ხელოვნების კავშირი დიდი ბრიტანეთის მთავრობას „კულტურულ ვანდალიზმში“ ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთის თეატრალური ინდუსტრიისთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. სფერომ 3 000-მდე სამუშაო ადგილის დანაკლისი განიცადა. მაუწყებლობის, გართობის, კომუნიკაციისა და თეატრალური კავშირის (BECTU) ხელმძღვანელმა ფილიპა ჩაილდსმა 1 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თეატრების კარები უკვე სამ თვეზე მეტია, რაც დაიკეტა და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი თუ როდიდან შეძლებენ სახელოვნებო დაწესებულებები სტუმრების მიღებას. ჩაილდსმა თხოვნით მიმართა მთავრობას, შეიმუშაოს თეატრების ფუნქციონირების აღდგენის ყოვლისმომცველი გეგმა, რაც საშუალებას მისცემს თვითდასაქმებულებს გაუმკლავდნენ ხანგრძლივი პაუზით გამოწვეულ პრობლემებს. მისი თქმით, ასევე აუცილებელია თეატრების გათავისუფლება დასაქმებულთა ხელფასის პროცენტის გადასახადისგან.

კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით თეატრალური კრიზისი შეიძლება აღქმული იქნეს კულტურულ ვანდალიზმად, რომლის აღდგენა და მოგვარებაც დიდ ძალისხმევას საჭიროებს. საჭიროა გრძელვადიანი გეგმა ცოცხალი აუდიტორიის მისაღებად და თეატრალური წარმოდგენების გასაახლებლად.

გასულ კვირას ბრიტანეთის კულტურის მდივანმა წარადგინა თეატრალური სფეროს ხელახალი გახსნისა და ამოქმედების ხუთსაფეხურიანი გეგმა, რომელიც საბოლოოდ თეატრების გახსნას ისახავდა მიზნად, თუმცა კულტურის სფეროში მოღვაწე პირებმა დაიწუნეს ეს გეგმა ბუნდოვანებისა და დეტალური ვადების დაუზუსტებლობის გამო.

BECTU-ს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ გაწეული ფინანსური დახმარება საკმარისი არ არის და დახმარების მიღმა რჩებიან ე.წ. ფრილანსერები, რომლებიც თეატრის სამუშაო ძალის 70%-ს წარმოადგენენ.