ნინო ბარაჩაშვილის გზა ადვოკატის პროფესიამდე სასამართლო სისტემაზე გადის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მუშაობას კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე იწყებს. როცა რაიონული სასამართლოები ერთიანდება, ნინო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე ინიშნება. ჯამში სასამართლო სისტემაში 8 წელს ატარებს და შემდეგ მის პროფესიულ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ნინო ბარაჩაშვილი სამუშაოდ იურიდიულ კომპანიაში ‒ „გაბუნია და პარტნიორები“ ‒ ინაცვლებს, დღეს კი დამოუკიდებლად განაგრძობს საადვოკატო საქმიანობას. საადვოკატო საქმიანობასთან ერთად მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ნინო სტუდენტებსაც უზიარებს.
სკოლაში სწავლისას ჟურნალისტობაზე ფიქრობდა, თუმცა მისი სტუდენტობის წლები რთულ 90-იანებს დაემთხვა. ამ წლებისთვის დამახასიათებელი უსამართლობა ნინოს ინსპირაციის მთავარ წყაროდ იქცა. მაშინ გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა პირველად პროფესიაზე და შეესწავლა სამართალი, რათა ოდესმე შესაძლებლობა ჰქონოდა სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.
„სკოლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში დავამთავრე. არ იყო სინათლე, გათბობა, კომუნიკაცია. ამ დროს თბილისის საყმაწვილო-სატელევიზიო ცენტრის ტელეპროფილურ სკოლა-ლიცეუმში ვსწავლობდი, ეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიული სკოლა-ლიცეუმი იყო. თუმცა, ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ პროფესიული ინტერესის ცვლილებამდე მიმიყვანა და, საბოლოოდ, გადავწყვიტე შემესწავლა სამართალი, რათა ჩემი სურვილი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირებაში გარკვეული წვლილი შემეტანა, რეალობად მექცია“.
ნინო პირველ პროფესიულ ნაბიჯებს 2001 წელს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში, ჯერ კიდევ სტუდენტი, მეხუთე კურსზე სწავლის პერიოდში დგამს. ნინო სასამართლო სისტემით იხიბლება და მომდევნო 8 წელი სისტემაში რჩება.
„სასამართლოში გატარებულმა წლებმა დიდი გამოცდილება შემძინა. რაც უფრო მეტად ვიყავი ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, მით უფრო მეტად იზრდებოდა ჩემი ინტერესი პროფესიის მიმართ და საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში. 2005 წლიდან სპეციალობად სისხლის სამართალი ავირჩიე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული კუთხით სპეციალისტი არ ვარ. სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ ჩემი დაწინაურების პერიოდი სახელმწიფო ხელისუფლების ცვლილებას დაემთხვა, რა დროსაც სასამართლოში უამრავი გახმაურებული საქმის განხილვა დაიწყო და მეც ასეთი საქმეების მონაწილე გავხდი“.
სასამართლოში წარმატებული საქმიანობისა და პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მიუხედავად, ნინო თავს საადვოკატო საქმიანობაში ხედავდა.
2010 წლიდან ნინო ბარაჩაშვილი კერძო საადვოკატო ბიუროს ‒ „გაბუნია და პარტნიორები“ ‒ სისხლის სამართლის სპეციალისტის რანგში შეუერთდა. ის ასევე ლიცენზირებული ადვოკატია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებში.
„საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გადანაცვლების გზა მარტივი არ იყო. თუ ხმამაღალ განცხადებად არ მიიღებთ, ვიტყვი, რომ ჩემი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ამ საქმის პროფესიონალი ვარ და როგორც ადვოკატმა თავი დავიმკვიდრე. არასდროს დამავიწყდება დღე, როცა სასამართლოს დარბაზში ადვოკატის რანგში პირველად წარვდექი. ძალიან ვღელავდი, თუმცა როგორც კი პირველი წინადადება წარმოვთქვი, ნერვიულობის ფაქტორი მოიხსნა“.
ნინო ბარაჩაშვილი მიიჩნევს, რომ პროფესიულ წარმატებაში საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა და პასუხისმგებლობა ეხმარება.
