მარიამ მეღვინეთუხუცესი საქართველოს ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი ხდება

საქართველოს ბანკის ჯგუფის (Bank of Georgia Group PLC) დირექტორთა საბჭოში ცვლილებები შევიდა, კერძოდ, მის შემადგენლობაში 2021 წლის 12 მარტიდან შედის არააღმასრულებელი დირექტორი მარიამ მეღვინეთუხუცესი. ის ასევე დაინიშნა რისკისა და ნომინაციის კომიტეტების წევრად. რეგულატორისგან თანხმობის მიღების შემდეგ მეღვინეთუხუცესი ასევე დაინიშნება საქართველოს ბანკის (JSC Bank of Georgia) სამეთვალყურეო საბჭოს წევრად – ის კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ქართველი ქალი წევრი იქნება.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

მარიამ მეღვინეთუხუცესს ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2009-2014 წლებში ის იკავებდა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას. 2015-2019 წლებში მეღვინეთუხუცესი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობდა. მან საბანკო და საფინანსო საქმის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ფინანსებისა და ინვესტიციების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი ედინბურგის უნივერსიტეტში.