კორონავირუსის პანდემიითა და საზღვრების ჩაკეტვით გამოწვეულმა ფინანსურმა პრობლემებმა ძალიან დააზიანა საავიაციო სექტორი, გამონაკლისს არც ბრიტანული ავიახაზები წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ, საჭირო სახსრების შესაგროვებლად კომპანიამ საკუთარი სახელოვნებო კოლექციის გაყიდვაც კი დაანონსა.
კოლექცია მოიცავს ისეთი ცნობილი არტისტების ნამუშევრებს, როგორებიც არიან Bridget Riley, Damien Hirst და სხვ. Riley-ს ნამუშევარი, სახელწოდებით Cool Edge, გასულ წელს ჰაივარდის გალერეაში იყო გამოფენილი და მისი ღირებულება 1.2 მილიონ ფუნტს შეადგენს. ეს და სხვა ნიმუშები 28 ივლისის აუქციონზე იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აუქციონის გარდა ბრიტანული ავიახაზები კიდევ ერთი მსგავსი ღონისძიების ორგანიზებას აპირებს.
აუქციონით შემოსული თანხა, სავარაუდოდ, მხოლოდ პანდემიისას მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ იქნება მიმართული. ბრიტანული ავიახაზების მშობელი კომპანიის, IAG-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მათი კომპანია ყოველდღიურად 27 მილიონ ფუნტს კარგავს.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ ფრენები მარტის თვის ბოლოდან შეაჩერა, აპრილში კი განაცხადა, რომ ამცირებდა პილოტების, ეკიპაჟის მომსახურე პერსონალისა და ბორტგამცილებლების ანაზღაურებას. პროფესიული კავშირის წევრებმა კომპანიას მალევე დასდეს ბრალი პანდემიითა და კრიზისით გამოწვეული ვითარებით სარგებლობაში და ამ მიზეზით თანამშრომლებისთვის ანაზღაურების შემცირებაში.
ავიაკომპანია სააუქციონე სახლ Sotheby-სთან ითანამშრომლებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და სანდო დაწესებულებაა. კოლექცია 1500-მდე ნამუშევარს მოიცავს, რომლებიც ოლივერ ბარკერის, Sotheby-ის ევროპის ოფისის თავმჯდომარის, განცხადებით ბრიტანული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენენ.