როგორ შეიძლება შეცვალოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ჯო ბაიდენმა

Photo Credits to Charlie Neibergall/AP

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების მოსაზრებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე სფეროს მკვლევარებისათვის მორიგი დისკუსიის საგანი გახდა. ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის იდეები აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მსგავსებებზე, განსხვავებებსა და პრიორიტეტებზე ბევრის თქმის საშუალებას იძლევა. დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ხილვა მისი პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში შევძელით. ხოლო თუკი არჩევნების ამჟამინდელ შედეგებს დავეყრდნობით, ამჯერად საკუთარ ხედვებს ჯო ბაიდენი გამოცდის. თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც გვიხილავს საქმეში პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში. თუმცა, ამჯერად მისი პოლიტიკა ახალ სვლებს მოიაზრებს თუ ძველის გადამღერება იქნება ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. წინასაარჩევნო კამპანიაზე დაყრდნობით გარკვეული მოლოდინების შექმნა შეგვიძლია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი კონკრეტულ სახელმწიფოსთან თუ რეგიონთან მიმართებით.

ევროკავშირი და NATO

Photo Credits to Michaela Rehle/Reuters

ჯო ბაიდენის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას მულტილატერალურ ურთიერთობებში ტრამპისაგან სრულიად განსხვავებული ხედვა წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ ტრამპი მეტად კრიტიკული ტონით საუბრობდა ტრანსატლანტიკურ სახელმწიფოებთან. იგი მკაცრად ითხოვდა NATO-ს საწევრო გადასახადის, 2%-ის, კონტროლს, რამაც, შეიძლება ითქვას, რომ მას ურთიერთობა გაუფუჭა ევროპის მრავალ ლიდერთან. ჯო ბაიდენისათვის NATO ერთ-ერთი ყველაზე მყარი საყრდენია. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რას მოიმოქმედებდა პირველ რიგში პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ იგი მოიწვევდა NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრას სამომავლო პერსპექტივებზე სასაუბროდ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეერთებული შტატების ტონი NATO-ს დაფინანსებასთან მიმართებით შერბილდება მისი ერთობის შენარჩუნების მოტივით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დონალდ ტრამპს საკმაოდ რადიკალური პოზიცია ეკავა, ეს გახლდათ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა. იგი ცდილობდა ევროპულ სახელმწიფოთა თანამეგობრობა შეემზადებინა რუსეთისაგან მომავალი საფრთხისათვის. საინტერესოა თუ როგორ პოზიციას დაიკავებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი, უნდა ველოდოთ მისგან დიპლომატიურ ნაბიჯებს თუ მკაცრ რიტორიკას, ამას მალე შევიტყობთ.

თურქეთი

Photo via AA Photos

NATO-სა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს NATO-წევრი სახელმწიფოს, თურქეთის ბოლოდროინდელი დაძაბულობა სტრატეგიულ პარტნიორთან. პირველად თურქეთის მიერ რუსეთისაგან საჰაერო თავდაცვითი შეიარაღების შეძენამ შეარყია მისი და შეერთებული შტატების მყარი სტრატეგიული პარტნიორობა. თუმცა, ამის ფონზეც კი დონალდ ტრამპის რიტორიკა პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ არ იყო ზედმეტად ხისტი. იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ერდოღანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მეტიც, ტრამპი თავს იკავებდა თურქეთისათვის რუსული შეიარაღების ყიდვის გამო სანქციების დაწესებისაგან, მიუხედავად კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებისა. სწორედ ამის გამო, ხშირად ისმოდა ბრალდებები მის მიმართ, თითქოს იგი ავტორიტარ ლიდერებთან საკმარისად მკაცრ პოლიტიკას არ ატარებდა. სფეროს მკვლევარები და ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ახალი ადმინისტრაციისაგან თურქეთის და კერძოდ, პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ხისტ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. არის მოსაზრებაც, რომ ბაიდენი ტრამპის მიერ მრავალგზის აღკვეთილ სანქციათა პაკეტს სისრულეში მოიყვანს და ამით თურქეთს გაფრთხილებას მისცემს. ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დროებით შეჩერებული F-35-ების პროგრამა, ბაიდენის პრეზიდენტობისას სრულიად დაიხურება და თურქეთი ვეღარ შეძლებს დაახლოებით 100 საბრძოლო თვითმფრინავის შეძენას მანამ, სანამ უარს არ იტყვის S-400 თავდაცვით სისტემებზე. თუმცა, როგორც ერდოღანისაგან მრავალჯერ მოვისმინეთ, იგი ამის გაკეთებას არ აპირებს. ასევე, შეგახსენებთ, რომ თურქეთი ბოლო დროს აქტიურად არის ჩართული რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებში სირიაში, ლიბიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მას დაძაბული ურთიერთობა აქვს NATO-ს წევრ სხვა სახელმწიფოებთან, საბერძნეთსა და საფრანგეთთანაც. თუმცა, თურქეთი შეერთებული შტატებისათვის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ დასაყრდენ ძალას წარმოადგენს, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ჯო ბაიდენი შეეცდება ზემოთ განხილული პრობლემები დიპლომატიური გზებით მოაგვაროს.

რუსეთი

Photo Credits to Alexander Zemlianichenko/AP

დონალდ ტრამპის მისამართით მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ისმოდა ბრალდებები მისი კრემლთან ახლო კავშირის შესახებ. მეტიც, ტრამპის პრეზიდენტად არჩევასაც კი მის ახლო კავშირებს მიაწერდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებთან. ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებდა რუსეთის დადანაშაულება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ეს იარლიყი კი მას დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვა. მეორე მხრივ, ყველას კარგად გვახსოვს ობამას „გადატვირთვის პოლიტიკა“, რომელმაც მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია. ბევრი მკვლევარი სწორედ ობამას პასიურ პოლიტიკას მიაწერს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციასა თუ რუსეთის პოზიციების განმტკიცებას ახლო აღმოსავლეთში. თავის მხრივ, ვერც ტრამპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ მკაცრ და ხისტ პოლიტიკას ატარებდა. ფაქტია, რომ მისი პრეზიდენტობის დროს კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესები განელდა, რასაც რუსეთის პოზიციების გამყარება მოჰყვა ყარაბაღის კონფლიქტში ფასილიტატორის როლში ჩაბმით. ნამდვილად საინტერესოა, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებით და როგორი იქნება საქართველოსა და უკრაინის როლი ამ ყველაფერში. როგორც ვიცით, ჯო ბაიდენი ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოების წინააღმდეგიც არ არის. ამიტომ, დაველოდოთ თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება რუსეთისაგან წამოსული აგრესიის შესაჩერებლად უახლოეს მომავალში. ასევე, უნდა ველოდოთ, რომ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმებას მიაღწევენ ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე.

ისრაელი და არაბული სახელმწიფოები

დონალდ ტრამპის პოლიტიკა ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების მიმართ დიდი დავის საგანს წარმოადგენდა. თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ რა შედეგების მომტანი იქნება მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტია, რომ იგი აუცილებლად შევა ისტორიაში. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დონალდ ტრამპის პირადი ძალისხმევის შედეგი გახლდათ ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ისრაელთან ოფიციალური შეთანხმებების გაფორმება, რომლის შემდეგაც ისინი შეუერთდნენ არაბულ სახელმწიფოთა იმ მცირე სიას, რომელთაც ისრაელთან გარკვეული ურთიერთობები აკავშირებთ. თუკი სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავად დონალდ ტრამპის სიტყვებს დავუჯერებთ, იგი არ აპირებდა მხოლოდ ამაზე გაჩერებას და ამ სიის გაფართოებას გეგმავდა. სუდანი უნდა ყოფილიყო შემდეგი სახელმწიფო მისი პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ საგარეო პოლიტიკის ამ ფლანგზე საქმის გართულებასა და პროცესის შენელებას არ უნდა ველოდოთ ჯო ბაიდენის მხრიდან. ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დალაგებას ისიც პრიორიტეტად მიიჩნევს, ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც ჯო ბაიდენი დაიშურებს ძალისხმევას გააგრძელოს დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული საქმე. დონალდ ტრამპს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთანაც. მისივე დამსახურებად შეგვიძლია ჩავთვალოთ შეერთებული შტატების ნაბიჯი, როდესაც მათ ისრაელში აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანეს. ამასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზი და არ უნდა ველოდოთ, რომ ჯო ბაიდენი საელჩოს უკან დაბრუნებას მოითხოვს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჯო ბაიდენი პალესტინელებისათვის ყურადღების მიქცევას საერთოდ არ აპირებს. იგი გეგმავს ვაშინგტონში თავიდან გახსნას პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის მისია. საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბაიდენის მიდგომა ებრაულ-არაბულ პოლიტიკასთან დაკავშირებით იქნება უფრო მეტად ძველის გაგრძელება, ვიდრე გადატვირთვის მცდელობა. აღნიშვნის ღირსია დონალდ ტრამპისა და საუდის არაბეთის მეფის, სალმანის, ახლო ურთიერთობაც. ფაქტობრივად, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს თურქეთისა და ისრაელის შემდეგ რეგიონში ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად მიიჩნევდა. თუმცა, ამის პარალელურად სულ უფრო მეტი ბრალდება ისმოდა საუდის არაბეთის მისამართით ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მხრიდან, რაზეც დონალდ ტრამპი თვალებს ხუჭავდა. ჯო ბაიდენისაგან საუდის არაბეთის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას უნდა ველოდოთ. რაც შეეხება რეგიონში სამხედრო კონტიგენტის შემცირებას, ჯო ბაიდენი ტრამპის პოლიტიკას ამ ნაწილში ეთანხმებოდა. ავღანეთიდან და ერაყიდან ჯარების გაყვანა გაგრძელდება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროსაც.

ირანი

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რაზეც ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის შეხედულებები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა – ეს ირანთან შეერთებული შტატების მიდგომებს ეხებოდა. მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპი 2018 წელს ცალმხრივად გამოეთიშა ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმდა. ბირთვული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მომხრე კი იმ დროს სწორედ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახლდათ. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ შეერთებული შტატები ისევ შევა ბირთვულ შეთანხმებაში, რამაც შესაძლოა მეტი პრობლემები გამოიწვიოს. ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის მიდგომები ირანთან მიმართებით მეტისმეტად ხისტი იყო. მისი პრეზიდენტობის დროს დაწესებულმა სანქციებმა თითქმის ყველა შესაძლო სფეროზე, ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაასუსტა. ბოლო პერიოდში კი პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა ირანს მედიკამენტების დეფიციტიც გაუჩინა. ჯო ბაიდენი, როგორც უკვე აღვნიშნე, აპირებს ბირთვული შეთანხმება კვლავ აამოქმედოს და ირანს მოსთხოვოს ატომური რეაქტორებისა და ცენტრიფუგების კონტროლი მანამდე გათვალისწინებულ ნიშნულებს დაუბრუნოს. თუმცა, შესაძლოა ეს ნაბიჯები ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ არ გადადგას, ვინაიდან 2021 წელს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჯო ბაიდენი ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას მიანიჭებს უპირატესობას. მნიშვნელოვანია თუ როგორ პოზიციას დაიკავებენ ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისრაელი და საუდის არაბეთი. ამიტომ, ჯო ბაიდენს დიდი დიპლომატიური საქმიანობის გაწევა მოუწევს, რათა საკუთარი გადაწყვეტილებით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს.

ჩინეთი

Photo Credits to AFP/Getty Images

ბოლო წლებში ჩინეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მკვეთრად აკრიტიკებდნენ როგორც დონალდ ტრამპი, ისე ჯო ბაიდენიც. წარსულში ბიზნეს საქმიანობით დაკავებული ამერიკის პრეზიდენტი განსაკუთრებით მწვავედ ჩაება ჩინეთთან ეკონომიკურ ომში, რამაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო ხისტი სახე მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. ტრამპისაგან განსხვავებით დემოკრატი ჯო ბაიდენი ჩინეთს ტაივანისა და ჰონგ-კონგთან ურთიერთობების გამოც აკრიტიკებს. საინტერესო ისაა თუ როგორ გზას აირჩევს ჯო ბაიდენი. გააგრძელებს ჩინეთისა და ჩინური კომპანიების მიმართ შემზღუდავ პოლიტიკას თუ გადაწყვეტს ურთიერთობების დალაგებას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის ახლო ურთიერთობას, უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველი რასაც მხარეები გააკეთებენ, ეს იქნება მოლაპარაკებების დაწყება. ფაქტია, რომ მხარეებმა საერთო ენა უნდა გამონახონ. საერთო პრობლემა, რომლის ირგვლივაც გაერთიანდებიან შესაძლოა მათთვის დამატებითი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს.

საინტერესოა გამართლდება თუ არა პროგნოზები, რომლებიც არსებობს ჯო ბაიდენი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა სულაც ახალი სტრატეგიები ვიხილოთ ან უბრალოდ ახლებური ტაქტიკა და მიდგომები. თუმცა, ამ ყველაფერზე პასუხი, სავარაუდოდ, მისი ინაუგურაციის შემდეგ გვეცოდინება.