ბევრი საუბარი მიდის იმაზე, თუ რამდენად შეიცვლება მსოფლიო პანდემიის შემდეგ. იწერება, რომ სხვანაირი გახდება სამუშაო სივრცე, ზოგადად, ის, თუ როგორ ვმუშაობთ, როგორ ვაკეთებთ შენაძენს, როგორ ვისვენებთ და ბევრი სხვა. ამბობენ, რომ შეიცვლება და უკვე იცვლება ადამიანებს შორის ურთიერთობის ფორმა, ანუ ვირტუალური იჭარბებს და რომ ფიზიკური დისტანცირება კიდევ უფრო გაიზრდება. გაქრება ბიზნესის გარკვეული მიმართულებები და აღმოცენდება ახალი.
რაზეც ვერ ვხედავ ბევრ საუბარს არის ის, თუ რა არ შეიცვლება; ანუ, რას არ, ან ვერ გვასწავლის პანდემია – უფრო სწორად, ვერ ვისწავლით მისგან ჩვენ. პანდემია მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებთან ერთად, გვაძლევს შესაძლებლობას დავფიქრდეთ ჩვენი ცხოვრების წესზე, შეხედულებებზე, დამოკიდებულებებზე; რას ვაკეთებთ სწორად და რას – არა.
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი გასამმაგდა, მათ შორის მკვეთრად იმატა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებმა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რამდენად მყარია აქამდე გავრცელებული სტერეოტიპები, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში. ასე მაგალითად: 1) ონლაინ სწავლამ თითქმის მთლიანად ქალებზე „გადაიარა“ – გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გაზაფხულზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში მათ ონლაინ განათლებას, უმეტეს შემთხვევაში, დედა უძღვებოდა. ასე ამბობს გამოკითხულ ქალთა 80%. ამავე გამოკითხვის თანახმად, ქალი აკეთებდა სახლის საქმის უმეტეს ნაწილს – გამოკითხულ ქალთა 70% ამბობს, რომ სწორედ ის უძღვებოდა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა: დალაგება, საჭმლის მომზადება და ამავე გამოკითხულ ქალთა 66%-მა დააფიქსირა, რომ ბავშვების მოვლა უმეტესწილად მათზე მოდიოდა. ანალოგიური კვლევა ჩატარდა იუტას უნივერსიტეტში, რომლის მონაცემები თითქმის იდენტური იყო. აღსანიშნავია, რომ ორივე კვლევის შემთხვევაში ქალებისა და კაცების აღქმა არ ემთხვეოდა – კაცების ნაწილის თქმით, ისინი აკეთებენ იმდენივეს, ან ზოგ შემთხვევაში მეტსაც კი, როდესაც საქმე ეხებოდა ბავშვების მოვლასა და სახლის საქმეებს, თუმცა გამოკითხულ ქალთა მხოლოდ 3% ეთანხმება ამ მოსაზრებას, რომ მისი მეუღლე/პარტნიორი ანალოგიურად ან უფრო მეტად იყო ჩართული.
2) ის, რომ ოჯახსა და ოჯახურ საქმიანობაზე ზრუნვა მეტწილად ქალზე მოდის, პანდემიამდეც უარყოფითად აისახებოდა ქალის საქმიანობაზე სახლს გარეთ. ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორის, ბარბარა რისმანის თქმით, აქამდეც იყო სახეზე შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელმაც პანდემიის შემდეგ შეიძლება საერთოდ გარიყოს ქალი სამუშაო ბაზრიდან. პანდემიის შედეგად შეკვეცილი სამუშაო ადგილების ფონზე, ქალების 28%-მა და კაცების 19%მა თქვა, რომ მათ უხდიან იმაზე ნაკლებს, ვიდრე კრიზისამდე. მართალია, ე.წ. ლოქდაუნის პირობებში ისიც მოხდა, რომ სახლში გამოკეტილმა კაცებმა რეალურად დაინახეს, რამდენ რამეს აკეთებს ქალი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ჩანს საკმარისი იმისთვის, რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია ამოძირკვოს. იმ შემთხვევებში, როდესაც წყვილიდან ორივე სრულ განაკვეთზე მუშაობს, სხვაობა სახლის საქმეების გადანაწილებაში უფრო ნაკლებია, თუმცა ქალების 67% და კაცების 29% ამბობს, რომ სახლის სამუშაოს ძირითად ნაწილს მაინც ქალი აკეთებს. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა იმ ოჯახებში, სადაც ბავშვების ასაკი 12 წელს არ აღემატება. ამ შემთხვევაში ბავშვის სწავლება 80%, ხოლო ბავშვის მოვლა 70% შემთხვევებში ქალებზე მოდის. ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოდის სახლის საქმის კეთება მეტწილად ქალზე, მარტივია – ეს ყოველთვის ასე იყო. იმის მიუხედავად, რომ სადღეისოდ არაერთ ოჯახში ქალიც დასაქმებულია და ზოგჯერ კაცზე მეტსაც შოულობს, ბევრ ადამიანს მაინც ჰგონია, რომ სახლის საქმე ქალის მოსაგვარებელია. ცხადია, გასათვალისწინებელია, რომ წლების განმავლობაში გარკვეულ პროგრესსაც მივაღწიეთ – ძირითადად კარგად განვითარებულ ქვეყნებში და კაცებმა თავის თავზე მეტი აიღეს, განსაკუთრებით ბავშვების მოვლის კუთხით.
3) კიდევ ერთი სამწუხარო ტენდენციაა, რომ პანდემიის გამო უფრო მეტმა ქალმა დაკარგა სამსახური, ან შეუმცირდა შემოსავალი, ვიდრე კაცს. რატომ? ორი მიზეზის გამო. პირველი – ქალები ისედაც უფრო დაბალანაზღაურებად სამუშაოს აკეთებდნენ, რადგანაც ისევდაისევ სახლის საქმეებისთვის უნდა დარჩენოდათ დრო და ასეთი დასაქმებულები პირველები გაუშვეს სამსახურიდან. მეორე – ზოგმა ქალმა უბრალოდ ვერ ნახა სხვა გამოსავალი და წამოვიდა სამსახურიდან, რადგანაც დაკეტილი სკოლებისა და ბაღების პირობებში ბავშვებს ვერავის უტოვებდა. მაისის მონაცემებით, აშშში თითქმის 36.5 მლნ ადამიანმა დაკარგა სამსახური და დასაქმების სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით მათი უმეტესობა ქალია. მხოლოდ 2020 წლის აპრილში, ქალები შეადგენდნენ სამსახურიდან გაშვებულების 55%-ს. ამასთან, აღმაშფოთებელი ტენდენციაა, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისით დაზარალებულ ერთსა და იმავე ინდუსტრიაში, იმის ალბათობა, რომ სწორედ ქალი განთავისუფლდეს სამსახურიდან და არა კაცი, უფრო მაღალია. ასე მაგალითად, აშშში, გართობისა და დასვენების სექტორში, სადაც დასაქმებულთა 52%-ს ქალები შეადგენენ, სამსახური ქალების 54%-მა დაკარგა; განათლებისა და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა 77%-ს ქალი შეადგენს, მაგრამ სამსახურიდან მათი 83% გაუშვეს; საცალო ვაჭრობაში ქალები დასაქმებულთა 48%-ს შეადგენენ და მათი 61% სამსახურიდან გაუშვეს. ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ქალები, ხშირ შემთხვევაში ასრულებენ დაბალანაზღაურებად სამუშაოს, რომელსაც ხელმძღვანელები ნაკლებად ღირებულად მიიჩნევენ. აი, აქ კი მივდივართ კიდევ უფრო დიდ გამოწვევამდე, რაც კორონამ გამოაჩინა – სად არიან ამ დროს ლიდერები? სამწუხაროდ, ნეგატიური ტენდენცია ვრცელდება ლიდერებზეც. პანდემიის დაწყების მერე, სულ ველოდებოდი ამბავს იმაზე, რასაც საიმონ სინეკი ასე გენიალურად გვიხსნის ერთ-ერთ თავის გამოსვლაში TED-ზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი გამოსვლის იდეა ასეთია – ლიდერი არის ის, ვინც საკუთარ თავს წირავს სხვების კეთილდღეობას/ მიმდევრების, გუნდის წევრების კეთილდღეობას თავისაზე მაღლა აყენებს.
ნამდვილად, მედიაში არის რამდენიმე ამბავი იმის თაობაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა საკუთარი ხელფასი დათმეს. ასეთი ამბები ძირითადად ისეთ სექტორებს ეხებათ, როგორებიცაა: სასტუმრო და რესტორნის ბიზნესი, ავიაკომპანიები და გართობის ინდუსტრია, ანუ რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. რამდენიმე გენერალურმა დირექტორმა შეიმცირა საბაზისო ხელფასი, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ საბაზისო ხელფასი, ხშირ შემთხვევაში, მათი ანაზღაურების მხოლოდ მცირე ნაწილია. ასე მაგალითად, ავიაკომპანია „დელტას“ ხელმძღვანელის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 900,000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მისი საერთო კომპენსაციის მხოლოდ 6%-ია.
გვაქვს ასევე შემთხვევა, როდესაც არაერთი კომპანიის დირექტორმა საჯაროდ დადო პირობა, რომ არ გაუშვებს თანამშრომლებს სამსახურიდან. მარკ ბენიოფმა, სეილსფორსის მილიარდერმა დირექტორმა, ტვიტერით მოუწოდა თავის კოლეგებს, 90 დღის განმავლობაში არავინ გაეშვათ სამსახურიდან და რომ მან და მისნაირებმა უნდა მონაწილეობა მიიღონ იმაში, რომ ადამიანები დასაქმებული დარჩნენ ტურბულენტურ დროს. მან მოუწოდა იმისკენ, რომ თანამშრომლების ანაზღაურება არ გაჩერებულიყო მაშინაც კი, როდესაც გაყიდვები შეწყვეტილია (ჩემმა დამსაქმებელმა კომპანიამაც საქართველოში ზუსტად იგივე გააკეთა) და შესაბამისად არ მუშაობს მაღაზიები და ასევე მოუწოდა თავის თანამშრომლებს, რომ მათ გაეგრძელებინათ ხელფასის გადახდა მათთვის, ვისაც სახლში ასაქმებენ – დამლაგებლებისთვისა და ძაღლების გამსეირნებლებისთვის (ბოდიში, თუ უხერხულად გამომივა, თუმცა რომ არ იფიქროთ – ეს აქ დგას და ნოტაციას კითხულობსო, ეპიდემიის დასაწყისშივე, მარტში ვთხოვე ჩემი შვილის ძიძას არ ევლო და დარჩენილიყო სახლში და ხელფასის 100% შევუნარჩუნე, რადგან მუშაობის შეწყვეტა არ ყოფილა მისი მიზეზით გამოწვეული და იქნებოდა დიდი უსამართლობა). ბენიოფმა ასევე გადარიცხა თანხა საქველმოქმედო მიზნით (მსგავსი მაგალითი საქართველოშიც, საბედნიეროდ, გვაქვს).
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს უფრო გამონაკლისია ვიდრე წესი. ამასთან, ეს იმედის მომცემიცაა. შეიძლება გახსოვდეთ – გასული წლის აგვისტოში აშშ-ში 180 უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელის (რომლებიც ერთ ასოციაციაში, Business Roundtable-ში არიან გაერთიანებული) მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ამიერიდან, მათი მოვალეობაა უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული თანამშრომლებსა და გარემოზე ზრუნვაზე; რომ უნდა დაეხმარონ დასაქმებულებს ახალი უნარების შეძენაში ახალი გამოწვევების საპასუხოდ. ჯამში ეს ნიშნავს აქამდე გავრცელებული მოსაზრების გადახედვას, რომ კომპანიის მთავარი საზრუნავი მისი აქციონერები არიან.
რაც, ალბათ, ყველაზე საოცარი გამოდგა, არის პანდემიით გამოწვეული მთელი მსოფლიოსთვის საერთო პრობლემის არსებობა – ის, რომ არც განვითარებული ქვეყნები აღმოჩდნენ მდგრადი ამ ნეგატიური შედეგების მიმართ და ამავე დროს, ის, რომ სწორედ პანდემიით გამოწვეულმა საერთო ტკივილმა შეიძლება აგვარჩევინოს ცხოვრების უკეთესი გზა და ამ გაერთიანებამ საერთო პრობლემის წინაშე უფრო სწრაფად მოგვიტანოს პროგრესი. პოსტ-პანდემიური პერიოდი აუცილებლად შეცვლის მსოფლიოს უკეთესობისკენ, თუ სახელმწიფოები ისწავლიან გვერდში დგომას. პანდემიამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ განსხვავება შემოსავლებს, რასასა და სქესს შორის კვლავაც უდიდესი გამოწვევაა. ასე მაგალითად, მას, ვისაც ხელი არ მიუწვდება ხარისხიან ჯანდაცვაზე, უფრო მეტი ალბათობა აქვს გარდაიცვალოს Covid19-ით, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომ, მსოფლიო აუცილებლად უნდა შეიცვალოს და, ყველა მოლოდინის მიუხედავად, დიახაც, გახდეს უფრო ჰუმანური და ორიენტირებული ადამიანებზე. როგორც ეს საიმონ სინეკმა შესანიშნავად აღწერა თავის გამოსვლაში, რომელიც ზემოთ ვახსენე – როდესაც გარედან გემუქრება საფრთხე, გადარჩება ის, ვინც უსაფრთხოდ გრძნობს თავს იმის წყალობით, რომ მასზე ზრუნავენ. გამოსვლაში, მას მოჰყავს ასეთი მაგალითი: ერთ-ერთ კომპანიაში კრიზისი რომ დადგა, რომლის დროსაც, კომპანიების უმეტესობა თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს, ამ კომპანიის ლიდერმა ასეთი რამ მოიფიქრა – მოუწოდა თავის თანამშრომლებს, რიგ-რიგობით 4-4 კვირიანი უხელფასო შვებულება აეღოთ, იმისთვის რომ კომპანიას ხარჯები შეემცირებინა და თანამშრომლების გაშვებას არიდებოდნენ. შედეგად მოხდა ის, რომ თანამშრომლები არა თუ სიხარულით დათანხმდნენ შემოთავაზებულს, არამედ დაიწყეს იმის გამოძიება, ვის უფრო უჭირდა – ვის ჰქონდა ნაკლები შემოსავალი და მეტი ვალდებულება და, შესაბამისად, ზოგი უფრო ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გავიდა და, სამაგიეროდ, სხვას მოუწია ნაკლები.
პანდემია უდიდესი გამოწვევაა და ბევრ საფრთხეს შეიცავს. თუმცა, ეს საფრთხე ხდება გაცილებით უფრო დიდი, როდესაც ადამიანი კომპანიაში თუ ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობს.