საქართველოში მეწარმე ქალები ხშირად მიუთითებენ დამატებითი ინვესტიციის აუცილებლობაზე, რათა შეძლონ თავიანთი ბიზნესის გაფართოება, ახალი პროდუქტების შექმნა ან ახალ ბაზარზე გასვლა.
გამოწვევის პასუხად საქართველოს ბანკმა Visa-სთან პარტნიორობით ციფრული ადაპტაციის პროგრამა შეიმუშავა. მეწარმეების მხარდამჭერი მრავალი პროექტის პარალელურად ბანკმა გადაწყვიტა, პანდემიის ფონზე დახმარება გაუწიოს მეწარმე ქალებს, მოამზადოს ისინი ონლაინ-გაყიდვების გაზრდილი მოთხოვნისთვის და დაარწმუნოს ისინი, რომ კრიზისის დროს გაჩერების ნაცვლად ახალი შესაძლებლობების ძიებაა აუცილებელი.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 მეწარმე ქალი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ში. პროექტი ბიზნესს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში გაუწევს დახმარებას, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა. ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, ასევე იზრუნებს მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაზე.
„დღეს ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული გაყიდვების არხის ქონა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში ისინი შეძლებენ მარტივად გააციფრულონ საკუთარი მაღაზიები და ამგვარად განაგრძონ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა. ამასთან, სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურად ჩავერთვებით მათი პროდუქციის პოპულარიზაციაში, რათა გავზარდოთ მათზე ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების, და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში.“ – საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
„Visa–ს მისიის მნიშვნელოვან ასპექტს ინდივიდუალური ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვფოკუსირდით მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმე ქალების მხარდაჭერაზე. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ქალი ანტრეპრენერების მცირე ბიზნესები სხვადასხვა რესურსით, საჭირო ინფორმაციითა და ახალი შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის გარდაქმნასა და განვითარებაში დაეხმარება. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესს უკეთესად ადაპტირდნენ ახალ რეალობაში“ – კრისტინა დოროში, Visa– ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილეა მარიამ ხუხუნაიშვილი. მისი დაფუძნებულია ბრენდი „კალეისი“, რომელიც ვერცხლის ხელნაკეთ სამკაულებს გვთავაზობს: „ძალიან გაგვიხარდა, როდესაც გავიგეთ, რომ პროექტი ქალების ბიზნესისა და სტარტაპების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. პანდემიის ფონზე, სტარტაპებს ძალიან გჭირდებოდა ხელშეწყობა. პროექტი ბევრი მიმართულებით გვეხმარება, იქნება ეს ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაცია, გაყიდვების არხების განვითარება თუ ხელშეწყობა და ა.შ. Extra.ge-ზე პროდუქტის განთავსებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა პროდუქციის განვადებით გაყიდვაც, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური შედეგები გვექნება. წელს პირველად გვექნება ახალი კოლექცია, რომელშიც გვაქვს სიურპრიზის ელემენტი და გვიხარია, რომ მის განთავსებას ამ პროექტის დახმარებით შევძლებთ.“
ციფრული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეა „პოტერჰედის“ დამფუძნებელი, თამარ გახოკიძეც. ჯადოსნური ნივთების ჯადოსნური მაღაზია კი ჰოგსმიდის გარდა, უკვე ონლაინაც არის ხელმისაწვდომი: „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ბანკს მხარდაჭერისთვის. ვთვლი, რომ დღევანდელ მოცემულობაში ბიზნესის განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო – სწორედ ამიტომ ვიღებთ მონაწილეობას ციფრული ადაპტაციის პროგრამაში. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია ყველა პლატფორმაზე იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ვაპირებთ ახალი პროდუქტების წარმოებას – ჩვენი მიზანია, მხოლოდ ადგილობრივად წარმოებული და ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. გარდა ამისა, აქცენტი გვაქვს ქალებზე საქართველოს ისტორიიდან. ქალების გაძლიერების მიზნით კი ჩვენს პროდუქტებზე ხშირად იპოვით გამამხნევებელ ციტატებს, სლოგანებს. გვინდა პოზიტიურად შევცვალოთ ფემინიზმის საზოგადოებაში არსებული აღქმაც.“
საკუთარი უნიკალური გაჯეტები განათავსა Extra.ge-ზე „კლიკის“ თანადამფუძნებელმა, თათა ბერიაშვილმაც: „სტარტაპებისთვის ძალიან რთულია ფინანსური რესურსის მოზიდვა, განსაკუთრებით კი თუ ქალია დამფუძნებელი. ჩვენ პროექტი საკუთარი ინვესტიციით დავიწყეთ, მისი განვითარებისთვის კი დამატებითი რესურსები გვჭირდება. სწორედ ამ მიმართულებით დაგვიჭირა მხარი საქართველოს ბანკის პროგრამამ – მოგვეცა საშუალება, პოპულარულ პლატფორმაზე განგვეთავსებინა საკუთარი პროდუქცია, ვიყენებთ საწყობის მართვის ძვირადღირებულ პროგრამას, ამასთან, გვეხმარებიან ბაზრის გაფართოებაშიც. შეზღუდული ბიუჯეტის ფონზე ეს ყველაფერი ჩვენთვის რთული მისაღწევი იქნებოდა. ონლაინ-ვაჭრობა მნიშვნელოვნად ვითარდება და ამ მიმართულებით მხარდაჭერა ძალიან სასარგებლო იქნება სხვებისთვისაც, ამიტომ, ვისურვებდი, რომ მომავალშიც გაგრძელდეს პროგრამა და მეტ ქალს მიეცეს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ ახლა საზაფხულო კოლექციაზე ვმუშაობთ, სადაც 50-მდე ახალ გაჯეტი იქნება წარმოდგენილი. გვინდა, რომ მომავალში სტენდით ვიყოთ წარმოდგენილები სავაჭრო ცენტრშიც, ეს პროგრამა ამ მიმართულებითაც დაგვეხმარება – დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის დროისთვის, საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი ნდობაც.“
საქართველოს ბანკის ციფრული ადაპტაციის პროგრამა სულ ახლახან დაიწყო. Forbes Woman კი დარწმუნებულია, რომ პროექტი მკითხველისთვის მეწარმე ქალების უფრო მეტი წარმატების ისტორიის გაზიარების შესაძლებლობას მოგვცემს.