ბრიტანულმა მედიაკომპანია BBC-მ გასული წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და შთამაგონებელი ქალების ასეული გამოაქვეყნა. მათ შორის ის ქალები მოხვდნენ, რომლებმაც 2021 წლის განმავლობაში საკუთარი წვლილი შეიტანეს საზოგადოების, კულტურისა და ზოგადად, მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში.
BBC-ის რჩეული ქალების ასეულში მოხვდა 24 წლის მალალა იუსაფზაი, პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც 2014 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დარგში. მასთან ერთად ჩამონათვალში ვხვდებით სამოას პირველ ქალ პრემიერ-მინისტრს, ფიამი ნაომი მატააფასა და ნიგერიელ მწერალ ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის. ასეულში შედის ასევე ამერიკელი პროფესორი ჰაიდი ლარსონი. ის პროექტ VCP-ის ხელმძღვანელია, რომლის მიზანიც ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის მონიტორინგია.
აღსანიშნავია, რომ BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ასეულის ნახევარს ავღანელი ქალები იკავებენ. მათი უმეტესობა უსაფრთხოების მიზნით ჩამონათვალში ფსევდონიმითა და ფოტოსურათის გარეშე არის წარმოდგენილი. 2021 წლის აგვისტოში თალიბანის აღორძინების შემდეგ ავღანეთში მილიონობით ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა – გოგონებს აეკრძალათ საშუალო განათლების მიღება, ქალების საქმეთა სამინისტრო დაიშალა და ქალების უმეტესობას სამსახურებში დაბრუნებაზე უარი უთხრეს.
BBC-ის განცხადებით, ავღანელი ქალებისთვის სიის დიდი ნაწილის დათმობით, მედიაკომპანია მათ სიმამაცესა და მიღწევებს აღიარებს, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში.