ჩემი სხეული ჩემი ციხესიმაგრეა | სალომე ბენიძე

დილით, სანამ წერას შევუდგებოდი, რუპი კაურის ინსტაგრამი შევათვალიერე. კარგა ხანია, დღის დასაწყისში რუპის ლექსებისთვის თვალის შევლება ისეთივე რიტუალად მექცა, როგორიც სამეგობროს ჩატის სიახლეების გაცნობაა. რუპი ჩემი შორეული მეგობარია, და არა მარტო ჩემი ‒ მილიონობით სხვა ქალის, მთელი მსოფლიოს გარშემო. ვაღიარებ, რომ თავიდან, როცა მისი პირველი წიგნი, „რძე და თაფლი“, ხელში ჩამივარდა, მისი ასეთი პოპულარობის საიდუმლოს ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ დღეს უკვე ვიცი, ჩვენს უცნაურად აჩქარებულ ეპოქაში, როცა ადამიანები პოეზიას თითქმის აღარ კითხულობენ, როგორ და რატომ ავსებს ხალხით დარბაზებს ეს არაჩვეულებრივი გოგო. რუპი ქალებს და გოგოებს ჩვენზე გველაპარაკება, ჩვენს უფლებებზე, ჩვენს თავისუფლებაზე, ჩვენს სურვილებზე, ჩვენს სხეულზე, სხეულზე, რომელსაც ზოგჯერ ისე ვუუცხოვდებით, რომ ვერც ვაცნობიერებთ, რომ სახლზე და სხვა დანარჩენზე უწინარესად, სწორედ ისაა ჩვენი ციხესიმაგრე.

ფოტო: დინა ოგანოვა

არადა, ყველაფრის ამოსავალი წერტილი სწორედ ჩვენი სხეულია ‒ საკუთარი თავის სიყვარულის და მიღების, უფლებებისთვის ბრძოლის, თვითრეალიზების თუ გარემოსთან და საზოგადოებასთან ჰარმონიაში ყოფნის. კონტროლიც, უფლებების ჩამორთმევაც, დამცირებაც, ძალადობაც იწყება ზუსტად მაშინ, როცა სხვები ცდილობენ, ჩვენს სხეულზე უფრო მეტი უფლება მათ ჰქონდეთ, ვიდრე თავად ჩვენ. ეს სამყაროსავით ძველი ამბავია ‒ თუ გინდა, ქალი დაიმორჩილო, მისი სექსუალობა უნდა აკონტროლო, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ უნდა მისცე, მისი რეპროდუქციული სურვილები უნდა ჩაახშო. მერე კი ყველაფერი ისე წავა, როგორც ქალს არ უნდა, მაგრამ უნდათ სხვებს.

2021 წლის აპრილში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გამოაქვეყნა გლობალური ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ‒ „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“. ეს ანგარიში საეტაპო მნიშვნელობისაა, რადგან პირველად ხდება, რომ გაერო თავის ანგარიშში სხეულის ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღებას. რას გულისხმობს სხეულის ავტონომია და რატომაა ის მნიშვნელოვანი? სხეულის ავტონომია ნიშნავს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების ძალაუფლებას ძალადობის ან სხვების გადაწყვეტილებების თავს მოხვევის შიშის გარეშე. სხეულზე ავტონომიის ნაკლებობას ყოველი ქალისა და გოგოსთვის სიღრმისეული ზიანი მოაქვს, თუმცა ის, რაც ავტონომიის შეზღუდვას მოჰყვება, მხოლოდ ინდივიდუალურ ტრაგედიებს არ აძლევს დასაბამს ‒ ქალისთვის სხეულის ავტონომიის შეზღუდვა ნიშნავს პოტენციურად კლებად ეკონომიკურ პროდუქტიულობას, უნარების დაქვეითებას, ხარჯების ზრდას არაერთ სფეროში, არარეალიზებულ ადამიანურ კაპიტალს და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას, რომლის წევრებსაც ბედნიერების უფლება წაართვეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გლობალურად, თითქმის ყოველ მეორე ქალს არ აქვს უფლება და შესაძლებლობა თავისი სხეულის ავტონომია დაიცვას. მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, ქალების უმეტესობას საკუთარი სხეული არ ეკუთვნის და მათ ცხოვრებას სხვები განაგებენ, ქალების თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, ჰქონდეს თუ არა სქესობრივი კავშირი, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეფცია, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს, არაერთი ქალი და გოგო ხდება ისეთი საზიანო პრაქტიკების მსხვერპლი, როგორიცაა: ბავშვთა/ადრეული ქორწინება, სასქესო ორგანოების დასახიჩრება, სტერილიზაცია, ქალწულობაზე შემოწმება და გაუპატიურება მოძალადის დასჯის გარეშე. ჯერ კიდევ არსებობს ათობით ქვეყანა, სადაც ქორწინებაში მყოფი პარტნიორის გაუპატიურებას დანაშაულად არ მიიჩნევენ. ეს ყველაფერი კი, COVID-19 პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მწვავე პრობლემად იქცა.

Original artwork by Hülya Özdemir. თემა Violence to Control Women

სად ვართ ჩვენ? ხშირად მსმენია, რომ საქართველოში ასეთი გამოწვევების წინაშე არ ვდგავართ, რადგან აქ ქალს ოდითგანვე დიდ პატივს სცემენ, ქალზე არავინ ძალადობს და ადრეული და ძალდატანებით ქორწინების პრაქტიკაც შორეულ წარსულში დარჩა. და რაც მთავარია, უკვე საუკუნეებია, „ლეკვი ლომისა სწორია“. სინამდვილეში კი, ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა.

ჩვენთან ადრეული ქორწინება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და მიუხედავად კანონის გამკაცრებისა, ადრეულ ასაკში დაქორწინებული ქალების რაოდენობის მაჩვენებელი, წლებია, 14%-ს ვერ ჩამოსცდა.

ჩვენთან ქალები ისევ ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი და უფრო მეტიც ‒ თავისუფლებისთვის გაბრძოლებაც კი მათ ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც უჯდებათ. და დიახ, ძალადობა ბევრჯერ საქართველოშიც მართლდება „ღირსების დაცვით“.

ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ შიშის ზარს სცემს ადამიანის ჯანმრთელობის და სქესობრივი განვითარების შესახებ მოზარდებთან ლაპარაკის წარმოდგენაც კი და ალბათ ყველანი ვიცნობთ ბიოლოგიის მასწავლებლებს, რომლებიც სახელმძღვანელოებში მთელ თავებს ტოვებენ, ოღონდ მოსწავლეებს საკუთარ სხეულზე არ ელაპარაკონ. გაუცხოებაც აქედან იწყება ‒ როცა ბავშვობიდან გვეუბნებიან, რომ ამ მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში არის რაღაც სამარცხვინო, მთელ ცხოვრებას სირცხვილის გრძნობით ვატარებთ და საშინელ დისკომფორტში ვართ, რადგან არც მეტი, არც ნაკლები, იმის გვრცხვენია, რაც ყველაზე ბუნებრივი და ადამიანურია ‒ საკუთარი სხეულის.

ჩვენთან ოჯახის დაგეგმვაზე ზრუნვა ჯერ კიდევ არ არის ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი, რაც შესაძლებლობას უზღუდავს ქალებს, თავად აირჩიონ სასურველი დრო შვილის გასაჩენად და უფრო მეტიც, გადაწყვიტონ, სურთ თუ არა შვილის ყოლა საერთოდ.

ქალის სხეულის კონტროლი ჩვენთანაც ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც, უმეტესად, აღშფოთებასაც კი არ იწვევს. და რა გასაკვირია, რომ იქ, სადაც სხეულის ავტონომია დაცული არაა, ქალები სრულფასოვნად ვეღარ ერთვებიან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სად არის გამოსავალი? უფლებების დაცვაში, განათლებაში, გოგოებისთვის და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გაჩენაში და ინფორმაციის მიწოდებაში, რათა მათ საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ, ისეთი პოლიტიკის გატარებაში, რომელიც გააძლიერებს გოგოებსა და ქალებს და დააფიქრებს კაცებს იმაზე, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის ბრძოლა მხოლოდ ქალების საქმე არაა, და რომ თანასწორობა, თავისი არსით, ქალისთვისაც და კაცისთვისაც, სიკეთის და ჰარმონიის მომტანია.

იქამდე კი, ვიდრე ჩვენთვის სასურველ მომავალს მივუახლოვდებით, უნდა შევძლოთ და დავეხმაროთ საკუთარ თავებს და ერთმანეთს, სოლიდარობით, ინფორმაციის გაცვლით, გამხნევებით, წახალისებით, გამოცდილების გაზიარებით, სიტყვით და საქმით, რადგან ზოგჯერ ერთი „შენ ამას შეძლებ,“ „ილაპარაკე“ ან „რა მამაცი ხარ“, სამყაროს გადარჩენას უდრის.

სხეულის ავტონომიაზე, თანასწორობაზე და თავისუფლებაზე სალაპარაკოდ განსაკუთრებულ, ეგრეთ წოდებულ, „შესაფერის“ დროს ნუ დაველოდებით. დრო სულ არის. ეს ჩვენი ცხოვრებაა. საკუთარი სხეულის შეცნობის, დაცვის და დაფასების გარეშე კი სრულფასოვნად ცხოვრება ვერ გამოგვივა. მე ასე მგონია. ვიცი, ჩემი შორეული მეგობარი რუპი კაურიც დამეთანხმება.