კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას ჯვრის გულსაკიდი შეიძინა

სააუქციონო სახლ Sotheby’s-ის ინფორმაციით, კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას Attallah Cross-ის გულსაკიდი თითქმის $200,000-ად შეიძინა. შედეგად, უელსის პრინცესას ცნობილი ჯვრის გულსაკიდი კარდაშიანის საკუთრებაში არსებული ისტორიული ნივთების მზარდ კოლექციას შეემატა.

TIM GRAHAM PHOTO LIBRARY/GETTY IMAGES

ამეთვისტოსა და ბრილიანტებისგან დამზადებული სამკაული უკანასკნელად 1987 წელს სწორედ პრინცესა დაიანას ეკეთა. Sotheby’s-ის განცხადებით, კიმ კარდაშიანის წარმომადგენელმა სამკაულის შეძენით დაინტერესებულ სამ პირს აჯობა და Attallah Cross-ის გულსაკიდში აუქციონამდე შეფასებულ თანხაზე თითქმის ორჯერ მეტი გადაიხადა. ცნობისთვის, გულსაკიდი 1920 წელს შეიქმნა და 5 კარატს იწონის.

„მოხარულები ვართ, რომ სამკაულმა, მსოფლიოში ცნობილი სახელის მფლობელობაში ახალი სიცოცხლე იპოვა“, – განაცხადა კრისტიან სპოფორტმა, ლონდონის Sotheby’s-ის აუქციონის სამკაულების მიმართულების ხელმძღვანელმა.

Forbes-ის შეფასებით, კიმ კარდაშიანის ქონება $1.8 მილიარდს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ კარდაშიანი სხვა ისტორიულ ნივთებსაც ფლობს, რომელთა შორისაა ჟაკლინ კენედის საათი, რომელიც მან 2017 წელს $379,000-ად შეიძინა. Met Gala-ზე მერილინ მონროსთვის შექმნილი კაბით გამოჩენის შემდეგ, კარდაშიანს საჩუქრად მონროს თმის ღერიც გადასცეს, თუმცა მის ავთენტურობაში ბევრს დღემდე ეჭვი ეპარება.

საინტერესოა, რომ კარდაშიანი 2016 წელს პარიზში გაძარცვეს, რის შემდეგაც მილიარდერმა ძვირად ღირებული სამკაულების შენახვასა და ტარებაზე უარი თქვა. პარიზში ძარცვისას კარდაშიანს ლორეინ შვარცის 20-კარატიანი ნიშნობის ბეჭედი წაართვეს, რომელიც მას ყოფილმა მეუღლე კანიე უესტმა აჩუქა.