კორონავირუსის პანდემიის პირობებში, შემცირებული მოთხოვნის გამო ევროპული და ამერიკული ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელები, მათ შორის Primark, ბანგლადეშიდან 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეკვეთას აუქმებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბანგლადეშის 347 ტანსაცმლის მწარმოებელ ფაბრიკას ეხება.
ბანგლადეში ჩინეთის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ტანსაცმლის უდიდესი ექსპორტიორია. ჩინეთში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, ბოლო დრომდე ბანგლადეში იაფი მოდის ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანეს მიმწოდებლად რჩებოდა, თუმცა შეკვეთების მასშტაბურად გაუქმება ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. ბანგლადეშის მზა ტანსაცმლის ინდუსტრიაში 4 მილიონი ადამიანია დასაქმებული და იგი სამხრეთ აზიის მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ს ჰქმნის.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ბანგლადეშის ეკონომიკა სტაბილურ ზრდას მოელოდა. ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა კი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდას უწყობდა ხელს. გასულ წელს, მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ბანგლადეშში ამ მაჩვენებელმა 1906 $ შეადგინა. შეკვეთების გაუქმება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.
ბანგლადეშის ტანსაცმლის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი Primark, რომელიც კორონავირუსის შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო აუქმებს თავის შეკვეთას, მსოფლიოს 12 ქვეყანაში 376 მაღაზიას ფლობს.