საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრ, ბილაინსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ბილაინის თანამშრომლები BTU-ს სტუდენტებს გაუზიარებენ სამუშაო გამოცდილებას, ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებით.
ბილაინი აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის პანელ დისკუსიებში, ასევე კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე სემინარებისა და ტრენინგების ფორმატში. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება მობილური თამაშები იქნება. ამ სფეროში ბილაინმა მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. ბილაინის მობილური თამაშების პორტალი უკვე 10 თამაშს აერთიანებს. ერთ-ერთი კი სწორედ BTU-ს სტუდენტების მიერ, გასულ წელს ჩატარებული Beeline Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა. სტუდენტების დიდი ნაწილი დაინტერესებულია ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებით, სწორედ ამიტომ პარტნიორების აზრით თანამშრომლობა პროდუქტიული და მრავალფეროვანი იქნება.
„ბილაინში ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორი ჩართულობა განათლების სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია. გვჯერა, რომ ახალგაზრდების სამომავლო წარმატებას თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხშირად ვართ მხარდამჭერები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების, ფორუმების თუ ჰაკათონების, განსაკუთრებით ციფრული, ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ BTU-სთან თანამშრომლობით ჩვენს წვლილს შევიტანთ სტუდენტების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში,“ აღნიშნავს ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინი რეხვიაშვილი.
ციფრული პროდუქტების განვითარება ბილაინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ახორციელებს ტელეკომსერვისების სრულ გაციფრულებას. ამავე სტრატეგიის ნაწილია ქართული სტარტაპების აღმოჩენა, მათი მხარდაჭერა და პარტნიორობა.
„კერძო სექტორთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბაზარზე აქტუალური საკითხების შესაბამისი ცოდნის და განათლების მიცემის გარეშე, დასაქმების პერსპექტივა სტუდენტებს უბრალოდ არ ექნებათ. მაშინ როდესაც ჩვენ ვარჩევთ კორპორატიულ პარტნიორებს, ვისთანაც სტრატეგიულ თანამშრომლობას ვიწყებთ, შევისწავლით ძალიან დეტალურად მათ გამოცდილებას, მათ პოზიციონირებას იმ ინდუსტრიაში, სადაც მუშაობენ, და ბილაინი სწორედ ისეთი ორგანიზაცია არის, რომლის ექსპერტიზის გაზიარება ჩვენი სტუდენტებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც მოხარული ვართ რომ ეს თანამშრომლობა დავიწყეთ,“ ამბობს BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე.