ახალი სიცოცხლის სამსახურში — ინტერვიუ ზეინაბ ბერიძესთან

ფოტო: გოგიტა სურმანიძე

თითოეულ პროფესიას თავისი სირთულეები და გამოწვევები ახლავს თან, მაგრამ არსებობს პროფესიები, რომლებიც დიდ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, განუზომელ ადამიანურ რესურსს, დროს, ენერგიას მოითხოვენ და სწორედ ასეთია ექიმის პროფესია.

მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში დგება წამები, როდესაც ექიმის ხელში ერთდროულად ორი ადამიანის სიცოცხლეა და მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ახალი სიცოცხლის ბედი და დედობის ძვირფასი შეგრძნების მინიჭება მშობლისთვის.

გაგაცნობთ ქალბატონს, რომლის პრაქტიკულ საქმიანობაშიც რთული ქეისები და მრავალწლიანი უშვილობის შემდეგ მიღებული ორსულობები უკვე დიდი ხანია ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა, თითოეული ახალი სიცოცხლის მშობელთან შეხვედრით გამოწვეულ ემოციას ის პაციენტთან ერთად დღესაც პირვანდელი სიმძაფრით განიცდის.

მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი-ქალბატონი ზეინაბ ბერიძე ბევრი ქალისთვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის თანამონაწილეა. ამიტომ, ექიმისა და პაციენტების კლინიკის კედლებში დაწყებული მეგობრობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

პროფესიული არჩევანი და კარიერული გზა

ზეიკო ბერიძე: სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ მქონია. ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო წარმატებული მეან-გინეკოლოგი და ვფიქრობ, ამ ფაქტორმა იქონია გავლენა ჩემს პროფესიულ არჩევანზე. მოსკოვის სამედიცინო აკადემია დავამთავრე, იქვე გავიარე ორდინატურა, 1998 წელს ჩამოვედი ბათუმში და დავიწყე მუშაობა ახლანდელ დედათა და ბავშვთა ცენტრში, სამეანო-გინეკოლოგიურ სტაციონარში და პარალელურად ახალგახსნილ რეპროდუქციულ კაბინეტში. ამ კლინიკაში მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება მაქვს და წლების მანძილზე არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა.

სამეანო-გინეკოლოგიური პრაქტიკის პარალელურად 2014 წლიდან შევუერთდი ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის ბათუმის გუნდს. რეპროარტში, რომლის ძირითადად საქმიანობას რეპროდუქციული მედიცინა წარმოადგენს, 2014 წლიდან დღემდე არა ერთ უნაყოფო წყვილს დავეხმარეთ ნანატრი ოცნების ასრულებაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ფოტო: გოგიტა სურმანიძე

2020 წლიდან შევიცვალე სამეანო-გინეკოლოგიური სტაციონარი და ამჟამად ვარ BAU ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გუნდის წევრი. ამავე დროს ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამაზე ვასწავლი მეანობა-გინეკოლოგიას.

მუდმივი განვითარება

ჩვენი პროფესია ყოველდღიურად ვითარდება, ამიტომ, თუ სიახლეებს არ გაეცანი და ფეხი არ აუწყე მიმდინარე პროცესებს, წარმოუდგენელია ჩვენს რეალობაში იყო კარგი ექიმი. მუდმივად ვეცნობი უახლეს კვლევებსა და მიღწევებს, ვხელმძღვანელობ თანამედროვე გაიდლაინებითა და პროტოკოლებით, ვარ ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESHRE), საქართველოს მეანგინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი. ყოველწლიურად ვესწრები საერთაშორისო დონის კონფერენციებსა და კონგრესებს. ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, იმისთვის რომ ჩემს პაციენტებს მკურნალობის თანამედროვე და საუკეთესო მეთოდები შევთავაზო.

ექიმი, როგორც მეგობარი

პირველ რიგში ვარ ადამიანი და მერე ექიმი. თითოეული პაციენტის ემოციური მდგომარეობა ინდივიდუალურია, მათი გრძნობები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე და, რა თქმა უნდა, თანაბრად მნიშვნელოვანი ჩემთვის. თუმცა, განსაკუთრებულად გამოვყოფდი უნაყოფო წყვილებს და მათ ისტორიებს. ხშირად ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან გრძელი გზა აქვთ გავლილი საოცნებო ორსულობამდე და ჯერ კიდევ არ აქვთ შედეგი, ამიტომაც მათი ემოციური ფონი კიდევ უფრო სპეციფიკურია. ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო ცოდნისა და გამოცდილების თანხვედრა ემპათიასთან. თუ ექიმი ბოლომდე არ იზიარებს მათ პრობლემას, როგორი კარგი პროფესიონალიც არ უნდა იყო, ეს არ იქნება საკმარისი.

ამიტომ ვცდილობ, მაქსიმალურად გვერდში დავუდგე თითოეულ პაციენტს. უნაყოფო წყვილი რომ შემოდის ჩემს კაბინეტში და ვიწყებ მათთან მუშაობას, ახალი სიცოცხლის დაბადებამდე მათთან ერთად ვარ. როდესაც მივიღებთ სასურველ შედეგს, თავადვე ვმართავ ორსულობას და ვამშობიარებ კიდეც. საქართველოს რეალობაში ასეთი ექიმები ბევრნი არ ვართ. ამ გზას მთლიანად ერთად გავდივართ და, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო აახლოებს ექიმსა და პაციენტს. ხშირ შემთხვევებში ჩვენი მეგობრობა მშობიარობით არ მთავრდება. პაციენტები მოდიან, გვაცნობენ პატარებს და კონტაქტი გრძელდება, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. მადლიერი პაციენტებით ძალიან განებივრებული ვარ.

ახალი სიცოცხლე

თითოეული წარმატებული ქეისი ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ არანაკლებ ემოციებს იწვევს ჩემში, ვიდრე თავად პაციენტში. როცა იაზრებ, რომ ამ პატარების ქვეყნად მოვლენის პროცესის უშუალო მონაწილე ხარ, ამ ბედნიერების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ყოველი წარმატებული შედეგი მაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს.

ფოტო: გოგიტა სურმანიძე

მეანობას რაც შეეხება, ძალიან საინტერესო, თუმცა, საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ამ დროს ერთდროულად ორი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზეა ექიმი პასუხისმგებელი. მით უფრო, რომ არსებობს საკმაოდ რთულად სამართავი ორსულობები. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის გარეშეც არ არსებობს. საბედნიეროდ, ვმუშაობ ისეთი დონის სტაციონარში, სადაც ნებისმიერი სირთულის პაციენტებისთვის არსებობს ყველანაირი პირობა, ვგულისხმობ როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებს, ასევე მაღალპროფესიონალურ გუნდს, მშობიარისა და ახალშობილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად.

ქალის განწყობის როლი დაორსულების პროცესში

ქალის ემოციური განწყობა ძალიან დიდ როლს თამაშობს დაორსულების პროცესში, ხშირად გადამწყვეტსაც კი. ჩემს პრაქტიკაში არა ერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როცა გაურკვეველი ეტიოლოგიის უნაყოფობის დროს, ქალბატონი ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად აჩენს ბავშვს და გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისთავად დგება მეორე ორსულობა. ეს კი იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ როდესაც ქალი ხდება დედა, მას ეხსნება ყოველგვარი სტრესი და დაძაბულობა და ამ ფონზე ბუნებრივად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დგება ორსულობა.

ექიმი მომავალი ექიმებისთვის

ბოლო რამდენიმე წელია პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და ეს მიმართულებაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის. მახსოვს ჩემი სტუდენტობის პერიოდში როგორ ვიყავი მოწყურებული პაციენტის გასინჯვას, საოპერაციოში ყოფნას, ღამის მორიგეობებს და სხვა პრაქტიკულ საქმიანობას, ამიტომ ვცდილობ ჩემს სტუდენტებს მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება, მინდა მივცე საშუალება გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა მომავალში კარგ ექიმებად ჩამოყალიბდნენ.

ოჯახი და პროფესია

ყოველთვის ვცდილობდი ბალანსის დაჭერას ოჯახსა და სამსახურს შორის, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია, რადგან ჩვენს პროფესიას მიაქვს ძალიან დიდი დრო და ენერგია.

მაქსიმალურად უნდა ეცადო არ გამოტოვო მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები. კარგი იქნება, მეტი დრო მქონდეს ოჯახისთვის, მაგრამ როდესაც ირჩევ ექიმის გზას, თავიდანვე გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ეს პროფესია თავის გადადებას და ხშირად პაციენტების ცხოვრებით ცხოვრებას გულისხმობს.