პროფესიული თამასის სიმძიმე – ინტერვიუ სოფიო ბერიძესთან

დაბრკოლებებს კი არ გაურბის პირიქით მათკენ მიიწევს, მათზე გამარჯვების მიზნით. ასე იყო მაშინაც, როცა წარჩინებულ მოსწავლეს ურჩიეს, რომ სწავლა ბათუმში გაეგრძელებინა, რადგან თბილისში ჩაბარება იმდროინდელი კორუფციის გათვალისწინებით თითქმის შეუძლებელი იყო და შესაბამისად, ცდადაც არ ღირდა. სოფიომ მაინც სცადა და გამოვიდა, გამოვიდა და დაიწყო პროფესიის დაუფლების გრძელი და რთული გზა, გზა, რომელიც მისგან ტიტანურ შრომას მოითხოვდა. პროფესიული ცხოვრება არც შემდეგ გამარტივებულა, თუმცა სოფიო ბერიძე ერთგულია იმ ენერგიის, რომელიც ექიმობის ოცნებასა და პროფესიის დაუფლებაში ჩადო.

ფოტო: გოგიტა სურმანიძე

ექიმების ოჯახის წევრს სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია. სოფიოს თაობას მედიცინის სპეციალობის დაუფლება არაკომფორტულ გარემოში მოუწია. მისი სტუდენტობა საქართველოში ისტორიული კორუფციის პიკს ემთხვევა, ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ამ ბარიერების გადალახვის შემთხვევაში ახერხებდნენ, თუმცა აბიტურიენტობისას გავლილი რთული გზა, შემდეგ ეტაპზე ხშირად მათ დემოტივაციას იწვევდა.

„მიუხედავად სირთულეებისა, შესაძლოა გამიმართლა, შესაძლოა ჩემი ძალისხმევის დამსახურებაც იყო ან ორივეს კომბინაციაც, თუმცა პროფესიის დაუფლებაში წყვეტა არ მქონია. პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლა რეზიდენტურასა და დოქტორანტურაში გავაგრძელე, მეცნიერებასა და პრაქტიკულ დახელოვნებას ერთად გავყევი“.

სოფიო ბერიძის პირველადი სპეციალობა შინაგანი მედიცინაა, ვიწრო სპეციალობად კი მან გასტროენტეროლოგია აირჩია. სოფიო გვიყვება, რომ სტუდენტობისას მისთვის თვალშისაცემი იყო როგორ მოძრაობდნენ პაციენტები, დიდი რაოდენობის კვლევებით, ერთი სპეციალობის ექიმიდან მეორესთან, ჯამში ყველა მედიკოსი თავის წილ პასუხისმგებლობას იღებდა, თუმცა უხშირესად პაციენტის მდგომარეობას ჯამურად ვერ ფასდებოდა; მედიცინაში მსგავსი ფრაგმენტული მიდგომა კი სოფიოს წამგებიანად მიაჩნია.

„შინაგანი მედიცინა ის საბაზისო სპეციალობაა, რომელიც პაციენტს იკვლევს როგორც ერთიან ორგანიზმს და არა მის ცალ-ცალკე ორგანოებს“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დასრულების შემდეგ, მაშინდელ ტრენდს არ აჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი შეთავაზება ჰქონდა, დედაქალაქიდან უკან მშობლიურ ბათუმში დაბრუნდა. ამბობს, რომ წარმატების ძალას ადამიანს ხშირად ფესვები აძლევს, ანუ ადგილი სადაც დაიბადა და გაიზარდა.

„ამიტომაც დავუბრუნდი ჩემს ბათუმს, მაგრამ ბათუმით, ზღვით და იმ თავისუფლებით ტკბობა, რისკენ სწრაფვამაც მშობლიურ ქალაქში დამაბრუნა პრაქტიკულად ჯერ ვერ შევძელი“.

სოფიოს დღესაც ნათლად ახსოვს პირველი პაციენტი, რომელიც პირველ სამსახურში ‒ პოლიკლინიკაში ‒ მიიღო. ახსოვს მისი ანამნეზიც და პაციენტისთვის დამოუკიდებლად მკურნალობის დანიშვნასთან დაკავშირებული მღელვარება, არც კოლეგების მხარდაჭერა ავიწყდება და ზოგადად მიაჩნია, მუდმივად გახსოვს ადამიანები, რომლებიც პირველი პროფესიული ნაბიჯების დროს შენს გვერდით არიან.

ფოტო: გოგიტა სურმანიძე

2013 წელს სოფიო ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მიდის და 2019 წლიდან ამ კლინიკაში ის ხარისხის დირექტორი, თერაპევტი და გასტროენტეროლოგია.

„ძალიან გამიმართლა და პროგრესულ გუნდში მოვხვდი, გუნდში რომელმაც პირველად გაბედა და საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა, რაც ზოგადად ქირურგიის პიკად ითვლება. ეს მაშინდელი საქართველოს რეალობაში დიდ გარღვევად ითვლებოდა. ღვიძლის ტრანსპლანტაცია იყო მოვლენა, რამაც მომცა რწმენა, რომ ჩემს საქმეს მყისიერი და თვლადი შედეგები აქვს, ვხედავ პრაქტიკულად მომაკვდავი ადამიანი როგორ იქცევა ჯანმრთელ, სოციალიზებულ, საზოგადოების რეაბილიტირებულ წევრად, რომელსაც უყვარს, უხარია, უბრუნდება საკუთარ ცხოვრებას. დღეის მდგომარეობით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის 94 ცოცხალი დონორული ტრანსპლანტაციაა ჩატარებული, რითაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე პროცენტულ გადაანგარიშებით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ და შედეგები თითქმის უტოლდება დასავლურ სტატისტიკას, რაც ძალიან გვახარებს და ექიმებს მეტ მოტივაციას გვაძლევს“.

სოფიო საკუთარ თავს ბავშვობიდან მაღალ თამასას უწესებდა, თუმცა მოთხოვნის მასშტაბები პროფესიული ზრდის კვალდაკვალ იზრდებოდა და ახლა ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რომ თუ ექიმი მაქსიმუმს არ გააკეთებს, თუ მას რამე შეეშლება, ამას ადამიანის სიცოცხლის რისკის ფასი ექნება, მის პროფესიაში კი ამაზე მაღალი თამასა არ არსებობს.

„ჩვენი თამასა პირდაპირ ადამიანის სიცოცხლეზე გადის, ეს ძალიან მძიმეა და რაღაც ნაწილში ჩვენ ნაწილ-ნაწილ გვართმევს ძალას. თუ მკითხავთ რა არის ამ ყველაფრის საკომპენსაციო, გეტყვით რომ არ არსებობს არანაირი მატერიალური ნიშნული, რომელიც ექიმების შრომას დააკომპენსირებს. ჩვენი ძალისხმევის მთავარი კომპენსაცია გამოჯანმრთელებული და გადარჩენილი პაციენტები არიან, ექიმისთვის ყველაზე დიდი ჯილდო სწორედ ესაა, რაც გვაძლევს ძალას, რომ ყოველ ახალ ბრძოლაში თავიდან ჩავერთოთ და მზად ვიყოთ ყველაფრის გვერდით გადასადებად. ვერც კი ვიხსენებ ჩემს საყვარელ ბათუმში ზღვაზე ბოლოს როდის ვიყავი“.

სოფიო ბერიძეს მიაჩნია, რომ ექიმის მთავარი ღირებულება პროფესიონალიზმია და ეს მისთვის მთავარი სოციალური პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც არის, რომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად და უწყვეტად ზრუნავს. პრაქტიკული საერთაშორისო გამოცდილება სოფოს მიღებული აქვს ავსტრიის, პოლონეთის, გერმანიის, ესპანეთის სხვადასხვა კლინიკებში, როგორც მოკლევადიანი კურსებით, ასევე ხანგრძლივი დროით.

„საერთაშორისო პრაქტიკის წლები ძალიან დამეხმარა, სამშობლოში ყოველთვის განსხვავებული ვბრუნდებოდი, ცოტა დათრგუნული, მაგრამ იმედიანად, რომ ჩვენც შევძლებდით განვითარებას. ბოლო პერიოდში ჩვენი განვითარება, სამედიცინო მოწყობა არა, მაგრამ ექიმების კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სწორედ ამ საერთაშორისო გამოცდილების მეშვეობით. იმედი მაქვს ასეც გაგრძელდება.

გამოთქმა „კარგი ექიმი“ ალბათ უფრო განვითარებადი ქვეყნების ტერმინია. საქართველოში გვყავს ექიმების თანავარსკვლავედი, მაგრამ არ გვყავს მინიმალური კომპეტენციის დარგის სპეციალისტები იმ რაოდენობით, რომელიც ნებისმიერ პაციენტს ცუდ ექიმთან მოხვედრისგან დააზღვევდა. პაციენტის უფლებაა, იქნება ეს თბილისში, ხულოში, წაღვერში თუ წალენჯიხაში, მიიღოს ერთი და იგივე დონის სერვისი. ქვეყანაში მედიცინა იდეალურ დონეზე იქნება მაშინ, თუ პაციენტს მიუხედავად გეოგრაფიული, ეთნიკური, რელიგიური, ფინანსური კუთვნილებისა ექნება შანსი მოხვდეს სათანადო კომპეტენციის ექიმთან. ვარსკვლავების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაშიც კი პაციენტის ბედს განსაზღვრავს იმ რიგითი მორიგე ექიმის კომპეტენცია, რომელთანაც ის საოპერაციოდან პალატაში გადასვლის შემდეგ ხვდება“.

ფოტო: გოგიტა სურმანიძე

პრაქტიკული საექიმო საქმიანობის პარალელურად, სოფიო ახერხებს და აკადემიური საქმიანობისთვისაც იცლის. 2015 წლიდან ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ამავე უნივერსიტეტში ის პირველი ინგლისურენოვანი პროგრამის ავტორია.

„პირველი უცხოელი სტუდენტი ბათუმში სწორედ ჩვენს პროგრამაზე მოვიდა. მიუხედავად გარკვეული შფოთვისა თუ როგორ დავძლევდით უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობას, მთავარი ვისწავლეთ ‒ მათ რომ ვასწავლოთ კიდევ უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ თავად. რომ გავაანალიზეთ მივხვდით, რომ აკადემიური საქმიანობა დადებითად აისახება პაციენტზე, რადგან სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა პაციენტის სერვისსაც აუმჯობესებს“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობის პარალელურად სოფიო ბერიძე ავიცენა ‒ ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ‒ რექტორია. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ცოტა ხნის წინ გაიარა და ახლა სტუდენტთა პირველი ნაკადის მოლოდინში არიან.

ინტერვიუს ბოლოს ცოტა რამ დასაქმებული, სოციალურად აქტიური ქალების შესახებ. სოფიოს მიაჩნია, რომ ბევრი რამ ამ მიმართულებით ქვეყანაში შეიცვალა, თუმცა მისი გადმოსახედიდან ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისთვის ჯერ ისევ უფრო ძვირის გადახდა გვიწევს.

„ყველაფერი რაც ნამდვილია მარტივად მიდის წარმატებისკენ, ეს ასეა მედიცინაშიც და სხვა სფეროშიც. თუ ნამდვილი ხარ ნელა, მაგრამ წარმატება აუცილებლად მოდის, შეიძლება იყოს აღიარების დეფიციტი, თუმცა წარმატება გარდაუვალია, როცა მაქსიმალურად იხარჯები“.