სოციალურ მეწარმეობად ქცეული უსაზღვრო მოტივაცია

საზოგადოებრივ საჭიროებებზე ორიენტირება, სოციალური მისიის შესრულება, ბიზნეს-პრინციპებით მოქმედება – ამ სიტყვებით მოკლედ შეგვიძლია სოციალური მეწარმეობის არსი აღვწეროთ. თუმცა, პრაქტიკაში სოციალური საწარმოს დაფუძნება, ამუშავება და სოციალური მისიის შესრულება მასშტაბური გამოწვევაა, რომლის გადალახვაც უსაზღვრო მოტივაციის გარეშე შეუძლებელიც კია.

ანა კანთელაძე

სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემა საქართველოში ათეულობით საწარმოს აერთიანებს. მათი უმრავლესობა რეგიონებშია დაფუძნებული და ადგილობრივი თემის საზოგადოებრივ საჭიროებებზეა მორგებული. თუმცა, საქმიანობის წამოსაწყებად უსაზღვრო მოტივაცია როდი კმარა – ფინანსური რესურსის მოზიდვა სოციალური საწარმოებისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

გამოწვევის საპასუხოდ საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მიმართულებად სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს.  უკვე მეხუთედ, ბანკმა სოციალური საწარმოს რჩეული იდეები გამოავლინა და ₾50,000 მოცულობის გრანტით დააჯილდოვა.

„სოციალური პასუხისმგებლობის  პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია.  მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საწარმოების განვითარებაში, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური, ეკომეგობრული და გენდერულად თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავენ. გვსურს მეტ მსგავს ინიციატივას დავუჭიროთ მხარი,  რათა ხელი შევუწყოთ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, წავახალისოთ მსგავსი ინიციატივები. ამიტომაც არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ უფრო მეტი ადამიანის, სფეროს, თუ ბიზნესის მხარდაჭერას“, – საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.

საქართველოს ბანკის მიერ ჯამურად ნახევარ მილიონზე მეტი ლარით დაფინანსებულ სოციალურ საწარმოებს შორის არის ბიოფიჭის საწარმო რაჭიდან და ეკო ბანაკი „ოჩო კემპი“ კახეთიდან.

ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ბიომეფუტკრეობის და ზოგადად ქართული წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა კანთელაძე გვიყვება, რა სოციალურ მისიას ემსახურება მათი საწარმო:

„წლების წინ, როდესაც მე და ჩემი მეგობრები რაჭაში დავბრუნდით, მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეგვეტანა ჩვენი წვლილი. ამ მიმართულებით ვმუშაობდით კიდეც, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით.“

რაჭაში გადასვლის შემდეგ მეგობრებმა მეფუტკრეობის მხარდაჭერა განიზრახეს და მათი საჭიროებების დადგენის მიზნით ცხრაასამდე მეფუტკრე გამოკითხეს. გაირკვა, რომ რაჭული თაფლის მთავარი პრობლემა ანტიბიოტიკებით დაბინძურებული, გაურკვეველი წარმომავლობის ხელოვნური ფიჭა იყო.

„პრობლემის იდენტიფიცირებიდან სამი წლის განმავლობაში ვცდილობდით დაფინანსება მოგვეპოვებინა – არ დავნებდით, ყველა წარუმატებლობის შემდეგ ვარკვევდით, რა ხარვეზები გვქონდა პროექტში, რა უნდა გამოგვესწორებინა – მუდმივი სწავლის და მიზანდასახული მუშაობის შემდეგ, წელს საქართველოს ბანკისგან დაფინანსებაც მოვიპოვეთ და საწარმოც დავაფუძნეთ.“

ანა საკუთარ გამოცდილებასთან ერთად რჩევებსაც გვიზიარებს. თვლის, რომ სოციალური საწარმოს მისიისადმი ერთგულებისა და შესაბამისი ცოდნისა და უნარების გარეშე ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. რამდენიმეწლიანი მუშაობის განმავლობაში რაჭული ბიოფიჭის საწარმოს ერთ-ერთ დამფუძნებელს მეფუტკრის პროფესიის დაუფლებაც მოუწია.

