არაერთხელ მსმენია, რომ მამაკაცთან შედარებით ქალი საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებში ნაკლებად დარწმუნებულია; რომ ხშირად, ქალს გამბედაობა არ ჰყოფნის მოითხოვოს მისთვის სასურველი პირობები და არ სჯერა, რომ წარმატება თავად დაიმსახურა. მოსმენილის გადასამოწმებლად, ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტე და კვლევებს გავეცანი. ყველა მათგანის დასკვნა ერთი იყო: ქალი საკუთარ უნარებს უფრო დაბალ შეფასებას აძლევს, ვიდრე მამაკაცი. არ იფიქროთ, რომ ჩემი მიზანია ქალებს დავაბრალო სქესთაშორის უთანასწორობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით. პირიქით, ჩემი მიზანია კიდევ ერთხელ შევაგულიანო და წავახალისო როგორც სხვა ქალები, ასევე საკუთარი თავი და გავიმეორო, რომ დიახ, გამოწვევა საკმაოდ დიდია, მაგრამ ჩვენ, მაინც ყველაფერს შევძლებთ! თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად.
2018 წელს აშშ-ში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, გამოიკითხა 250 სტუდენტი, რომლებსაც ჰკითხეს, რამდენად ჭკვიანად მიიჩნევდნენ თავს. სტუდენტებს უნდა შეედარებინათ საკუთარი უნარები კლასელების უნარებთან. კვლევამ დაადასტურა, რომ სტუდენტ ქალებს, სხვებთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლებად მიაჩნდათ საკუთარი თავი ჭკვიანებად. მაშინაც კი, როდესაც მათ ზუსტად ისეთივე კარგი შეფასება ჰქონდათ, როგორც სხვებს.
ერთ-ერთი სხვა კვლევის გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ მომუშავე მილენიალი ქალების 40%-ს ეჭვი ეპარება საკუთარ უნარებში მილენიალი კაცების 22%-თან შედარებით.
ინგლისში, სტაფორდშირში ლიდერობისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი დადგინდა, რომ ქალი ლიდერების ნახევარსრეგულარულად შეჰქონდა ეჭვი საკუთარ უნარ-ჩვევებში, მაშინ როდესაც კაცი ლიდერების 1/3-ზე ნაკლები განიცდიდა იგივეს. ბევრად უფრო ადრე, ექპერტები ამტკიცებდნენ, რომ სამსახურში წარუმატებლობის ან შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ქალები უფრო ხშირად ადანაშაულებდნენ საკუთარ თავს, ხოლო წარმატებას განიხილავდნენ როგორც უბრალოდ გამართლებას. მაშინ, როდესაც კაცები წარმატებას, როგორც წესი, უკავშირებენ საკუთარ თავს, ხოლო ქალი ‒ სიტუაციას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარ თავში დაურწმუნებლობასთან პირდაპირ კავშირშია ე.წ. „თვითმარქვიობის სინდრომი“ (Imposter Syndrome), როდესაც გეშინია საკუთარ თავში იმის აღმოჩენა, რომ სინამდვილეში შენ არ იმსახურებ იმ წარმატებას, რომელიც გაქვს და არ ფლობ ისეთივე საჭირო უნარებს, როგორც სხვები. ეს სინდრომი ცნობილია 1978 წლიდან. თუმცა ახლა, ამ სინდრომმა კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა. OnePoll კვლევის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ქალების 66%-ს გამოუცდია ეს სინდრომი სამსახურში. ამავე კვლევიდან ირკვევა, რომ 18%-ით ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაცმა განიცადოს იგივე. შედარებისთვის გეტყვით, რომ კვლევის ფარგლებში კაცების 56%-მა განაცხადა, რომ განუცდია ეს სინდრომი ბოლო 12 თვის განმავლობაში.
მანჩესტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიისა და ჯანმრთელობის მიმართულების პროფესორი კერი კუპერი ამბობს, რომ „თვითმარქვიობის სინდრომს“ შეუძლია გავლენა იქონიოს პიროვნების კარიერაზე გრძელვადიან პერიოდში; მას შეუძლია დააზარალოს პროდუქტიულობა და სერიოზულად შეზღუდოს კარიერული წინსვლა. პროფესორ კუპერის აზრით, საკუთარ უნარებში რწმენის არქონამ, უაღრესად კვალიფიციურ ადამიანს შესაძლოა უარი ათქმევინოს შესაძლებლობებზე და არ მისცეს წინსვლის საშუალება.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ხელფასის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებითაც: კარნეგი მელონის უნივერსიტეტის პროფესორმა, წიგნის ავტორმა „ქალები არ ითხოვენ“, ლინდა ბაბკოკმა აღმოაჩინა, რომ მამაკაცები ქალებზე 4-ჯერ უფრო ხშირად იწყებენ მოლაპარაკებას ხელფასის მატებაზე, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ქალები სვამენ ამ საკითხს, 30%-ით ნაკლებ ანაზღაურებას ითხოვენ კაცებთან შედარებით.
