გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დააკისრეს

საპრეზიდენტო არჩევნების, საპროტესტო ტალღისა და სახელმწიფოს მიერ უკანონო სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის, პრეზიდენტ ლუკაშენკოს, სანქციები დააკისრეს.

Photo via CTV News

ლუკაშენკოს, მის ვაჟს, ვიქტორს (ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი), შინაგან საქმეთა მინისტრსა და ხუთ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირს ფინანსური აქტივები გაეყინათ. ასევე, ჩამოთვლილ მაღალჩინოსნებს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობაც აეკრძალათ.

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო პირველი პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც ბრიტანეთმა, ივლისში შემუშავებული ახალი ადამიანის უფლებათა კანონის ფარგლებში, სანქციები დააკისრა.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნები გაყალბებულია და, შესაბამისად, ლუკაშენკომ ხმათა 80% მხოლოდ თავისი თაღლითური სქემის საშუალებით მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ მინსკის ქუჩები ათი ათასობით ადამიანით გაივსო. აქციების დარბევის, პოლიციის ძალადობრივი ქმედებებისა და 7000 მშვიდობიანი მომიტინგის დაჭერის მიუხედავად, დემონსტრაციები შვიდი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, გაერთიანებული სამეფო და კანადა გმობენ ლუკაშენკოს არაჰუმანურ მმართველობას და მისი რეჟიმის მიმართ მკვეთრად უარყოფით პოზიციას აფიქსირებენ. რააბი ასევე აცხადებს, რომ ბრიტანული მსოფლმხედველობა დასავლურ ღირებულებებს, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნება. შესაბამისად, ის მხარდაჭერას უცხადებს ბელარუს მოქალაქეებს.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანსუა-ფილიპ შამპანის, თქმით, კანადამ და ბრიტანეთმა სანქციების დაკისრების გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. მინისტრის განცხადებით, ერთობლივი ქმედება უფრო ეფექტურია და უკეთესს შედეგსაც გამოიღებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ლიდერები მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე ვერ შეთანხმდნენ. კერძოდ, კვიპროსმა ევროკავშირის ინიციატივა დაბლოკა. კვიპროსი მოითხოვს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში უკანონო ქმედებების საპასუხოდ, სანქციები თურქეთსაც დაეკისროს.