ცოტა ხნის წინ „საქართველოს ბანკმა“ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Bank of Georgia Update-ს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. აღნიშნული ღონისძიებიდან გაირკვა, რომ „საქართველოს ბანკმა“ მობილბანკის სუპერ აპად გარდაქმნა დაიწყო, რომლის პროცესშიც ის მომხმარებლებს აპლიკაციის დახმარებით არაერთ ახალ საბანკო და არასაბანკო მომსახურებას შესთავაზებს – მათ შორის, მომავალში კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც იქნება შესაძლებელი.
კიდევ ერთი სიახლე გადახდების მართვის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვისა და ანალიტიკის გაცნობის საშუალებას ერთ სივრცეში მისცემს. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკმა“ საზოგადოებას პლატფორმა Ads Manager-ი წარუდგინა, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლებისთვის რელევანტური შეთავაზებების გაკეთებაში დაეხმარება.
„საქართველოს ბანკმა“ წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე საზოგადოებას ვებგვერდი Api.bog.ge-იც გააცნო – პლატფორმა ბიზნესებს API-დოკუმენტაციების მარტივად ორგანიზებისა და მომხმარებლებისთვის გადახდების მრავალფეროვანი მეთოდის შეთავაზების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება Bank of Georgia Update-ზე დაანონსებულ „ნაწილ-ნაწილ“ გადახდის ფუნქციონალს, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს უკანასკნელი ნივთების შეძენისა და მათი ღირებულების ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე, ნაწილ-ნაწილ დაფარვის შესაძლებლობას გვთავაზობს.
„ტექნოლოგიების დღეზე“ გაჟღერებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე სკოლის მოსწავლეებისთვის მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ახალი საბანკო აპლიკაციის შექმნაა. მასში ინტერესის ოთხი ძირითადი სფერო იქნება გათვალისწინებული, მათ შორის გართობა, გემიფიკაცია, განათლება და სოციალიზაცია.
Bank of Georgia Update-ის დასასრულს „საქართველოს ბანკმა“ Mono Hall-ში გამართულ ღონისძიებაზე მისულ 200-მდე სტუმარს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი NFT-ები გადასცა საჩუქრად. „საქართველოს ბანკის“ საჩუქრის შესახებ ამ NFT-ების ავტორი, ანანო თოთიაური გვესაუბრა.
„საქართველოს ბანკმა“ ტექნოლოგიურ ღონისძიება Bank of Georgia Update-ზე მისულ 200-მდე სტუმარს საჩუქრად თქვენ მიერ შექმნილი NFT-ები გადასცა. მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ კონცეფციაზე მუშაობის პროცესში და როგორ მიხვედით საბოლოო ვერსიამდე?
როდესაც საქართველოს ბანკი დამიკავშირდა ამ ინიციატივით, საუბრის პროცესშივე მივხვდი, თუ რა გზას ავირჩევდი ციფრულ ილუსტრაციებზე მუშაობისას. როგორც NFT-არტისტი, ამ კუთხით თანამედროვე ტრენდებსა და მიმართულებებში გარკვეული ვარ. მითუმეტეს, როდესაც მივხვდი, საქმე ტექნოლოგიებს ეხებოდა, გადავწყვიტე ციფრული ნახატები თანამედროვე ტენდენციების მიხედვით შემექმნა – ფერადი, doodle-სტილით და პერსონალური დეტალებით.
რით განსხვავდება ერთმანეთისგან „საქართველოს ბანკის“ მიერ Update-ის ღონისძიების სტუმრებისთვის ნაჩუქარი NFT-ები?
არ მინდოდა, რომ NFT-ების პერსონაჟები მხოლოდ ერთ ადამიანზე ყოფილიყო მორგებული. ვარჩიე, მათთვის უფრო მეტად ნეიტრალური გამომეტყველება მიმეცა. გამაერთიანებელ ნიშნად კი ყველა პერსონაჟს სხვადასხვა სტილის სათვალე და დეტალი დავუხატე, რომელიც, ასე თუ ისე, მათ პროფესიას ეხმიანება.
გავითვალისწინე ისიც, რომ, რადგან ეს ნახატები საჩუქარია და მთავარი იდეა მათი პროფილის სურათზე დაყენებაა, ბევრი დეტალი დაიკარგებოდა ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, ყველა დეტალს აქვს შავი, „თამამი“ კონტური და პატარა წრეშიც (პროფილის სურათშიც) კი ადვილად ამოცნობადი იქნება ეს დეტალები.
უფრო კონკრეტულად, რაზე დაყრდნობით შეიქმნა პერსონალური NFT-ები? რა გაითვალისწინეთ მათზე მუშაობისას?
მივიღე 10 პერსონაჟისგან შემდგარი სია, რომლის მიხედვითაც გოგო და ბიჭი პერსონაჟები უნდა დამეხატა, მათ შორის პროგრამისტი, მარკეტერი, ტექ. მედია ინფლუენსერი და ა.შ. თითოეულ მათგანზე მოვიძიე ინფორმაცია და გამოვყავი ის დეტალები, რომლებიც ამ პერსონაჟებისთვის რელევანტური იქნებოდა.
მაგალითად, ინფლუენსერის ნახატში მთავარი დეტალია გულის ფორმის სათვალე, რომელიც ინსტაგრამზე გულის ემოჯის რეფერენსია – ასევე, უკანა ფონზე „ლაიქები“ და „გულები“, ხელში ტელეფონი სელფის გადასაღებად და ა.შ. მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი NFT-ების პერსონაჟებს დავუხატე მიკროფონი, რუპორი იმის სიმბოლოდ, რომ მათ საზოგადოებას უნდა მიაწვდინონ ხმა.
თუმცა ეს ყველაფერი ზოგადი პერსონაჟებისთვის, რაც შეეხება პერსონალურ დეტალებს, ბანკის გადაწყვეტილებით, თითოეული NFT რამით მაინც უნდა ყოფილიყო განსხვავებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს განსხვავება უკანა ფონში ან დეტალების განლაგებაში, სხვა შემთხვევაში კი ნაკვთებშიც გამოიხატა. მაგალითად, ორ პერსონაჟს აქვს წვერი, ერთ-ერთ პერსონაჟს აწერია Gaming-ი და ა.შ. ასე, რომ 200-ვე აითემი ცირედით მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან.
რა შეგიძლიათ გვითხრათ მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე?
პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იდეები გაჟღერდა თვითონ ღონისძიებაზე და სასიხარულო იქნება, თუ მსგავსი ივენთები ტრადიციულ სახეს მიიღებს. „საქართველოს ბანკს“ აქვს ამბიცია, რომ სუპერ აპის სახით ჩამოყალიბდეს, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც და რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანი განაცხადია. გარდა ამისა, სამომავლოდ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის შესაძლებლობასაც განიხილავენ და ადგილს მეტავერსშიც იმკვიდრებენ, ამ NFT-კოლექციის შექმნა და ღონისძიების სტუმრებისთვის ჩუქებაც იმის სიმბოლოა, რომ არასდროს ჩერდებიან და მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას მუდმივად განაგრძობენ.
როგორი გამოცდილება მიიღეთ აღნიშნული პროექტიდან და რა სახის განვითარება შეიძლება პოვოს მან მომავალში?
გამოცდილება იყო ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და ამასთანავე, სახალისო. მუშაობის პროცესში მაქსიმალურ ხელშეწყობას ვგრძნობდი, რაც დადებითი შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. რაც მთავარია, შემოქმედებით თვალსაზრისით შეზღუდული არ ვყოფილვარ. ამ ყველაფერმა უდიდესი წვლილი შეიტანა საქმის მიმართ ჩემს სიყვარულსა და ენთუზიაზმში. მსგავს პროექტში მომავალშიც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.