„საწყის ეტაპზე ვგეგმავთ ბიოფიჭით რეგიონის მეფუტკრეები მოვამარაგოთ, სამომავლოდ კი ვგეგმავთ როგორც მიწოდების ბაზრების გაფართოვებას, ისე სხვადასხვა პროდუქტის წარმოებას, ფერმერებისთვის საერთო მარკეტფლეისის შექმნას. ძალიან გვინდა რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერაში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ.“

ვიქტორია მიდელაური და ინგა ყაველაშვილი

საქართველოს ბანკის პროგრამის კიდევ ერთი გამარჯვებულია „ოჩო კემპი“ – გარემოსდაცვითი და ინკლუზიური საბანაკე მომსახურების სივრცე ლაგოდეხში. ვიქტორია მიდელაურისა და ინგა ყაველაშვილის მიერ დაფუძნებული ბანაკი სრულად არის მორგებული სხვადასხვა ჯგუფების განსაკუთრებულ საჭიროებებს – იქნება ეს ადაპტირებული საკემპინგე სივრცე, თუ შესაფერისი სერვისები. „ოჩო კემპის“ დაფუძნების ისტორიას ვიქტორია მიდელაური გვიყვება:

„ლაგოდეხიდან დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ, როდესაც გამოცდილება და კონტაქტები დავაგროვეთ, მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ დრო იყო ჩვენი მშობლიური მხარის განვითარებაში შეგვეტანა წვლილი. დავაფუძნეთ ორგანიზაცია „შესაძლებლობების სივრცე“ და დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა.“

სწორედ ამ პერიოდში იმოგზაურა ვიქტორიამ აშშ-ში და აღმოაჩინა კემპი, რომელიც ადაპტირებული იყო ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანისთვის და ამასთან, დასვენების საშუალებებთან ერთად ითვალისწინებდა საგანმანათლებლო ასპექტსაც. სწორედ ეს გახდა „ოჩო კემპის“ დაფუძნების ინსპირაცია.

„როდესაც ჩამოვყალიბდით რა გვინდოდა ლაგოდეხში გაგვეკეთებინა და ამის საკეთებლად სოციალური მეწარმეობა შევარჩიეთ, გაგვიჭირდა დაფინანსების მოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დამფუძნებელს სხვადასხვა ორგანიზაციასა და პროექტში, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის პროექტში მუშაობის გამოცდილება გვქონდა, ყველა ერიდებოდა დაფინანსების გაცემას. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საქართველოს ბანკი, რომელმაც მოიწონა იდეა და ხედვა, რომლითაც რეგიონის განვითარებაში ვაპირებდით წვლილის შეტანას და დაგვაფინანსა.“

დაფინანსებას კი მოჰყვა მშენებლობის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე. დღეს სოციალური საწარმო მდგრადი ბიზნესის პრინციპებით მუშაობს და სრულად უზრუნველყოფს ორგანიზაციის ფინანსურ საჭიროებებს შემოსავლებით.

„დღეს უკვე გვაქვს იმ მოცულობის შემოსავალი, რომელიც შესაძლებელს ხდის როგორც სოციალური მისიის შესრულებას, ისე საწარმოს ბიზნეს-ოპერაციების დახვეწასა და გაუმჯობესებას. მომავალში გვინდა უფრო გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა და მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ვიქონიოთ ლაგოდეხის განვითარებაზე.“

ვიქტორია თვლის, რომ წარმატებული სოციალური საწარმოს საფუძველი მისიისა და დანიშნულების სწორად დანახვა, დაუღალავი შრომა და იდეის ერთგული ადამიანებია.

მართალია, პანდემიამ „ოჩო კემპის“ საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა იქონია, თუმცა ვიქტორიას პოზიტიური მოლოდინები აქვს და თვლის, რომ უფრო მეტი ტურისტის მასპინძლობას შეძლებენ საბანაკე ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების პროექტებს 2017 წლიდან უჭერს მხარს.  ამ დრომდე, ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650,000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. 2021 წელს დამატებით 3 სოციალური საწარმო მიიღებს დაფინანსებას საწარმოს შესაქმნელად და საქმიანობის გასაფართოებლად.