

Photo Credits to Bolt.eu

ესტონურმა სატრანსპორტო კომპანიამ „ბოლტი“ 6 მაისს ახალი ეკო-მეგობრული სერვისი წარადგინა. გუშინდელი დღიდან მოყოლებული ბოლტის აპლიკაციით ელექტრო-სკუტერის დაქირავება პოლონეთში, პორტუგალიაში, ლიეტუვასა და სლოვაკეთშია შესაძლებელი, კერძოდ, სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ვარშავაში, კრაკოვში, ფაროსა და ბრატისლავაში.

კომპანიის განცხადებით, ბოლტის ეკო-მეგობრული ტრანსპორტით სარგებლობა ზაფხულისთვის კიდევ 45 სხვა ქალაქში იქნება შესაძლებელი. Forbes Woman Georgia-ს კითხვაზე, იქნებოდა თუ არა თბილისი ერთ-ერთი მათგანი, კომპანიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ჯერჯერობით საქართველოს დედაქალაქში ბოლტის ელექტრო-სკუტერების გაქირავების სერვისის გაშვება დაგეგმილი არ არის.

Photo Credits to Bolt.eu

სკუტერის ტექნიკური მახასიათებლები

  • ბოლტის ახალი, საკუთარი დიზაინით დამზადებული სკუტერის წონა 17 კილოგრამია.
  • სკუტერის კორპუსის 90% დამზადებულია ალუმინისგან და გადამუშავებადია.
  • სკუტერს გასაბერი ბორბლები აქვს, რაც უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას, უფრო რბილ გადაადგილებას და ამასთან, ბევრად უსაფრთხოა.
  • ერთი სრული დამუხტვით სკუტერს შეუძლია 40 კილომეტრის გავლა.
  • მაქსიმალური სიჩქარე, რაც სკუტერს შეუძლია განავითაროს, 25 კმ/საათს უტოლდება.
  • სკუტერს აქვს „დამწყების რეჟიმი“, რომლის დროსაც, აპლიკაცია მაქსიმალურ სიჩქარეს ზღუდავს 15 კმ/სთ-მდე.