ქალები ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების ინდუსტრიაში წამყვან პოზიციებს იკავებენ

თვითმავალი ავტომობილების ინდუსტრია ახალგაზრდაა და სულ რაღაც ათეული წელია რაც არსებობს. ხელოვნური ინტელექტის, სენსორული სისტემებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე მისი ადგილიც იზრდება. მომავლის საწარმოები გავლენას სოციუმზეც ახდენენ, ბიზნესით დაინტერესებული ქალი დამფუძნებლებისთვის კი არაერთ შესაძლებლობას ქმნიან.

Photo Credits to Waabi

მიმდინარე კვირაში Waabi-ს დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რაქელ ურტასუნმა საკუთარი სტარტაპისთვის $83.5 მილიონის მოზიდვა შეძლო. კომპიუტერული მეცნიერებების პროფესიონალი ქალი ავტომობილების განვითარებისთვის ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და ტრადიციული მიდგომების შეცვლას გეგმავს. ურტასუნმა 2017 წელს Uber-ში დაიწყო მუშაობა და კომპანიაში თვითმავალი მანქანების მთავარი ექსპერტი იყო. მისი სტარტაპის ინვესტორები Uber, Aurora და Silicon Valley VC Khosla Ventures არიან.

ჩრდილოეთ ამერიკაში 12 წამყვანი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების კომპანიებიდან სამს ქალი ხელმძღვანელობს, მათ შორის არიან Zoox-ისა და Waymo-ს დირექტორებიც. აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიაში რასობრივ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ზემოაღნიშნული მეწარმეები აფრო-ამერიკელები არიან.

„ძალიან მიხარია, რომ ავტონომიური ტექნოლოგიებით ამდენი ქალი დაინტერესდა. საზოგადოება აფასებს ინდუსტრიის პოტენციალს და მომავალს, რომელსაც ის შეცვლის.“ – აცხადებს ალისინ მალეკი, რომელმაც General Motors-ი დატოვა და 2017 წელს სტარტაპი May Mobility დააარსა.

ალისინ მალეკი / Forbes

სამ წამყვან აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ხელმძღვანელ პოზიციას ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი ქეროლ რეილიც იკავებს. მან სტარტაპი Drive 2015 წელს დაარსა და 2018 წლამდე მისი პრეზიდენტი იყო. რობოტიკით, ჯანდაცვის საკითხებით, კომპიუტერული მეცნიერებებითა და ციფრული ტექნოლოგიებით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა.

„მივხვდი, თუ რამხელა პოტენციალი ჰქონდა ამ ინდუსტრიას, როცა ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ზიანის მასშტაბები გავაანალიზე. ამ ტექნოლოგიას ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“ – აცხადებს ქეროლი.

ქეროლ რეილი / WEFORUM

კიდევ ერთი წარმატებული აღმასრულებელი დირექტორი GM-ს მერი ბარაა, ის ერთადერთი ქალია, რომელიც მსხვილ გლობალურ საავტომობილო კომპანიებში ამ თანამდებობას იკავებს. მან 2016 წელს თვითმავალი მანქანების სტარტაპი Cruise Automotive შეიძინა. Honda Motors-სა და SoftBank-თან პარტნიორობის შედეგად კომპანიამ ჯამში $10 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა.

„ამ ქალების მიღწევები ტექნოლოგიურ და კვლევით სფეროებში საოცარია,“ ამბობს დარდენ ვილკერსონი, ჩიკაგოს საჯარო სკოლებში კომპიუტერული მეცნიერებების განათლების დირექტორი. „ემოციურ და პროფესიონალურ ინტელექტთან ერთად მრავალფეროვანი უნარ-ჩვევებიც გამოავლინეს და ახალი ინდუსტრიის შენებას უძღვებიან“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2020 წლის მონაცემებით, სტარტაპების მხოლოდ 14%-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო ქალი. Silicon Valley Bank-ის მტკიცებით, გენდერული სხვაობების აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი გზაა გასავლელი. კომპანიების ნახევარზე მეტს უმაღლეს პოზიციებზე ქალები არ ჰყავს და სტარტაპების მხოლოდ მესამედი უთმობს ფინანსებს ამ პრობლემის გადაჭრას.

აიშა ევანსი / Forbes

Zoox-ის აღმასრულებელი დირექტორი, აიშა ევანსი, მიიჩნევს, რომ გენდერული სხვაობების შემცირება ახალგაზრდების სკოლის ასაკშივე დაინტერესებითა და საბუნებისმეტყველო განათლების გაუმჯობესებითაა შესაძლებელი. Intel-ის ყოფილი წამყვანი ინჟინერი თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა. მისი კომპანია ახალი თაობის ტაქსების შექმნას ცდილობს და ამ მიზნის მისაღწევად თანამედროვე რობოტიკას იყენებს. Zoox-ი 2020 წელს Amazon-მა $1.2 მილიარდად შეიძინა.

„აუცილებელია, რომ აუტო-ინდუსტრიაში ტრანსფორმაციებსა და განვითარებებზე ვისაუბროთ. თუ მეტი ქალი დაინახავს ამ სფეროში ზრდის პოტენციალსა და დინამიკას, მით უფრო მეტ გენდერულ მრავალფეროვნებას ვიხილავთ.“ – აცხადებს ევანსი.