მანჩესტერის ბიზნეს სკოლის პროფესორი მერილინ დევიდსონი უკვე შვიდი წელია ეკითხება სტუდენტებს ერთი და იმავეს ‒ რა ანაზღაურებას დაიმსახურებენ უნივერსიტეტის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ და ყოველ წელს, კაცებისა და ქალების პასუხებს შორის თითქმის 20%-იანი სხვაობაა. ფისკალური კვლევების ინსტიტუტის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სქესთა შორის ანაზღაურების სხვაობა უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის დასრულებიდან 10 წელიწადში, 23%-ს აღწევს.
ასევე, საინტერესო დაკვირვება: კვლევები ცხადყოფს, რომ გაცილებით ნაკლებად მოსალოდნელია ქალმა შეიტანოს განაცხადი პოზიციაზე, თუ სრულად არ აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. როდესაც ამერიკული კორპორაცია ჰიულეტ-პაკარდი (The Hewlett-Packard Company) ფიქრობდა, როგორ მოეყვანა მეტი ქალი კომპანიის მენეჯმენტში, თანამშრომელთა მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოაჩინა, რომ ქალებს დაწინაურებაზე განაცახდი შეჰქოდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც 100%-ით პასუხობდნენ მოთხოვნებს, მაშინ როდესაც მამაკაცები კრიტერიუმების მხოლოდ 60%-ის დაკმაყოფილების შემთხვევაში აკეთებდნენ განაცხადს.
კვლევების საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ქალებს ახასიათებთ პერფექციონიზმისკენ ლტოლვა, რაც მათ ხელს უშლის უფრო მეტად გარისკონ და მოკიდონ ხელი ისეთ საქმეს, რომლის კარგად შესრულებაშიც არ არიან დარწმუნებული 100%-ით.
„თვითმარქვიობის სინდრომი“ იქნება ეს, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის დაბალი მაჩვენებელი, თუ პერფექციონიზმისკენ ლტოლვა, ჩემი აზრით, საფუძველი ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს ერთი. ზოგი მიზეზად ქალის ჰორმონებსა და ტვინის ოდნავ განსხვავებულ მოწყობას ასახელებს, ზოგიც აღზრდასა და საზოგადოებრივ წნეხს. ცოტ-ცოტა ყველაფერია, ალბათ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ის, თუ როგორ გაგვზარდეს, რას გვასწავლიდენ და რას ვხედავდით გარშემო, გადამწყვეტია.
პარადოქსია, რომ პატარა ასაკში გოგონები, თითქმის ყველა შემთხვევაში, ჯობნიან ბიჭებს აკადემიურ მოსწრებაში. თუ მათ ჰკითხავთ, რა პროფესიას აირჩევენ მომავალში, დიდი განსხვავება ბიჭებისა და გოგონების პასუხებს შორის არ იქნება. სკოლის დაწყებით საფეხურებზე გოგონები ნელ-ნელა იწყებენ ეჭვის შეტანას საკუთარ შესაძლებლობებში და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცხადად იკვეთება ბიჭების უპირატესობა. გამოდის, რომ არა დაბადებიდან, არამედ მოგვიანებით, გოგონების ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რაც იწვევს მათი თვითშეფასების დათრგუნვას. მიზეზი, დიდი ალბათობით, გარემოა, როგორც სახლში, ასევე სკოლაში და მთლიანად საზოგადოებაში.
შემიძლია ვთქვა, რომ დამაჯერებლობის უნარი ისეთივე მნიშვნელოვანია, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე კომპეტენცია. დარწმუნებული ვარ, დაკვირვების შემთხვევაში თქვენც აღმოაჩენთ, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში, ყველაზე მეტ პატივს სცემენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც შესაძლოა, სულაც არ არიან ყველაზე კომპეტენტურები. ხშირად ასეთი პატივცემული და ყველასთვის საყვარელი თანამშრომელი ისაა, ვინც ყველაზე მეტად ავლენს თავდაჯერებულობას. შეიძლება იყო შენი საქმის მცოდნე, საკმაოდ კომპეტენტური, თუმცა თუ თავდაჯერებულად არ იქცევი, ვფიქრობ, რთულია მიაღწიო წარმატებას. თავდაჯერებულობა შესაძლებლობას გაძლევს, გაბედულად შეეჭიდო ახალ გამოწვევებს და, რაც მთავარია, დაარწმუნო ყველა, რომ ეს ნამდვილად შეგიძლია.
