გულნარა (გუნა) ბიბინეიშვილი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. ის შშმ პირთა უფლებადამცველია. გუნას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის შშმ ბავშვთა მშობელთა მოძრაობის დაფუძნებასა და გაძლიერებაში, მათი ინტერესების ადვოკატირებაში.
გუნამ შეძლო მარნეულში გრძელვადიანი პერსპექტივით დაეწყო პირველი სოციალური პროგრამის განხორციელება რაიონში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის. ის განსაკუთრებულ ძალისხმევას ხარჯავს, რათა დაეხმაროს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ შშმ ბავშვთა მშობლებს სოციალური იზოლაციიდან თავის დაღწევაში.
გუნა აქტიურად მუშაობს შშმ პირთა სოციალური სერვისების განვითარების, გაუმჯობესებისა და გაფართოვებისთვისაც. ის არის შშმ პირთათვის პირველი სოციალური სერვისის, დღის ცენტრის პროგრამის ინიციატორი, რომელიც 2005 წლიდან დღემდე წარმატებით მუშაობს. ის გახლავთ საქართველოში ინკლუზიური განათლების შემოტანის ერთ-ერთი ინიციატორი და შშმ პირთა საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.
მასალა მომზადებულია ნომინაციაზე გუნა ბიბინეიშვილის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.