ბილ გეითსი Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

Photo Credits to Jack Taylor/Getty Images

2020 წლის 13 მარტს ამერიკელმა მილიარდელმა ბილ გეითსმა კომპანიების Microsoft-ისა და Berkshire Hathaway-ის დირექტორთა საბჭოები დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად გეითსი ისეთ ფილანტროფიულ პრიორიტეტებზე კონცენტრირების სურვილს ასახელებს, როგორიცაა გლობალური ჯანმრთელობა, განათლება და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა.

თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბილ გეითსის მიერ პლატფორმა Linkedin-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომელშიც ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ Microsoft-ისა და Berkshire Hathaway-ის მენეჯმენტი არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე ახლა და ამ ნაბიჯის გადადგმისათვის დრო შესაფერისად მიაჩნია. მიუხედავად ოფიციალური თანამდებობის დატოვებისა, გეითსი Microsoft-თან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს.

„რაც შეეხება Microsoft-ს, საბჭოს დატოვება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კომპანიასთან კავშირის გაწყვეტას. Microsoft-ი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრებისეული შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი და მე გავაგრძელებ მონაწილეობას სატიასა და ტექნიკურ ლიდერშიფთან ერთად კომპანიის ხედვის ფორმირებასა და კომპანიის ამბიციური მიზნების მიღწევაში.“ – ნათქვამია გეითსის განცხადებაში.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა Microsoft-მაც, სადაც აღნიშნულია, რომ 2007 წლის 27 ივნისიდან მოყოლებული გეითსი ჩამოშორდა კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, რათა მეტი ყურადღება დაეთმო საქველმოქმედო ფონდის Bill & Melinda Gates Foundation საქმიანობისათვის. ფონდის პირველად მიზნებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და უკიდურესი სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ფონდმა გასულ თვეში 100 მლნ დოლარი დახარჯა კორონავირუსის საწინააღმდეგო აქტივობაზე.