მილიარდერი ქალები უფრო ნაკლებად არიან ყურადღების ცენტრში, ვიდრე მამაკაცები. არადა 2021 წლის სიაში მილიარდერებს შორის 328 ქალია – 36 პროცენტით მეტი, ვიდრე გასულ წელს. ამასთან, სიაშია მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალიც, რომელმაც აღნიშნული ქონება საკუთარი შრომით დააგროვა.
Forbes-ის მილიარდერების სიის უახლესი მონაცემების მიხედვით, წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე მეტი მილიარდერი ქალი ჰყავთ.
სიის ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ყველაზე მეტი, 85 მილიარდერი ქალის სამშობლოა. აღნიშნული 85 ქალის კაპიტალი ჯამში განსაცვიფრებელი რიცხვი – $555.9 მილიარდია. ალის უოლტონი, საერთაშორისოდ ცნობილი საცალო იმპერიის, Walmart-ის, მემკვიდრე აშშ-ში ყველაზე მდიდარი ქალია, რომლის კოლოსალური კაპიტალიც $65.9 მილიარდია. მას $56.9 მილიარდით მოსდევს მაკკენზი სკოტი და ჯულია კოხი $47.3 მილიარდით.
სიაში მეორე პოზიციას გერმანია იკავებს, ვინაიდან ქვეყანაში 29 მილიარდერი ქალია და მათ მიერ დაგროვებული კაპიტალი $102.5 მილიარდია. გარდა ამისა, 29 მილიარდერი ქალიდან შვიდი გერმანიის ჯანდაცვის ინდუსტრიაში მოღვაწეობს.
მესამე ადგილზეა ჩინეთი, 26 მილიარდერი ქალით. ჩინეთში 26 ქალი მილიარდერის საერთო კაპიტალი $165.7 მილიარდია. აღნიშნულ ქალებს შორის ყველაზე მდიდარია 39 წლის იანგ ხუეი იან $29.6 მილიარდიანი კაპიტალით, რომელიც მეტწილად უძრავი ქონების ინდუსტრიიდან დააგროვა.
იტალია (13) და ჰონგ-კონგი (10) იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც 10 ან მეტი ქალი მილიარდერია და, შესაბამისად, სიაში მეოთხე და მეხუთე ადგილს იკავებენ. ფარმაცევტული სფეროს ბიზნეს-მაგნატი მასიმილიანა ლანდინი ალეოტი იტალიის უმდიდრესი ქალია $9.1 მილიარდით და იგივე ითქმის ჰონგ-კონგელ ტექ-ინოვატორ ჭოუ ციუნ ფეიზე, რომლის კაპიტალიც $15.4 მილიარდს შეადგენს.
მეექვსე ადგილს ინაწილებენ ავსტრალია, ბრაზილია და შვეიცარია, რომელთაგან თითოეულს 9 მილიარდერი ქალი ჰყავს, ხოლო მეშვიდე ადგილზე შვიდი მილიარდერი ქალით გადანაწილდნენ ინდოეთი, ესპანეთი და შვედეთი.
საინტერესოა, რომ საფრანგეთი მერვე პოზიციაზეა ხუთი მილიარდერი ქალით, რომელთა ჯამური კაპიტალი $95 მილიარდია. ამ უკანასკნელის 77% ფრანსუაზ ბეტანკურ მეიერსს ეკუთვნის. პირადი ჰიგიენური საშუალებების გიგანტის დამფუძნებლის L’Oreal-ის შვილიშვილის კაპიტალი $73,6 მილიარდია, რაც მას საფრანგეთისა და მსოფლიოს უმდიდრეს ქალად აქცევს.
სიის ბოლო ორი პოზიციაც რამდენიმე სახელმწიფოზე ნაწილდება. კერძოდ, მეცხრე ადგილს იყოფენ კანადა, დანია, სამხრეთ კორეა და თურქეთი 4 მილიარდერი ქალით. ხოლო მეათე ადგილს იკავებენ ისრაელი, ნორვეგია, რუსეთი და გაერთიანებული სამეფო სამი მილიარდერი ქალით.