მეცნიერებმა ცხიმის მწველი ახალი ნივთიერება აღმოაჩინეს

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სტატისტიკის მიხედვით, სიმსუქნის მაჩვენებელი მსოფლიოში 1975 წლის შემდეგ გასამმაგებულია. 2016 წლის მონაცემებით, 18 წელს მაღლა მყოფთაგან 1.9 მილიარდი ადამიანი ჭარბწონიანი იყო, მათგან 650 მილიონი კი სიმსუქნით დაავადებული. 2019 წელს 5 წლამდე ასაკის 38 მილიონი ბავშვი იყო ჭარბწონიანი ან სიმსუქნით დაავადებული.

Photo Credits to Kathryn Pergola

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ სიმსუქნის დაავადება ხშირად ხდება მაპროვოცირებელი სხვადასხვა, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა – დიაბეტი, ღვიძლში ჭარბი ცხიმის დაგროვება და სხვა.

„სიმსუქნე ჯანმრთელობის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის მიუხედავად, ხალხისთვის რთულია წონის კლება და მისი შენარჩუნება. ამრიგად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმართული ფარმაკოლოგიური მიდგომა ან მედიკამენტი მთელი მოსახლეობისთვის სიკეთის მომტანი იქნებოდა“ – განაცხადა ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქიმიის ასოცირებულმა პროფესორმა, უებსტერ სანტოსმა.

სანტოსმა კოლეგებთან ერთად მცირე ზომის მიტოქონდრიული განმაცალკევებელი ნივთიერება სახელად BAM15 აღმოაჩინა, რომელიც ამცირებს სხეულის ცხიმოვან მასას თაგვებში ისე, რომ არ ახდენს გავლენას კუნთოვან მასასა და სხეულის ტემპერატურაზე.

განმაცალკევებელი პროტეინის მღრღნელებში შეშვებისას, მათი ცხიმოვანი მასა საგრძნობლად შემცირდა. ამასთანავე, წონის კლება მოხდა განურჩევლად მიღებული საკვების რაოდენობისა. შესაბამისად, ეს ნივთიერება ბაზარზე არსებული სხვა წონის სამართავი მედიკამენტებისგან ძალიან განსხვავდება, რადგან არ არის ორიენტირებული საკვების რაოდენობისა თუ კალორიების ათვისების შეზღუდვაზე. ის არ ახდენს გავლენასა და მანიპულაციებს ტვინში არსებულ სიმაძღრის ცენტრზე და არ არის ტოქსიკური მაღალი დოზით მიღების შემთხვევაშიც.

ექსპერტთა აზრით, ეს აღმოჩენა, შესაძლოა, საფუძველი გახდეს სიმსუქნის და მისი თანმხლები დაავადებების დამარცხებისა.

მიტოქონდრიას უჯრედის ელექტროსადგურს უწოდებენ, რადგან მასში ჩალაგებული ფერმენტები უჯრედებს უნერგიით ამარაგებს. ჩვენი სხეულის სათანადოდ ფუნქციონირება მოძრაობა და სხვა ბიოლოგიური პროცესები სწორედ მასზეა დამოკიდებული. BAM15-ის უნიკალურობა განპირობებულია უჯრედების ენერგეტიკული მეტაბოლიზმის აჩქარებით და მათ მიერ საჭიროზე მეტი ენერგიის ხარჯვით.

მართალია, მღრღნელებზე ექსპერიმენტმა საკმაოდ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა ნივთიერების ეფექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად მოახდენს იგი გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, ჯერჯერობით, უცნობია და საკვლევ საგნად რჩება.

წყარო: Virginia Tech