ნუცა ბაიაძე 20 წლის ასაკში მიხვდა, რომ კულინარია მისი განუყოფელი ნაწილი იყო და ბიზნეს ადმინისტრირების სწავლას საქართველოს კულინარიის აკადემიაში სწავლა არჩია. მან წარმატებით დაამთავრა კიევის ჰექტორ ბრავოს კულინარიისა და საკონდიტრო ხელოვნების აკადემიის სამზარეულოს მენეჯმენტის პროგრამა. სწავლის დასრულების შემდეგ იყო სხვადასხვა პოპულარული რესტორნის შეფ-მზარეული. დღეს ნუცა საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორი და ტელეშოუ „მასტერშეფის“ კულინარიული ხელმძღვანელია. კულინარიულ გამოწვევებსა და ქართული კულინარიის სპეციფიკაზე უფრო მეტს კი თავად მოგვიყვება.
ბოლო დროს საქართველოში მზარეულის პროფესიის პოპულარობა იზრდება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ პროფესიით ასეთი დაინტერესება?
ჩემი აზრით, საქართველოში კულინარიის სფეროს განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი კახა ბენდუქიძესა და საქართველოს კულინარიის აკადემიას ეკუთვნის. მახსოვს, როდესაც ჩვენ ჩავაბარეთ, მასთან შეხვედრისას გვითხრა, რომ მომავლის პროფესიას ვირჩევდით საქართველოში და 10 წელიწადში ვნახავდით შედეგს – ძალიან დიდ მოთხოვნას კვების სფეროსადმი და სრულიად სხვანაირ დაფასებას მზარეულის პროფესიის მიმართ, რაც შეიძლება ითქვას, რომ ახდა კიდეც. ასევე ტურიზმის განვითარება და დიდი ინტერესი ქართული სამზარეულოს მიმართ მნიშვნელოვანი ფაქტორებია, ბაზარი გაიზარდა, რასაც მოთხოვნის ზრდაც მოყვა. თუ წლების წინ 50 ადამიანი ინტერესდებოდა კულინარიის აკადემიით, დღეს 2021 წლამდე ადგილები შევსებულია. დღესდღეობით მზარეულის პროფესია ახალგაზრდებისთვის არა მარტო მომხიბვლელი, არამედ საინტერესო და ძალიან პრესტიჟულია.
თქვენ როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ კულინარიაა ის სფერო, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ?
20 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ კულინარია იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მახსოვს სტატისტიკის ლექციაზე თავში იხვის მკერდის მომზადების რეცეპტზე ვფიქრობდი. გამომიჩნდებოდა თუ არა თავისუფალი დრო, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი, რამე ახალი და საინტერესო მომემზადებინა, სწორედ მაშინ გაიხსნა საქართველოს კულინარიის აკადემია და პირველივე ნაკადში მოვყევი. დღემდე აკადემია ჩემი მეორე სახლია და დღეს უკვე მე ვცდილობ ჩემი გამოცდილება ახალგაზრდებსა და კულინარიაზე შეყვარებულ ადამიანებს გავუზიარო .
თქვენთვის, როგორც კულინარისთვის რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც თვლით, რომ თავი წარმატებულად გაართვი?
პირველი დიდი გამოწვევა პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება იყო. წინასწარ მქონდა წარმოდგენილი: როგორი იქნებოდა პირველი გაკვეთილი , როგორი ფორმა მეცმეოდა, დანას როგორ დავიჭერდი ხელში… მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ველოდებოდი ამ დღეს – მას მერე აკადემია ჩემი საყვარელი ადგილია. შემდეგი დიდი გამოწვევა აკადემიის სამზარეულოდან ნამდვილ ცეცხლოვან სამზარეულოში გადანაცვლება იყო. მახსოვს დღე, როდესაც 15 კილოგრამი კარტოფილის გათლა მომანდეს და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ნელ-ნელა დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და პროფესიულად გაზრდა. რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე სწავლა ისევ გამეგრძელებინა და შემდეგი მიზანიც მაშინ დავუსახე საკუთარ თავს – წავედი კიევში, ჰექტორ ბრავოს კულინარიის სკოლაში. მარტო ცხოვრებამ დიდი გამოცდილება მომცა, იქაურმა გარემომ და სწავლის მეთოდებმა კიდევ უფრო გამზარდეს და შემაყვარეს კულინარია.
დღეს ყოველდღიურობაში ვხვდები გამოწვევებს – ახალი კერძის შექმნა , ახალი რეცეპტის შექმნა , რესტორნისთვის საინტერესო კონცეფციის მოფიქრება და ა.შ.
რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კულინარია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში?
კულინარია ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ადამიანების ყოველდღიურობაში – ეს იქნება დამწყები მზარეული, შეფ მზარეული თუ უბრალოდ მოყვარული დიასახლისი. ამას ცხადჰყოფს დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში არსებული კულინარიული შოუ, რომელმაც ბოლო დროის ყველა რეიტინგი მოხსნა. ადამიანები უკვე სხვანაირად უყურებენ მათ მიერ შექმნილ კერძებს, ფრაზები და კულინარიული ტერმინები აიტაცეს, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს კულინარიის პოპულარიზაციას. „მასტერშეფმა“ კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოების ინტერესი კულინარიის მიმართ, კასტინგებზე მოდიან ახლაგაზრდები და უნდათ დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები, ახლად წარმოაჩინონ ქართული კერძები, ეს ყველაფერი კი ცხადად მიანიშნებს კულინარიის მნიშვნელობაზე ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
2020 წელი ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და შესაბამისად კულინარიაშიც იქნება ცვლილები და ახალი ტრენდები. რას უნდა ველოდეთ?
ტრენდული – ბუნებრივი გემო და ბუნებრივი არომატებია. მარტივი – გენიალურიას პრინციპით, რაც უფრო მარტივი და სადაა კერძი დღესდღეობით ის უფრო მომხიბვლელია.
ბოლო დროს საქართველოში ვეგეტარიანული სამზარეულოს პოპულარობაც იზრდება. როგორია ქართული ვეგეტარიანული სამზარეულო, გამოირჩევა ის მრავალფეროვნებით?
ვეგეტარიანულმა სამზარეულომ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კერძების დიდი ნაწილი სწორედ ბოსტნეული და ფხალეულია, ამიტომაც შეგვიძლია მრავალფეროვანი ჩამონათვალი გავაკეთოთ საინტერესო ვეგეტარიანული კერძების, რომელიც სხვათა შორის უცხოელ სტუმრებსაც ძალიან იზიდავთ. მაგალითისთვის ძალიან პოპულარულია გოგრის ფხალი და ეკალა ნიგვზით. მათთვის, ვინც თევზსა და ყველს მიირთმევს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება შეგვიძლია ქართული კერძებიდან.
რა აქვს ქართულ სამზარეულოს ისეთი, რაც სხვა ქვეყნების სამზარეულოსგან გამოარჩევს და განსაკუთრებულს ხდის?
ჩემთვის, როგორც ქართველისთვის ყველაზე მომხიბვლელი და საინტერესოა ქართული კერძების კუთხური მრავალფეროვნება, განსხვავებული არომატები და გამორჩეული ინგრედიენტის იდეალური შერწყმა. ტურისტებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ქართული კერძები უცხო, ეგზოტიკური და დაუვიწყარი გემოების ტანდემია.
რამდენად რთულია კულინარიულ სფეროში თავის დამკვიდრება და რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც კულინარიისადმი ინტერესით გამოირჩევიან, თუმცა წარუმატებლობის ეშინიათ?
დღესდღეობით კულინარიის ასე განვითარებამ ამ სფეროში კონკურენციის გაზრდა გამოიწვია. შესაბამისად, თავის დამკვიდრებაც უფრო მეტად გართულდა. თუმცა როგორც ყველა პროფესიაში – კულინარიაშიც, ვთვლი, რომ თავდაუზოგავი შრომა წარმატების გარანტიაა.
ადამიანებს, რომლებიც ეუფლებიან ამ ხელოვნებას, ვურჩევდი, რომ, ბევრი იშრომონ, მარტივად არ დანებდნენ, მისცემ გასაქანი თავიანთ შესაძლებლობებს და დაამსხვრიონ კულინარიული მითები.