ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის შემდეგ „ბიბლუსი ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში, ბიბლუსი, პეპელა და XS სათამაშოები, რეორგანიზაცია დაიწყება. აღნიშნული განცხადება კომპანიამ ფეისბუქზე გაავრცელა.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, “ბიბლუსი ჯგუფში” შემავალ კომპანიებს, ისევე როგორც მრავალ სხვა კომპანიას, სრულად შეგვეზღუდა ეკონომიკური საქმიანობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენი კომპანიის შემოწმება ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლების მიერ და სიტყვიერად მივიღეთ დადებითი შეფასება, ჯერჯერობით კვლავ არ მიგვიღია ოფიციალური ნებართვა ონლაინგაყიდვების გასაახლებლად. ასევე, მოკლებული ვართ შესაძლებობას, პროდუქცია მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორ სუპერმარკეტის ქსელებს. ჯგუფში შემავალი კომპანიების საქმიანობა სრულად არის პარალიზებული. არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია იძულებულია დაიწყოს რეორგანიზაციის პროცესი და მაღაზიათა ქსელის შემცირება, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. რეორგანიზაცია შეეხება ჯგუფში შემავალ სამივე ქსელს: ბიბლუსი, პეპელა, XS სათამაშოები. ამ ეტაპზე კომპანიის უმთავრესი ამოცანაა, მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა თანამშრომელი და ქსელი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ავითარებდა, თუმცა არსებული რეალობა აღარ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. მთელი ჩვენი გუნდი მოწოდებულია იმისათვის, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი და მინიმალური დანაკარგებით შევხვდეთ არსებულ გამოწვევებს. იმედი გვაქვს, მთავრობა მოკლე დროში გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ბიზნესის დასახმარებლად ამ ყველასათვის რთულ პერიოდში. დიდი მადლობა ყველა ჩვენს გულშემატკივარს, ჩვენს მკითხველს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა, რაც ასე მკაფიოდ ვიგრძენით ბოლო პერიოდში. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დაგიბრუნდებით. გისურვებთ ჯანმრთელობას.“