გასულ საუკუნეში STEM მიმართულებებში (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ქალთა ჩართულობა კრიტიკულად დაბალი იყო. ბოლო წლებში ამ მიმართულებებით პოზიტიური ცვლილებები სახეზეა, თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობა კვლავ მცირეა და ამ სფეროში ქალი პროფესიონალების რაოდენობაც ნელი ტემპებით იზრდება.
OECD, თავის კვლევებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ გოგონებს ტექნოლოგიების მიმართულებით კარიერის დაგეგმვაში საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები უშლის ხელს. ცნობისთვის, ადრეულ ასაკში გოგონები მათემატიკასა და მეცნიერებაში უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები, თუმცა STEM მიმართულებებს სამომავლო კარიერას ოცი გოგონადან მხოლოდ ერთი უკავშირებს; იგივე მაჩვენებელი ბიჭებში ხუთიდან ერთია.
Forbes Woman-ის რესპოდენტები, რომლებიც ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობენ, ხშირად იმეორებენ, რომ აუცილებელია ახალგაზრდებს ჰყავდეთ მისაბაძი ადამიანები ან მენტორები, რომლებიც გოგონებს მოუყვებიან თავიანთ კარიერაზე, იმ ბარიერებსა და გამოწვევებზე, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში მუშაობისას შეიძლება წამოიჭრას და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც მათ უახლესი ეპოქის მნიშვნელოვანი კომპონენტი – ტექნოლოგიები სთავაზობს.
ტექნოლოგიურ გიგანტებში დასაქმებული ქალები ბარიერებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზს გენდერულ სტერეოტიპებს უსვამენ. მათი რჩევებიც გოგონებისთვის ამგვარ შეხედულებებთან გამკლავებას უკავშირდება. მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებული ჩვენი რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ტექნოლოგიები სწორედ ის სფეროა, სადაც ქალებს უამრავი საინტერესო თავგადასავალი და შესაძლებლობა ელით.
ელენე კავთელაძე – Software Development Engineer, Amazon
„XXI საუკუნეს ხშირად ტექნოლოგიების საუკუნედ მოიხსენიებენ, თუ გსურთ მონაწილე იყოთ სამყაროში მიმდინარე ცვლილებების და ამასთანავე ინტერესიც გაქვთ, აუცილებლად მიჰყევით ამ გზას ბოლომდე. ეს სულაც არ არის მარტივი არჩევანი, დროდადრო შეიძლება ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდეთ, ბევრი ისეთი პრობლემა შეგხვდეთ, რომელთა გადაჭრის გზაზეც თავდაპირველად წარმოდგენაც არ გექნებათ, მაგრამ თუ ამას არა ბარიერად, არამედ გამოწვევად აღიქვამთ, საბოლოოდ აუცილებლად დაძლევთ მას და დასახულ მიზანსაც მიაღწევთ. რადგან გზა სულ არის, არ შეგეშინდეთ მარცხის, თუნდაც მცირე გამარჯვებისთვის იბრძოლეთ, ის დაგავიწყებთ წარსულ სიძნელეებს და ყოველ ჯერზე დაგარწმუნებთ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში.“
ანანო ბოდოკია – Software Engineer, Microsoft
„პროფესიის შერჩევისას, ბევრი ეცდება მიგვითითოს ამ სფეროში ქალთა შესაძლებლობებზე, სხვადასხვა სტერეოტიპული შეხედულებების ზეგავლენით, მნიშვნელოვანია, არ მივაქციოთ ყურადღება ამგვარ ჩარევებს და ვკონცენტრირდეთ საკუთარ სურვილსა და ინტერესებზე.
ტექნოლოგიებში ჩართულობა ნიშნავს მუდმივ ზრდას, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას, ბევრ გამოწვევასა და თავსატეხს – ყველაფერი ეს ძალიან საინტერესოს ხდის ყოველდღიურობას. წარმატების მიღწევის ფორმულა ამ სფეროში, ისევე როგორც სხვა მრავალ სფეროში არის ცოდნა, შრომა და გამბედაობა, შესაძლებლობები კი უსაზღვროა.“
ქეთი ურიდია – Software Development Engineer, Amazon
„მახსოვს, მეექვსე კლასში, როცა კლასელ ბიჭებთან ერთად ვეკუაში გადასვლა გადავწყვიტე, მათემატიკის მასწავლებელმა მითხრა: „ესენი კარგი, ბიჭები არიან, მაგრამ შენ რა გინდა იქ?“ მიუხედავად იმისა, რომ „ამაზონში“ ვმუშაობ და წარუმატებელი პროგრამისტი არ მეთქმის, ეს ისტორია დღემდე ცუდად მახსენდება. სკოლაში ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ბიჭის ტვინი სულ სხვაა. ის კი არა, გოგოს თუ ტექნიკური საგნები კარგად გამოსდიოდა, ამბობდნენ, ბიჭის ტვინი აქვსო. მინდა გოგონებს ვუთხრა, რომ ჩვენი მოტყუება მარტივია მაშინ, როცა საკუთარ თავში ეჭვი გვეპარება. ნურასდროს მისცემთ ვიღაცის მცდარ წარმოდგენას ნებას შეგაწყვეტინოთ იმის კეთება, რაც მოგწონთ. აკეთეთ საყვარელი საქმე და შრომა აუცილებლად სათანადოდ დაგიფასდებათ.“
თამარ მახარაშვილი – Hardware Design Engineer, Google
„რთული გამოწვევაა, როდესაც მიდიხარ სფეროში, რომელსაც ძალიან ბევრი „ქალურ პროფესიად“ არ აღიქვამს. ამ დროს, აბსურდულია პროფესიების ასე დაყოფა. ვფიქრობ, ჩვენვე უნდა დავამსხვრიოთ ეს მითები საზოგადოებაში. გოგონებმა, რომელთა გადაწყვეტილებასაც მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, უნდა იპოვონ როლური მოდელები და გააცნონ გარშემომყოფებს, დაანახონ, რომ შეუძლებელი არაფერია გოგონებისთვის, მით უფრო ტექნოლოგიების სფეროში.
აქ წარმატებას თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, ამასთან, ინოვაციურობა და მუდმივი თვითგანვითარების სურვილი აუცილებელი თვისებებია – ყოველივე ეს გვაქცევს მაღალკვალიფიციურ ინჟინრებად, რომლებზეც დღეს ძალიან მაღალი მოთხოვნაა.“
თამუნა გელდიაშვილი – Software Development Engineer, Amazon
„მეცნიერება და ტექნოლოგიები ძალიან საინტერესო სფეროა. ეს ის ადგილია, სადაც შენი განსხვავებული აზროვნება, კრეატიულობა და შესაძლებლობები მაქსიმალურად შეგიძლია გამოიყენო.
გოგონებს ვეტყოდი, რომ კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ ოცნებებსა და ინტერესებზე კონცენტრირდნენ, გადადგან გაბედული ნაბიჯები და სირთულეების გადალახვა შესაძლებლობად აქციონ. ეს ყველაფერი ინსტიქტურ მოქმედებებად ისე მალე იქცევა, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებენ.
ამასთან, ყოველი დაძლეული სირთულე ჩვენი საინტერესო და თავგადასავლებით სავსე გამოცდილების ნაწილი ხდება, რომელსაც მოგვიანებით სიამაყით მოვყვებით ხოლმე.“
ანა გოროზია – Software Engineer, Microsoft
„ტექნოლოგიები დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ეს სფერო იმდენად მრავალფეროვანია, ვფიქრობ, ყველა ინტერესის მქონე ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო მიმართულებას. განსაკუთრებით ეს უნივერსიტეტში სწავლისას გავიაზრე. ძალიან სასიამოვნოა შეგრძნებაა, როცა იაზრებ, რომ შენით შეგიძლია შექმნა რაიმე მობილური აპლიკაცია, ვებ-საიტი და თამაშიც კი!
სწავლის და მუშაობის პერიოდში, რა თქმა უნდა, იქნება მომენტები როცა რაღაც არ გესმის, არ გამოგდის, მაგრამ მსგავსი დაბრკოლებების შედეგად ბევრად მეტს ვსწავლობთ, გამოცდილებასაც ვიღებთ და შესაძლოა არსებულზე უკეთესი და მარტივი გადაწყვეტაც მოგვაფიქრდეს.“
მარიამ ბეჟაშვილი – Software Engineer, Google
„გოგონებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან, ვურჩევდი, რომ მიყვნენ თავიანთ ინტერესებს, არ მოუსმინონ ისეთ უარყოფით კომენტარებს, როგორიცაა „გოგოს რად უნდა მათემატიკა, პროგრამირება, უნივერსიტეტი“, „ბიჭის ტვინი მაინც სულ სხვაა“ და ა.შ. მთავარია, ყოველთვის გაითვალისწინონ, როგორ წარმოუდგენიათ ცხოვრება ათი, ხუთი ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ – მოსწონთ თუ არა ის გზა, რომელზეც მათი არჩევანი წაიყვანს.
საერთოდაც, ყოველთვის, როცა რამე ისე არ გამოდის, როგორც უნდოდათ, არ უნდა დანებდნენ და ეძებონ ახალი შესაძლებლობები. ამგვარ თემებზე საუბრისას, ჩემი ფავორიტი პერსონაჟის სიტყვები მახსენდება – „ხანდახან ცხოვრება ჰგავს ბნელ გვირაბს, რომლის ბოლოშიც ყოველთვის სინათლე არ ჩანს ხოლმე, თუმცა, თუკი არ გაჩერდებით… აუცილებლად უკეთეს ადგილას აღმოჩნდებით.“
სოფიო შინჯიკაშვილი – Software Engineer, Microsoft
„რთულია, დასახო გეგმა და დაიჯერო, რომ გამოგივა. როგორც ჰენრი ფორდი ამბობს, „არ აქვს მნიშვნელობა, ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ – ორივე შემთხვევაში მართალი ხართ.“ სირთულეებმა მასწავლა, რომ ყოველი დაცემიდან ახალი ცოდნით დგები ფეხზე, ახალი უნიკალური გამოცდილებით, რაც, თუ სწორად გააანალიზებ, მომავალში დიდ უპირატესობას მოგცემს. მთავარია გამძლეობა და სიმამაცე, რომ მარცხისა და წარმატების შეუქცევადობა აღიარო.
არ დაუჯეროთ ფრაზებს: „ეგრე მარტივი ხომ არაა“, „რამე უფრო გოგოს შესაფერისი რომ გეცადა?!“ არ დაუჯეროთ „კეთილისმსურველ“ შეგონებებს, თუმცა ნუ გაბრაზდებით მათზე. მათი აზრის შესაცვლელად საუკეთესო გზა თქვენი წარმატებაა. აჩვენეთ, რომ შეძელით და ისინი ამ ფრაზებს სამუდამოდ დაივიწყებენ.“
ჩვენი რესპოდენტების გამოცდილება და თავგადასავლები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქალების ადგილი ყველგან არის, მით უფრო ტექნოლოგიებში, სადაც მათი შესაძლებლობები უსაზღვროა.