„სისხლის სამართალი სპეციფიკური სფეროა. როცა ადამიანს დანაშაულში დებენ ბრალს, არის შემთხვევები, როცა ის ამ დანაშაულს აღიარებს, თუმცა არის შემთხვევა, როცა ადამიანი ამბობს, რომ უდანაშაულოა. ჩემი მიზანი ორივე შემთხვევაში ბრალდებულის ემოციური მდგომარეობის გათავისებაა. მე ზუსტად უნდა ვიცოდე, თუ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა, რა იყო ამის განმაპირობებელი მიზეზები და თუ ბრალდებული უდანაშაულოა, მაშინ რატომ ედება მას ბრალი? როცა კლიენტის ემოციურ მდგომარეობას შევისწავლი, შემდეგ სხვა ეტაპი იწყება. ყველა ჩემს კლიენტს დეტალურად ვუხსნი, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს და, პირველ რიგში, მას ვუტოვებ არჩევანს, თავად გაიაზროს და შემდგომ ერთობლივად გადავწყვიტოთ რა სახის სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგათ მიზნის მისაღწევად“.
ის, რაც მოკლედ ითქმის და იწერება, რეალურად დიდ შრომას მოითხოვს. ნინოს უწევს კლიენტს, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის კოდექსი შეასწავლოს და ყველა სხვა კანონიც, რომლებიც პროცესუალურად მის საქმესთან კავშირშია. მარტივი მისახვედრია, რომ ამ მიდგომას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, თუმცა ნინო გვეუბნება, რომ უღირს, მისთვის მთავარია კლიენტმა ყველაფერი დეტალურად იცოდეს და წარმატების გზაც უფლებადამცველმა მასთან ერთად დაგეგმოს.
„ადვოკატობის პირველივე დღიდან ასეთი მიდგომა ავირჩიე. ამის მიზეზი სასამართლოში მიღებული გამოცდილებაა. იქ ვხედავდი, რომ მხარეები ბოლომდე გათვითცნობიერებული არ იყვნენ კანონმდებლობაში, არ ჰქონდათ მიღებული საჭირო იურიდიული კონსულტაცია. კერძო საადვოკატო კარიერის დასაწყისშივე მკაცრად გადავწყვიტე, რომ ყველა ჩემი კლიენტი მოსალოდნელი შედეგის თაობაზე, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ინფორმირებული უნდა იყოს“.
ნინო ბარაჩაშვილს როგორც ადვოკატს ორი მთავარი პროფესიული ღირებულება და პერსონალური დაუწერელი წესები აქვს ‒ არასოდეს დაარღვიოს კანონი და ადვოკატის ეთიკის კოდექსი. 14 წელია ამ პრინციპიდან ერთი დღითაც კი არ გადაუხვევია. ბუნებრივია, ყველა საქმის შემთხვევაში მისი დაცვის სტრატეგია განსხვავებულია, თუმცა უცვლელია პროფესიული ღირებულება ‒ კლიენტის ინტერესის გატარების პარალელურად, არასდროს დაარღვიოს კანონი და ადვოკატის ეთიკის კოდექსი.
„პროფესიისადმი ასეთი დამოკიდებულება მეხმარება, რომ საქმეში წარმატებული ვიყო. შეიძლება ვინმემ ხმამაღალ განაცხადად ჩამითვალოს, თუმცა სწორედ ასეთი მიდგომა განსაზღვრავს იმას, რომ 90-95%-ში შედეგს ვაღწევ და წინასწარ დასახულ მიზნამდე მივდივარ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმატება არანაკლებ დამოკიდებულია ბრალდებულისა თუ დაზარალებულის ქმედებაზე“.
რადგან ადამიანის უფლებების დაცვა საპასუხისმგებლო საქმეა და ეს სფერო ადამიანების მომავალს განსაზღვრავს, დამწყებ იურისტებს ნინო ბარაჩაშვილი რჩევებს აძლევს. ნინო ამბობს, რომ აუცილებელია მომავალი იურისტები თავდაჯერებულები იყვნენ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე დაუღალავი მუშაობაა.
მიუხედავად იმისა, რომ ნინო სასამართლო სისტემიდან 14 წლის წინ წამოვიდა, მოულოდნელი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ მოსამართლის მანტიაზე პერიოდულად ისევ ფიქრობს, ოღონდ ეს ახლო მომავალს არ უკავშირდება.
„დღეს ძალიან მომწონს ჩემი პროფესია, ბაზარზე თავი მაქვს დამკვიდრებული, თუმცა, როცა ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო მომავალში, პერიოდულად ჩემი ფიქრები სასამართლომდე მიდის. თუ ოდესმე სასამართლო ხელისუფლებაში დაბრუნებას გადავწყვეტ, საკუთარ თავს მოსამართლის მანტიაში ვხედავ“.