ქალების მიმართ საზოგადოების მოთხოვნები საკმაოდ ვრცელია. ქალისგან ერთდროულად ელიან, რომ ის იქნება საუკეთესო დედა, პარტნიორი/ცოლი, და, შვილი და ა.შ. მას შემდეგ, რაც ქალის დასაქმება იშვიათობას აღარ წარმოადგენს, ამ ჩამონათვალს სამსახურეობრივი წარმატებაც დაემატა. შესაძლებელია, ამ მოთხოვნების მიმართ არსებული მაღალი მოლოდინის გამო, საზოგადოებრივ წნეხზე საპასუხოდ, ქალს ერთვება თავდაცვის რეჟიმი და იწყებს ფიქრს, რომ არ აქვს საკმარისად კარგი მონაცემები, საჭირო უნარები. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ქალს არავინ ეუბნება მადლობას, იმ „ბუნებრივი“, ვითომდა თანდაყოლილი მოვალეობის კარგად შესრულებისთვის, როგორიცაა იყო კარგი დედა, კარგი დიასახლისი, ან კარგი პარტნიორი. ვფიქრობ, მოტივაციისთვის ყველა ადამიანს სჭირდება შექება და წახალისება. საკმაოდ რთულია, თავად გააანალიზო, რამდენად წარმატებით ართმევ საქმეს თავს. ამას ემატება ის, რომ არის მოვალეობა, როცა დაუშვებელია შეცდომა. მაგ. შვილის აღზრდისას. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ჩამოყალიბებული პერფექციონიზმი გადადის სხვა მოვალეობებზეც და ყველაფერში ვცდილობთ საუკეთესო ვიყოთ.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი? რასაკვირველია, ერთად ზრუნვა იმაზე, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს. უპირველეს ყოვლისა, გოგონები, პატარა ასაკიდანვე უნდა იზრდებოდენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ გავრცელებული სტერეოტიპული მიდგომებისა და სტიგმების
გარეშე. ვფიქრობ, პირველ რიგში, აუცილებელია მშობლებმა არ ჩამოუყალიბონ გოგონებს ე.წ. „ქალური“ წარმოდგენები, მისწრაფებები და მოთხოვნები. მეორე, მხოლოდ ქალი არ უნდა ითვლებოდეს პასუხისმგებლად ბავშვის აღზრდაზე. როგორც ჩემი მეგობარი, ნინი ამბობს, „ბავშვი, ჩვენ ხომ არ მოგვყვა?!“ ბავშვი ხომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩნდება?! სრულიად ალოგიკურია, როდესაც სამსახურსა და პირად ცხოვრებას, ოჯახს შორის ბალანსის დაცვის მოთხოვნა მხოლოდ ქალის მიმართ არსებობს. მაშინ როდესაც კაცის მიმართ არასოდეს ჩნდება კითხვა ‒ ბავშვს როდის ელოდები? როგორ აპირებ სამსახურთან შეთავსებას? მესამე და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ‒ ქალებმა უნდა ვაქციოთ მამაკაცები ჩვენი წარმატების თანამოზიარეებად.
როგორც წესი, როდესაც წარმატებული ქალის ისტორიას ვკითხულობთ, ხშირ შემთხვევაში, ის გვიყვება ამბავს, როგორ შეძლო სირთულეების გადალახვა დამოუკიდებლად, პარტნიორი მამაკაცის, ქმრის გარეშე. ვფიქრობ, უნდა მოვყვეთ ისეთი ისტორიებიც, თუ წარმატებას ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მივაღწევთ. არა იმიტომ, რომ ქალს დამოუკიდებლად არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება შედგება მამაკაცებისა და ქალებისგან და ბალანსი გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას. და, თუ ქალი არ იქნება რეალიზებული, ეს არ არის მხოლოდ მისი პრობლემა. აუცილებელია, ქალების მეტი ჩართულობის მოთხოვნა გავხადოთ საზოგადოების საზრუნავი. არასწორია და საქმისთვის დამაზიანებლად მიმაჩნია, თუ ქალების წინ წამოწევის თემა კაცების წინააღმდეგ საბრძოლველად აღიქმება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით თანასწორუფლებიანობისთვის და შესაბამისად, ერთად უნდა შევქმნათ გარემო, სადაც არ ექნება უპირატესობა მასკულინურ მისწრაფებებს.
ავტორი: სოფო ბალავაძე
ფოტო: ანა ბოკო