ნინო ბოლქვაძე – ფონდის „სიცილით თერაპიას“ თანადამფუძნებელი
დღემდე სიხარულით მავსებს და ყველა დაუჯერებელ ზღაპარს მაჯერებს დაუვიწყარი სცენა ჩვენი ბავშვობის სევდანარევი კომედიიდან „ფეჩ ადამსი“, როცა რობინ უილიამსის გმირი, ექიმი ფეჩი მძიმედ ავადმყოფი ბავშვების წინ, სამედიცინო ინსტრუმენტების დახმარებით, ექსპრომტად იქცევა ჯამბაზად და ჰოსპიტლის მოსაწყენ დისციპლინას და წესრიგს ჯამბაზობითა და ბავშვების მხიარული სიცილით არღვევს…
„სიცილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ეხმარება სხეულს სხვადასხვა დაავადებასთან, კიბოს უჯრედებთან, ვირუსებთან, ბაქტერიებთან თუ სხვა ინფექციებთან ბრძოლაში. ბედნიერების შეგრძნება საუკეთესო მკურნალია ყველა დაავადების წინააღმდეგ“, – ამტკიცებს და კვლევებით ადასტურებს რობინ უილიამსის გმირის რეალური პროტოტიპი, ამერიკელი პედიატრი ფეჩ ადამსი. მისი ალტერნატიული მკურნალობის დამხმარე, თერაპიული მეთოდი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში დამკვიდრდა. მსოფლიოში 3500-ზე მეტი თერაპევტი-ჯამბაზი მუშაობს 176 ორგანიზაციასა და ფონდებში. 2022 წლის აპრილიდან სიცილის თერაპევტი, ექიმ-ჯამბაზები საქართველოშიც გაჩნდნენ და სიცილის, სიხარულის და ბედნიერების უანგაროდ მიღება ქართველი პაციენტებისთვისაც შესაძლებელი გახდა. საქველმოქმედო ფონდი „სიცილით თერაპია“ ნათელა ფოცხვერიამ, ნინო ბოლქვაძემ და ანდრო ჭიჭინაძემ დააფუძნეს.
ამბობენ, სიცილი საუკეთესო თერაპიაა, არამხოლოდ განწყობისთვის, სერიოზული და მძიმე დიაგნოზების მკურნალობის დროსაც კი. სიცილით თერაპიას წამალივით ეფექტი აქვს… მართლა ასეა?
ნამდვილად ასეა. სიცილით თერაპია სინამდვილეში წარმოადგენს კომპლექსურ თერაპიულ მეთოდს, რომელსაც უკვე რამდენიმე ათწლეულია სამედიცინო დაწესებულებებში იყენებენ დამხმარე თერაპიად. გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, სიცილით თერაპია ყველა პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის არა მხოლოდ მცირეწლოვანი პაციენტებისთვის, არამედ ზრდასრულთა მკურნალობის პროცესშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტი მისი მძიმე დიაგნოზიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგის მოლოდინის წინაშე დგას. ასეთ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია სიცილით თერაპია. მძიმე სენით დაავადებული პაციენტი, რომელიც გრძელ, მძიმე დღეებს ატარებს კლინიკაში, უიმედობაში, სიცილით თერაპიის დახმარებით მისი ბოლო დღეების მძიმე მორალური განწყობა მსუბუქდება და მშვიდდება. სიცილით თერაპია ძალიან დიდი შვებაა, პაციენტის ოჯახის წევრებისთვისაც, რომლებიც თავად პაციენტის დიაგნოზიდან გამომდინარე დამწუხრებულნი, ვეღარ ახერხებენ ადეკვატური ემოციური საზრდო მისცენ მათ. ასეთ დროს ექიმი ჯამბაზები პაციენტის ოჯახის წევრებს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან, დიაგნოზის ადეკვატურად მიღებასა და მათი მდგომარეობის შემსუბუქებაში.
