ბაზისბანკმა EBRD-ის სპეციალური ჯილდო მიიღო

ბაზისბანკს EBRD-ის პროგრამა „ენერგოკრედიტის“ ფარგლებში საუკეთესო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა საქართველოში 42 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ენერგოკრედიტი მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკისგან.

Forbes Woman Georgia გთავაზობთ ინტერვიუს ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელ დავით ნიკოლაიშვილთან, რომელიც უფრო ვრცლად ისაუბრებს პროგრამის არსსა და მის მნიშვნელობაზე დღევანდელ რეალობაში.

პირველ რიგში, რას გულისხმობს EBRD-ის ეს პროგრამა და რა წვლილი მიუძღვის ბაზისბანკს საქართველოში მის ეფექტურად ფუნქციონირებაში?

EBRD-ის ეს პროგრამა, ზოგადად, გულისხმობს ენერგოეფექტურობაში ინვესტიციებისა და განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო მწვანე ეკონომიკის მშენებლობაში. საქართველოში აღნიშნული პროგრამა ემსახურება ბიზნესში ენერგოეფექტურობის კულტურის დანერგვას და შესაბამისი პორექტების განხორციელებას. ბაზისბანკი, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ამ პროექტის ეფექტურად ფუნქციონირებაში და, შედეგად, პროგრამის ექვსი გამარჯვებული პროექტიდან, სამი ბაზისბანკის მიერ იყო დაფინანსებული.

რას ემსახურება თქვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტები და რა კრიტერიუმების მიხედვით არჩევთ მათ?

ძირითადი კრიტერიუმი თავად პროგრამის მიერ იყო განსაზღვრული. ნებისმიერი დაფინანსებული პროექტი, იქნება ეს მშენებლობა, წარმოება, თუ სასტუმრო ბიზნესი, მინიმუმ 20%-იან ენერგოდანაზოგს უნდა აკეთებდეს. დანაზოგის კალკულაციაში ძალიან აქტიურად გვეხმარებიან პროექტის კონსულტანტები. სხვა კუთხით, მიდგომა და რისკების შეფასება აბსოლუტურად სტანდარტულად ხდება.

რატომ არის ბაზისბანკისთვის პრიორიტეტული ამ პროგრამაში მონაწილეობა?

მოგეხსენებათ, რომ ბაზისბანკისთვის ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენი ბანკის კლიენტებს ეძლევათ უპირატესობა მიიღონ ექსკლუზიური პირობები და სამმაგი სარგებელი. ამასთანავე, ბაზისბანკისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, უმნიშვნელოვანესია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც გლობალური პრობლემების მოგვარებაზე არიან ორიენტირებული.

ამ პროგრამაში ბაზისბანკი აქტიურად მონაწილეობს 2012 წლიდან. როგორ ფიქრობთ, შეინიშნება თუ არა გაუმჯობესება წლიდან წლამდე EBRD-ის პროგრამაში ჩართულ პროექტებში?

რა თქმა უნდა, შეინიშნება. საწყის ეტაპზე კომპანიების უმეტესობა ინფორმირებულიც კი არ იყო მსგავსი პროგრამების არსებობის შესახებ და ზოგადად, ენერგიის დაზოგვის კულტურაც ქართულ ბიზნესში ნაკლებად იყო. ბოლო პერიოდში მოთხოვნა ენერგოეფექტურ პროდუქტზე შესამჩნევად გაიზარდა, როგორც ბიზნესში, ასევე საცალო სექტორშიც, რაც სწორედ ამ პროგრამის დამსახურებაა. მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა მსგავსი ტიპის დაფინანსებაზე საკმაოდ დიდია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში ამ პროგრამის არსებობა და რა მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყნაში როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით?

ამ პროექტმა საშუალება მოგვცა გვეჩვენებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის ის სარგებელი, რომელიც მოაქვს ინვესტიციებს ენერგიის რაციონალურად გამოყენებაში, ჩვენს სრულად არაენერგოეფექტურ ეკონომიკაში და დღეს, როდესაც მსოფლიო დიდი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას, ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროგრამის პოპულარიზაციით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს წვლილს შევიტანთ პრობლემების გადაჭრაში.

„შერატონში“ გამართული მასშტაბური ღონისძიებით ასევე აღინიშნა EBRD-ის ახალი „მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის“ (GEFF) დაწყება, რომლის მოცულობაც 54 მილიონი დოლარია. პროგრამის თანადაფინანსებას ახორციელებს „მწვანე კლიმატის ფონდი“ (GCF) და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებსა და ოჯახებს ხელს უწყობს ადგილობრივი პარტნიორი ბანკებიდან მიღებული სესხების საშუალებით ენერგოეფექტურობის, კლიმატის ადაპტაციისა და მიტიგაციის პროექტების განხორციელებაში.