კეთილი ჯაჭვი | ინტერვიუ თამარ ბადაშვილთან

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

TAMAR BADASHVILI – ციფრული მარკეტინგის პროფესიონალი, აჭარაბეთის მარკეტინგული არხების ხელმძღვანელი.

NICKNAME: ბადა

BIO: ძალიან უყვარს რიცხვები და სტრატეგიული ამოცანების ამოხსნა, განსაკუთრებით, თუკი ეს ამოცანა უამრავ უცნობს შეიცავს. ყველაფერში ეძებს კავშირებს.

TIMELINE HISTORY:

ციფრულ სამყაროსთან პირველი შეხება – ბავშვობისდროინდელი მობილური ტელეფონის ყველა ფუნქციონალის შესწავლა, ტელეფონის დაშლა და აწყობა.

პირველი ციფრული ნაბიჯები – თინეიჯერი ბადა ფორუმზე მოდერატორობას ითავსებს.

სტუდენტობის მოგონება ‒  ბიზნესსკოლაში ჩაბარების შემდეგ, ბადა უკვე დარწმუნებულია, რომ მარკეტინგი აინტერესებს. მესამე კურსზე იწყებს მარკეტინგისა და კვლევების სწავლას. იწყება ახალი თავგადასავალი რიცხვებში.


ასე გაგაცნობთ თამარს, რომლის საყვარელი ადგილიც ციფრული სამყაროა.

თვლის, რომ ამ სივრცეში ადამიანები ბევრად თავისუფლები ვართ და უფრო მარტივად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სამყაროს მრავალფეროვნება და გამოვხატოთ საკუთარი აზრები.

რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებისას სოციუმს, გარემო ფაქტორებსა და იმ განათლების სისტემას, რომლის ქვეშაც ვვითარდებით?

რა თქმა უნდა, ყველაფერი ბავშობით იწყება. ბავშვი პატარა მეცნიერია, რომელიც გარშემო ყველაფრის შესწავლას ცდილობს, სვამს უამრავ შეკითხვას და მიღებული პასუხების მიხედვით იყალიბებს შეხედულებებს. თუ მის გარშემო მისთვის შესაბამისი ინტერესების სოციუმია, დიდი შანსია, რომ ბევრად მეტი რამ აითვისოს, ხოლო თუ გარემო დამთრგუნველია, შეიძლება ბავშვის ფიქრის არეალიც კი შეიზღუდოს და ვერ შეესხას ფრთები მის ჯერ კიდევ ძალიან ფაქიზ იდეებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლება, რაც სამომავლო წარმატების ალბათობას ერთი ორად ზრდის. შესაძლოა, პროფესიული განათლების გარეშეც გახდე საქმის პროფესიონალი, თუმცა ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე მაინც შეზღუდული იქნები და შორს გაფრენას ვერ შეძლებ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თქვენს კარიერულ წარმატებაში რომელ გარემო ფაქტორს მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი?

საქართველოს გარდა, მე კიდევ სამ ქვეყანაში მივიღე განათლება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ იქ შესწავლილმა პრაქტიკებმა ჩამომიყალიბა სწორი სტრატეგიული ხედვა და განმივითარა უნარი, ნებისმიერი უმნიშვნელო ინფორმაციაც კი მექცია მნიშვნელოვან ატრიბუტად დასახული მიზნის მისაღწევად. ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო: ფილმის ყურების ან რაიმე საინტერესო სტატიის კითხვის დროს, ხშირად ვაკვირდები ხოლმე დეტალებს, საინტერესო და ჩემთვის უცნობი თემის აღმოჩენის შემთხვევაში მომენტალურად ვიწყებ ძიებას და ვაკავშირებ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობასთან.

თუმცა, ამავდროულად, მარკეტინგში, სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, შენი პროფესიონალიზმი იმაზე უფროა დამოკიდებული რა გააკეთე, ვიდრე ‒ თუ რა განათლება მიიღე, ვინაიდან თითოეული შენი ნამუშევარი ყველაზე ნათლად ჩანს გარე აუდიტორიისთვის.

მე ხშირად ვფიქრობ, თუ რას ვაკეთებ დღეს ისეთს, რითაც ძალიან ვიამაყებ და, რაც მარკეტინგის სფეროსთვისაც პროგრესის მომტანი და ღირებული იქნება. მგონია, ამ ღირებულებას ჩემი გამოცდილებით ვქმნი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე სწავლითა თუ მუშაობით დავაგროვე, დღეს კი ამ გამოცდილებას მე ჩემს გუნდს ვუზიარებ.

რა გაძლევთ მოტივაციას? გადამდებია ის? თუ კი, როგორ უნდა გადავდოთ ის სხვას?

ბანალური ვიქნები – ჩემი მოტივაცია ჩემი გუნდი და თითოეული მათგანის წარმატებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მრავალფეროვანი ბანალურობაა, რადგან აქ ყველაფერი ორმხრივია. კარგი ლიდერობაც ამას ნიშნავს, როდესაც შენს და შენი გუნდის წარმატებას არ განასხვავებ ერთმანეთისგან.

მოტივაცია კი ცალსახად გადამდებია. ამიტომ მგონია, რომ კომპანიებში, ნებისმიერი რგოლის წარმომადგენელმა თავისი გუნდის წევრების დაინსპირირებაზე მეტი უნდა იფიქრონ. ეს გაცემული ენერგია როგორც უკან ბრუნდება, ასევე – ისახება საქმეზეც, ახალ, განუმეორებელ იდეებზე და იქმნება ე.წ. კეთილი ჯაჭვი, როდესაც სხვისი წარმატების ისტორია შენი წარმატების ნაწილი ხდება.

როგორი შეიძლება იყოს კრეატივის ძალა თანამედროვე ტექნოლოგიებთან თანხვედრაში? როგორ უნდა გამოვიყენოთ ციფრული სამყაროსა და ტექნოლოგიების უსაზღვრო შესაძლებლობები ჩვენს სასიკეთოდ?

ყოველდღიურ ცხოვრებაში კრეატივი კარგი საშუალებაა სტანდარტულ მოცემულობებთან გასამკლავებლად. შეიძლება იმას, რაც უკვე მზადაა, გაცილებით მეტი მატერიალური რესურსიც კი მიჰქონდეს, ვიდრე ჩვენი კრეატიული აღმოჩენით დასჭირდებოდა.

ამას უფრო ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, მივიღებთ შემდეგნაირ სურათს: ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი წარმოებაა ლოკალურ ბაზარზე, რა გადის ექსპორტზე და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სერვისების ნაწილი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ასათვისებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა, ვიტყოდი, რომ გონებრივი რესურსი საკმაოდ დიდი იმედის მომცემია. დიდ ქვეყნებთან შედარებით ეს შეიძლება პატარა მოგვეჩვენოს, მაგრამ თუნდაც, ონლაინ სერვისებისა თუ ფინტექის ნაწილში, უკვე არაერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს ქვეყანაში, თუ რისი გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს და შესაბამისად, მეტი გონებრივი ძალისხმევის ჩადებით გაცილებით
მეტის მიღწევა შეგვიძლია.

ეს კი კრეატივია პრაქტიკაში, ანუ ყველაზე კარგი თანხვედრა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქართველი ქალები?

შეიძლება მთელი დღის მანძილზე კომპანიის ზედა რგოლებში ქალების უფრო მეტ ჩართულებაზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ დღის ბოლოს გარეთ გამოსვლისას ისეთ მძიმე რეალობას წავაწყდეთ, რომ ამ ყველაფერზე პასუხის გაცემაც კი გაგვიჭირდეს.

ამიტომ ვიტყოდი, რომ გამოწვევები ბევრია. პირველ რიგში, საჭიროა გვქონდეს პროფესია და ჩავდოთ დიდი რესურსი საკუთარი თავის განვითარებაში იმისათვის, რომ გვქონდეს პირადი შემოსავალი და შესაბამისად, ვიყოთ დამოუკიდებლები ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. ასევე მნიშვნელოვანია, ღიად ვისაუბროთ პრობლემებზე, გარშემომყოფების დახმარებით ყველას მივაწვდინოთ ხმა, რადგან პრობლემაზე საუბარი უზრუნველყოფს თემის აქტუალობას და გადაჭრის გზებზე საუბრის დაწყებას.

რამ უნდა გაგვაერთიანოს ქალები ერთ დიდ არმიად, რომელიც ყველა გამოწვევას დაამარცხებს და ყველა ომს მოიგებს?

პირველ რიგში, საკუთარ თავებს უნდა დავუსახოთ მიზნები და გვჯეროდეს, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია და მეტად შთაგონებულები ვიყოთ ჩვენივე იდეებით.

ქალებს ძალიან ბევრ რამეზე ერთდროულად კონცენტრირება შეგვიძლია. ამიტომ ვფიქრობ, რომ კომპანიებში, ზედა რგოლებში, რაც უფრო მეტი ქალი იქნება დასაქმებული, მით მეტ სარგებელს ნახავს კომპანიაც.

არაერთი მაგალითი გვაქვს როგორც საზღვარგარეთ, ასევე ლოკალურად, თუ რამდენად გამჭრიახები არიან ქალები, რამდენად წარმატებულად აკეთებენ ისინი თავიანთ საქმეს და რაც ყველაზე მთავარია, როგორი ენთუზიაზმით. ასე რომ, ჯერ ჩვენს თავებს უნდა დავაჯეროთ ჩვენი შესაძლებლობების, რომ მერე სხვებიც, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც დავარწმუნოთ ამაში.

თქვენს ახლანდელ პიროვნულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რას ეტყოდით შედარებით უმცროს თამარს?

თინეიჯერ თამარს ვეტყოდი, რომ სწორ გზაზე დგას, არავითარ შემთხვაში არ შეწყვიტოს ულევი შეკითხვების დასმა და სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების.

და ახალგაზრდებს რას ეტყოდით?

მათაც იგივეს, და დავამატებდი იმას, რომ ძალიან ბევრი იკითხონ, ოღონდ აქ მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას არ ვგულისხმობ. ნებისმიერ სფეროში სიახლეების კითხვა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებზე თვალყურის დევნება სულ სხვანაირად ავითარებს გონებას, მოაქვს მეტი კრეატივი და იდეები, და მათ აუცილებლად აქვთ ფრთები.

თუ კონკრეტულად მარკეტინგი აინტერესებთ და უნდათ მაღალ კარიერულ საფეხურზე ავიდნენ, რიცხვები უნდა შეიყვარონ, რაც ასევე ძალიან წაადგებათ მათი მარკეტინგული ქმედებები ბიზნესის მიერ მიღებულ სარგებელთან კარგად დააკავშირონ.