სიცილით თერაპია დადებითად მოქმედებს ადამიანის თავის ტვინის ნეირონებზე. სწორედ ეს უწყობს ხელს ადამიანში ფსიქოლოგიური მდგრადობის გაზრდას და იმუნური სისტემის მუშაობის სტიმულაციას.
რა ხდება სიცილის დროს ჩვენში? გამიგია, რომ განწყობის ამაღლების გარდა, სიცილი კონკრეტულ ბიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს…
ყველამ ვიცით და სამეცნიერო კვლევებითაც დადგენილია, რომ სიცილისას ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინები, ანუ ბედნიერების ჰორმონები. ადამიანის ორგანიზმში ენდორფინის გამოყოფის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთ მეთოდს სწორედ სიცილი წარმოადგენს. როდესაც ადამიანი გულიანად იცინის ხუმრობაზე ან სახალისო ფაქტზე, ან თუნდაც ეღიმება რაიმე სასიამოვნოზე, ამ დროს ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინი, ე.წ. ბედნიერების ჰორმონი, რასაც სასიკეთო ცვლილებები მოაქვს ადამიანისთვის. კერძოდ, სტრესის დაძლევა, იმუნური სისტემის გაუმჯობესება, გულის ჯანმრთელობის შენარჩუნება, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება.
სიცილის დადებით ეფექტთაგან ასევე მნიშვნელოვანია, ტკივილის ზღურბლის გაზრდა, რაც ტკივილის უკეთ გადატანაში ეხმარება ადამიანს. სიცილი ამცირებს გულის შეტევის რისკს. ფილტვების ქრონიკული დაავადების დროს, სიცილით შეიძლება ფილტვის ფუნქციათა გაუმჯობესება. ყოველივე ზემოაღნიშნული ადამიანში ცვლის განწყობას, აქვეითებს ან აქრობს შიშს, მატებს შემართებას და ეხმარება ადამიანს და მით უფრო ბავშვებს და მოხუცებს დაავადებასთან ბრძოლის პროცესში დამყოლნი გახდნენ ექიმებისა და რთული სამედიცინო მანიპულაციების მიმართ, განეწყონ გამოჯანმრთელებისთვის, გაუჩნდეთ ბრძოლისუნარიანობა და ფსიქოლოგიურად გადალახონ ის სიძნელეები, რაც მათ დაავადებისას ეღობებათ წინ.
ძალიან სასიამოვნოდ და პოზიტიურად ჟღერს – „სიცილით თერაპევტი“ ანუ „ჰოსპიტლის ჯამბაზები“… როდის გაჩნდა ეს იდეა და რა იყო ამ საქმის წამოწყების ინსპირაცია?
ექიმი ჯამბაზების პროფესია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია განვითარებული უკვე 30 წელზე მეტია. ამ საქმის წამოწყების ინსპირაცია იყო ჩვენი მეგობარი ბ-ნ ვადიმ ლარჩენკო, რომელიც 15 წელია ექიმი-ჯამბაზია და საქართველოში 2018 წლიდან მოღვაწეობს. მისმა საქმიანობამ მიგვახვედრა, რომ ამ სასარგებლო საქმეს სჭირდებოდა მასშტაბი, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ უანგაროდ. შესაბამისად, 2022 წლის აპრილში, ვადიმ ლარჩენკოსა და პროფესიონალი ექსპერტი ფსიქოლოგების დახმარებით, ჩამოვაყალიბეთ საქველმოქმედო ფონდი „სიცილით თერაპია“ ნათელა ფოცხვერიამ, ნინო ბოლქვაძემ და ანდრო ჭიჭინაძემ. ექიმ-ჯამბაზობის კანდიდატთა შერჩევის დიდი და რთული პროცესის, შემდგომ დაუღალავი ტრენინგებისა და შრომის შედეგად, პირველად, საქართველოს რეალობაში უკვე პირველი ექვსი ექიმი ჯამბაზი გვყავს: ნათია ჩიკვილაძე, მარიამ სარდანაშვილი, მარიამ გოგებაშვილი, კესო შარიქაძე, ნინი მაისურაძე, ნანუკა ვარამაშვილი. ჩვენი პირველი ექიმი ჯამბაზები და ფონდის სახეები, რომელთა გარეშეც ჩვენი მომავალი საქმიანობა და წარმატება წარმოუდგენელია.
როგორ ხდება ჯამბაზად გადაქცევა? ნებისმიერს შეუძლია გახდეს სიცილით თერაპევტი?
ექიმი ჯამბაზობის კანდიდატი შეიძლება გახდეს სამსახიობო განათლების მქონე ადამიანი, რომელიც ჩვენი პროფესიონალებისა და ექსპერტების ტრენინგებისა და მათი მენტორობით ჩამოყალიბდება ექიმ-ჯამბაზად. ნებისმიერი პიროვნება ვერ გახდება ექიმი ჯამბაზი. პირველ გასაუბრებაზე 37 კანდიდატი მოვიდა, ნაწილი იმ დღესვე მიხვდა, რომ ემოციურად მათთვის რთული იქნებოდა ექიმი ჯამბაზის პროფესია, ნაწილს, ფსიქოლოგების დაკვირვებების შედეგად ტრენინგების პროცესში გამოვემშვიდობეთ. საბოლოოდ, 37 კანდიდატიდან მხოლოდ 6 ადამიანი აღმოჩნდა ის, ვინც შეძლო გამხდარიყო ექიმი ჯამბაზი.
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვინ და როდის მიაკვლია, რომ სიცილს თერაპიული და სამკურნალო ეფექტი აქვს და ვინ და რომელ ქვეყანაში დანერგა ამ სახით პირველად?
ექიმი ჯამბაზის გამოცდილება ითვლის ას წელზე მეტს, ამას მოწმობს გასული საუკუნის ათიანი წლებით დათარიღებული გრავიურები და ფოტოები.
საავადმყოფოს ჯამბაზის პროფესია აკადემიურ დონეზე სათავეს იღებს 1960-70 წლებიდან ამერიკაში, როცა პედიატრმა პეჩ ადამსმა გაიკეთა ჯამბაზის წითელი ცხვირი და დაიწყო მუშაობა პაციენტებთან. მასზე ძალიან ცნობილი ფილმიც არის გადაღებული ჰოლივუდში, სახელწოდებით: “Patch Adams”, სადაც ფეჩ ადამსის როლს ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი, რობინ უილიამსი ასრულებს.
მსოფლიოს გარშემო 30-ზე მეტ ქვეყანაში 3500-ზე მეტი თერაპევტი ჯამბაზი მუშაობს 176 ორგანიზაციასა და ფონდებში. ისრაელში, ჰაიფას უნივერსიტეტში არსებობს მეორადი პროფესიის კურსები, სადაც მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ ექიმი ჯამბაზის პროფესიას.
რა ტიპის მომზადებაა საჭირო? ჰოსპიტალში ხომ არც ისე ადვილია ემოციების მართვა? როგორ უნდა დარჩე ჯამბაზად და ემპათიის განცდა, თანაგრძნობის ცრემლები შეიკავო?
ექიმი ჯამბაზის მომზადება შედგება 3 ეტაპისგან, თეორიული კურსისგან, ფსიქოლოგთა ტესტირების, იმიტირებულ ქეისებში მონაწილეობისა და კლინიკებში სტაჟირებისგან.
ტრენინგების ეტაპზე ექიმ-ჯამბაზობის კანდიდატს ფსიქოლოგების მიერ სპეციალური ტესტირებები და ვარჯიშები უტარდება, რომლის დახმარებითაც ისინი სწავლობენ, როგორ გადასცენ საჭირო ემოციები თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მათი დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე მართონ საკუთარი ემოციები და როგორ დაიცვან თავი ემოციური და ფიზიკური გადაღლისგან.
როდესაც ექიმი ჯამბაზი იკეთებს წითელ ცხვირს და იმოსება ჯამბაზის სპეციალურ სამოსში, რომელიც ყველა სამედიცინო მოთხოვნის დაცვით სპეციალურად ექიმი ჯამბაზისთვისაა შექმნილი, ამ სამოსით ის თითქოს ირგებს ემოციურ ფარს და როგორც პიროვნებას, ცოტა ხნით ექიმი ჯამბაზი ანაცვლებს, კონკრეტული მისიით, რომელიც 3 საათის განმავლობაში პაციენტთან უნდა შეასრულოს. ამ უნარ-ჩვევებს, ცხადია, ტრენინგების ეტაპზე იძენენ ექიმი ჯამბაზობის კანდიდატები და შესაბამისად, ისინი, ვინც ახერხებენ ტრენინგების კურსის ბოლომდე გავლას და უძლებენ ამ ყოველივეს, შემდგომ პაციენტებთან ემოციების მართვასაც ახერხებენ.
რამდენად სამკურნალო ეფექტი აქვს ჰოსპიტლის ჯამბაზობას თვითონ სიცილით თერაპევტებისთვის?
როდესაც ექიმი ჯამბაზი შედის პაციენტთან, მან იცის, რომ მისი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვიზიტი კლინიკაში ზოგი პაციენტისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ექიმი ჯამბაზი მათში აჩენს იმედს, სიმშვიდეს, სიხარულს, უკეთესი დღის მოლოდინს, გამოჯანმრთელების სურვილს და ბრძოლისუნარიანობას. ექიმი ჯამბაზი ამ ყოველივეს პაციენტთან ურთიერთობაში გრძნობს და რწმუნდება, რომ ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ვიღაცისთვის შეიძლება სუპერგმირი ან ღიმილის ბოლო იმედი იყოს. რა თქმა უნდა, პაციენტის ეს ემოცია დადებითად აისახება ექიმი ჯამბაზის შინაგან სამყაროზეც, რომელიც გრძნობს სოციუმში საკუთარ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ხდება მეტად მოტივირებული და სხვა საქმეს თუ ცხოვრებას, რომელიც მას ექიმი ჯამბაზის სამოსს მიღმა აქვს, მეტი ღირებულება, შინაარსი და დადებითი მუხტი ეძლევა.
უკვე გამოსცადეთ პრაქტიკაში? მოხუცებთან, ბავშვებთან იყავით? რა არის ყველაზე ამაღელვებელი და ამასთან გამორჩეულად რთული, როდესაც ამ ერთი შეხედვით მარტივ, თუმცა რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებ?
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სტაჟირების ეტაპს გადის ჩვენი ექიმი-ჯამბაზების პირველი ჯგუფი, ორი კვირის ვადაში ამ ჯგუფმა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე შესამჩნევი შედეგი დადო. პალიატიურ პაციენტ ბავშვებს ასეთ მცირე დროში ჩვენს ექიმ-ჯამბაზებთან ურთიერთობაში მოტორიკა და რეაქციები გაუუმჯობესდათ, დაიწყეს გამოტირება ექიმ- ჯამბაზებთან, სამედიცინო პერსონალს უხარია ჩვენი სიცილით თერაპევტების კლინიკაში დანახვა და აღნიშნავენ, რომ მათ რთული სამუშაო საათები კლინიკაში უმსუბუქდებათ. ასევე ძალიან მადლიერები არიან პაციენტი ბავშვების მშობლები.
პარალელურად ვმუშაობთ ბავშვთა ჰოსპისში „ციცინათელების ქვეყანა“ და მოხუცებულთა ჰოსპისში „ფერისცვალება“. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკასა და ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პალიატიურ დეპარტამენტში შესვლას. სტაჟირების ეტაპი ოქტომბრის ბოლოს სრულდება და 1 ნოემბრიდან ჩვენი ექიმი ჯამბაზების პირველი გუნდი სრულფასოვან მუშაობას დაიწყებს ზემოაღნიშნულ კლინიკებში.
რაიმე რჩევა ხომ არ გაქვთ, რა დოზით და რა ხერხებით შეიძლება ვიცინოთ დღეში, იმისთვის რომ ამას თერაპიული დატვირთვა ჰქონდეს?
მედიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეში ჯამში 15-20 წუთის განმავლობაში გულწრფელი სიხარულის გამომხატველი ღიმილი და სიცილი არის ის დოზა, რომელიც ყოველმა ადამიანმა უნდა მიიღოს დღიურად, რათა უფრო ჯანმრთელი იყოს. ცნობისთვის, გარდა იმისა, რომ სიცილი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, თურმე სიცილი დაახლოებით 40 კალორიის დაწვაშიც ეხმარება ადამიანს. შესაბამისად, რაც შეიძლება მეტი ვიცინოთ და რაც შეიძლება მეტი ენდორფინი გამოვყოთ, იმისთვის რომ ფსიქიკურადაც და ფიზიკურადაც ვიყოთ უფრო ჯანსაღები და ასე შევეცადოთ მაქსიმალურად გავიხანგრძლივოთ ცხოვრება.
რას ნიშნავს შენთვის იყო ექიმი ჯამბაზი?
ნანუკა ვარამაშვილი
თითქოს მარტივი, თუმცა რეალურად ძალიან რთული და ამაღელვებელია იყო ჯამბაზი ექიმი. საოცარია, როდესაც აცნობიერებ, რომ ერთ ღიმილს ან აჩქარებულ გულისცემას, რომელსაც შენ იწვევ, შეუძლია ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესოს და უკეთესობისკენ შეცვალოს.
მარიამ სარდანაშვილი
ჩვენი, ექიმი ჯამბაზების მიზანი ბავშვების გაბედნიერება და მათთან ურთიერთობაა. ბავშვებისთვის საავადმყოფოში მოხვედრა სტრესულია. ისინი ხომ წყდებიან მათთვის ჩვეულ გარემოს, უტარდებათ სხვადასხვა სამედიცინო პროცედურები, რომლებიც ხშირად მათთვის ასოცირდება ტკივილთან, შიშთან… და ა.შ.
ჩვენი მიზანია მათ ვაგრძნობინოთ თავი მშვიდად და დაცულად. ამისთვის არსებობს სიცილით თერაპია.
ჩვენი მუშაობის ტექნიკა დამოკიდებულია ბავშვების ასაკსა და დიაგნოზზე. ფსიქოლოგის მიმართვის შემდგომ ჩვენ ვიწყებთ მათთან ინდივიდუალური მეთოდებით კომუნიკაციას. ამ დროს ვაკვირდებით მათ უკუკავშირს. ბავშვების დადებით შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ნაწილია მთელი პროცესის განმავლობაში.
ექიმი ჯამბაზები აქტიურად ვიყენებთ, Story-telling-ს, მუსიკას, სხვადასხვა სახის აქტივობებს, თამაშებს, რაც უზრუნველყოფს მათ დამატებით ჩართულობას.
ეს დადებითი ემოციები, სიცილი და პოზიტიური განწყობა ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, გამოჯანმრთელებას. შესაბამისად ექიმი ჯამბაზების პროფესია ეხმარება პაციენტებს იმაში, რომ დაჩქარდეს გამოჯანმრთელების პროცესი და თავი იგრძნონ ბედნიერად იმ გარემოში, სადაც იმყოფებიან. შესაბამისად, მთელი ჩვენი პროფესია მხოლოდ დადებითი, პოზიტიური განწყობებით და უკუკავშირებით არის მოცული.
კესო შარიქაძე
იყო ექიმი ჯამბაზი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და როდესაც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებ ყოვლისშემძლე უნდა გახდე, მებრძოლი იმ ბავშვებისთვის რომლებიც სიცოცხლეს ეჭიდებიან. უნდა იყო მათი მოტივაცია, იმედი, სინათლე რაც იქ, საავადმყოფოს კედლებში ასე ძალიან აკლიათ. ეს არის ურთულესი საქმე თავისი სპეციფიკით. როდესაც ხარ ექიმი ჯამბაზი შესაძლოა თან გქონდეს ბუშტები, ფერად-ფერადი საინტერესო სათამაშოები, მაგრამ შედიხარ და ხვდები რომ რაც გინდა იმ ბავშვებს მისცე, არც ბუშტებია და არც სათამაშოები. ეს რაღაც სხვაა, ჟინი, მოტივაცია, იმედი, ძალა…
მთელმა გუნდმა ხანგრძლივი და რთული გზა გავიარეთ, სანამ აქამდე მოვიდოდით. გვქონდა სიმულაციური დადგმები ურთულესი შემთხვევების, რამაც ძალიან გაგვიმარტივა ბავშვებთან უშუალოდ მუშაობის პროცესი და რა ხდება დღეს? დღეს ბავშვები გველოდებიან. პალატის პატარა ფანჯრებში თვალს მოგვკრავენ თუ არა, მათი ბედნიერი და ინტერესიანი მზერა მთელს ტანში მივლის ხოლმე. ექიმებისგან რაც მოვისმინეთ, ხედავენ ისეთი ბავშვებისგან რეაქციებს, რომლებისგანაც მსგავსი არასდროს უნახავთ. მშობლები მადლობას გვიხდიან, რომ თავიანთი შვილების ღიმილი ამდენი ხნის შემდეგ კვლავ დაინახეს და ბავშვები საოცარი სითბოთი გვმასპინძლობენ ხოლმე თავიანთ „სამფლობელოში“. რთულია გადმოვცე ის ემოცია, რაც ახლა ჩემს შიგნით ტრიალებს. ამ საოცარმა ბავშვებმა ჩემი ცხოვრება შეცვალეს. ეს პროფესია არის ის, სადაც ვგრძნობ, რომ სწორად მოვხვდი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, უყურო ამ ბავშვების ამეტყველებულ, ბედნიერ და ნათელ თვალებს.
მარიამ გოგებაშვილი
ერთი გაღიმებული სახე ჩემთვის იმის დასტურია, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ და ამასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. მართლაც, ერთი შეხედვით მარტივია იყო ექიმი ჯამბაზი, მაგრამ სწორედ ამ სიმარტივეშია მთელი სირთულე. თითქოს ჯადოქარი ხარ, პალატებში შედიხარ და შენი ჯადოსნური ცხვირით მთლიანად ცვლი ატმოსფეროს. ერთდროულად ამაღელვებელი და გამორჩეულად რთულია სწორედ იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები ვფლობთ ამ ჯადოსნურ ძალას, რომლითაც საბოლოოდ საოცრებების მოხდენა შეგვიძლია.
ნათია ჩიკვილაძე
ჩემთვის პატარ-პატარა სასიამოვნო რაღაცებს ნიშნავს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას და მდგომარეობას რაც ჩემშია, როდესაც შედეგს ვხედავ. უკეთ რომ გაიგოთ, ერთ-ერთ შემთხვევას გიამბობთ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ეს ვიზიტი. დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციის განყოფილებაში, 8-9 თვის პატარა იწვა. თავიდან გაკვირვებული იყურებოდა, ვერ ხვდებოდა ამდენ თეთრ ხალათში ფერად კაბიან გოგოებს რა გვინდოდა. დავუწყე თამაში, ცოტა ხანი მაინც გაკვირვებული მიყურებდა და უცებ ღიმილი წასცდა. ეს რომ დავინახე ვერ გადმოგცემთ შინაგანად რა დამემართა და როგორ შევივსე. ექთნებიც გაკვირვებულები იყვნენ, პირველად ვნახეთ ამ ბავშვის სახეზე ღიმილიო. დაახლოებით 5 წუთი ესე ვითამაშეთ, ბოლოს დამშვიდობების დროს თვალცრემლიანმა გამოგვაცილა. ჩემთვის ეს იყო იმ დღის შედეგი, მე იმ დღეს საავადმყოფოს ჯამბაზი ვიყავი.