BAG: სამშენებლო სექტორი გამოწვევების წინაშე დგას

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი კომპანიების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრაზე, ის სრულად მოგვარებული არ არის.

პრობლემათა ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ტენდერების გზით შესყიდვებს უკავშირდება. საბჭოთა დროინდელი ე.წ “სნიპები” (SNIP) ზუსტად განსაზღვრავდ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ფასსა და მახასიათებელს, ხშირად სამუშაოს შემსრულებელი კომპანია ზუსტად ვერ მიყვება ამ კრიტერიუმებს, რადგანაც სტანდარტში აღწერილი პროდუქცია ან აღარ იწარმოება, ან სახეცვლილი ფორმით შემოდის ბაზარზე. ამიტომაც, ადგილობრივი სამშენებლო ინდუსტრია მნიშვნელოვნად ფერხდება.

ასოციაციაში მეორე ძირითად პრობლემად სამუშაოს შესრულების პროცესში მომსახურების შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის წარმოქმნილი დავების სწრაფად განხილვის შესაძლებლობის არარსებობას ასახელებენ. ეს და სხვა გამოწვევები აფერხებს ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე კომპეტენტური კომპანიების ოპერირების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მუშაობს პრობლემათა იდენტიფიცირებაზე, რის შემდგომაც ის მოამზადებს რეკომენდაციების პაკეტს და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად დაგეგმავს იმპლემენტაციის კონკრეტულ ნაბიჯებს.