პარიზიდან მოპარული ბრიტანელი არტისტის ნამუშევარი იტალიაში იპოვეს

გრაფიტის მხატვრის – ბენქსის – ნამუშევარი, რომელიც გასულ წელს პარიზის თეატრიდან მოიპარეს, პოლიციამ იტალიაში იპოვა. La Repubblica-ს ინფორმაციით, იგი აბრუცოს რეგიონში აღმოაჩინეს.

გრაფიტი ,,ბატაკლანის“ თეატრის კარზეა შესრულებული და 2015 წლის ნოემბერში განხორციელებულ ტერაქტის მსხვერპლთა სიმბოლოს წარმოადგენს. მასზე მგლოვიარე ქალის ფიგურაა გამოსახული. ტერაქტი როკ ჯგუფ ,,Eagles of Death Metal“ – ის კონცერტის დროს მოხდა და 90 ადამიანი დაიღუპა.

ბენქსი ცნობილი და ამავდროულად ანონიმური მხატვარია, რადგან ვინაობას არ ამხელს. მისი ნამუშევრები, ძირითადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშია შესრულებული. ხატვა 90-იან წლებში მშობლიურ ქალაქში დაიწყო და უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დატოვა კვალი.