საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრმა – ბილაინმა, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რის საფუძველზეც ბილაინის აბონენტები – საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე (ივნისი) შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.
მემორანდუმის თანახმად, ბილაინის აბონენტ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილური ინტერნეტის შეძენა 10 ლარად შეუძლიათ. აღნიშნული პაკეტი ექსპერტების მიერ განისაზღვრა როგორც საკმარისი ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტში რესურსების მოსაძიებლად.
პროგრამით სარგებლობისთვის, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღეა და ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება.