„უყურეთ მუსიკას, უსმინეთ ცეკვას“ – ჯორჯ ბალანჩინი მოგონებებში

Photograph by Bert Stern / CondÉ Nast Archive

„როდესაც უყურებთ ყვავილების ბაღს, მათგან არ მოითხოვთ მნიშვნელობას, არ ეკითხებით რას გულისხმობენ. მოცეკვავეებიც ყვავილები არიან და ყვავილები კონკრეტული მნიშვნელობის გარეშე იზრდებიან, ისინი უბრალოდ მშვენიერნი არიან. ჩვენც ყვავილებს ვგავართ. ყვავილი არ ყვება ამბავს, არამედ ის მშვენიერია თავისთავად.“ – ასე პასუხობდა ჯორჯ ბალანჩინი იმ მაყურებლების კითხვებს, რომლებიც მის აბსტრაქტულ დადგმებში ღრმა ფილოსოფიურ აზრს დაეძებდნენ. მოძრაობის სიმკვეთრე, მუსიკის ჟღერადობა, სცენების სიმეტრია, დაშლა, შეერთება, ვარიაცია…

ბალანჩინის მემკვიდრეობამ, რომელიც 400-ზე მეტ დადგმას ითვლის, მთლიანად გარდაქმნა კლასიკური ბალეტის ქორეოგრაფია, სასცენო ესთეტიკა, ხატი ბალეტის მოცეკვავისა. ჯორჯ ბალანჩინი 1983 წლის 30 აპრილს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი გავლენა და მიმდევრების რაოდენობა მხოლოდ მატულობს, მის შექმნილ სტილს ხომ ზოგჯერ 21-ე საუკუნის Lingua Franca-დაც მოიხსენიებენ.

მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე მოგონებას, რომელსაც ბალანჩინთან მომუშავე მოცეკვავეები და ქორეოგრაფები იხსენებენ:

ფრანსია რასელი (NYCB-ის სოლისტი 1964-1970 წლებში): „როდესაც სცენაზე ბალეტს ვცეკვავ, ყურში მისტერ ბალანჩინის ხმა ჩამესმის. მე ყოველთვის თან ვყავდი, როცა რამეს დგამდა. ვიგებდი მუსიკას და ვიგებდი საით მიდიოდა იგი. იგი ფიქრობდა, რომ მუსიკა მესმოდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის.“

ჰელგი ტომასონი (NYCB-ის მთავარი მოცეკვავე 1970-1985 წლებში): „მისტერ ბალანჩინთან და მის კომოანიასთან 15 წლიანი მუშაობის შემდეგ, არაჩვეულებრივად სწავლობ მუსიკალურობას, როგორ ახერხებდა იგი მუსიკის გადმოთარგმნას ქორეოგრაფიაში. მას შემდეგ, რაც თავად იწყებ ცეკვის დადგმას, უნდა სცადო შენი საკუთარი ტონალობა იპოვო, მაგრამ უეჭველია, მისი გავლენა დარჩა ჩემში.“

ვიოლეტა ვერდი (NYCB-ის მთავარი მოცეკვავე 1958-1976 წლებში): „ის ახლაც აქაა, იმ სიცხადეში, რომელიც მოგვცა – მისი დამოკიდებულება ტექნიკის, მუსიკისა და ჟესტებისადმი. მან ყველაფერს თავისი ნამდვილი ღირებულება მიანიჭა, სწორი ზომა, სწორი დრო, სწორი მუსიკა დროსა და სივრცეში. ის ამარტივებდა, ხსნიდა, ლოგიკას გვიჩვენებდა… ის განმანათლებელი იყო, ყველ ჩვენგანისთვის, საზოგადოებისთვის, კრიტიკოსებისთვის.“

ჰუკი შორერი (NYCB-ის მთავარი მოცეკვავე 1968-1972 წლებში): „ არ ვასწავლი მხოლოდ იმ პრინციპებით, რომლითაც მისტერ ბალანჩინი ასწავლიდა, არამედ ვასწავლი მისეულ სიჩქარეს, მუსიკის მშვენიერებას და მუსიკის ხარისხსაც. ზოგჯერ ვიხსენებ იმ ნაბიჯებს, რომელსაც კლასში გვასწავლიდა, ზოგჯერ კი მისი ბალეტებიდან მომაქვს კომბინაციები.“

ედუარდ ვილელა ( NYCB-ის სოლისტი 1958-1978 წლები): „აკეთე შენი საქმე ყოველ დღე – ეს ყველაფერს ამბობს. ის გენიოსი იყო, მაგრამ მხოლოდ ამას არ ეყრდნობოდა. მისი დროის ძირითადი ნაწილი საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას, დასის მართვას, ქორეოგრაფიას ეთმობოდა. ის შემოქმედი იყო იმდენად, რამდენადაც გენიოსი – მუდამ მუშაობდა თავის საქმეზე. ერთხელ მითხრა, რომ ნებისმიერ დროს 20 მიზანი მაინც ჰქონდა თავში და როგორც კი შესაფერისი დრო, ფინანსები, პერსონალი გამოჩნდებოდა, ამბობდა „დროა ამის გასაკეთებლად!“