ატარე გულით – სიტყვების გარეშე გამოხატული გრძნობა

სულ რომ გახსოვდეს, სულ რომ ეხებოდე და სულ რომ ხედავდე შეგრძნებას, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა, გაალამაზა, გაახალისა ან უბრალოდ, დადებითი ემოციები გაჩუქა – სულ უნდა ატარო, არასდროს დაკარგო და სხვებსაც აუცილებლად უნდა გაუზიარო.  დებმა, თამარ და ნესი ამირეჯიბებმა, პერსონალური ისტორიების მატარებელი სამკაული განსაკუთრებული შთაგონებით შეიქმნეს და ქართული ანბანის სახე მისცეს. ინსპირაცია –  ქართული დამწერლობით აღფრთოვანებული გერმანელი მეგობარი აღმოჩნდა. უკვე ოთხი წელია, დახვეწილი გემოვნებით, სისადავითა და მაღალი ხარისხით შექმნილი პატარა, ვერცხლის უნიკალური სიმბოლოები ქართველ და უცხოელ მომხმარებელს ნუსხავს და მომაჯადოებელი შეგრძნებებით ასაჩუქრებს.

ჩვენი გერმანელი მეგობარი 2017 წელს თბილისში იყო ჩამოსული და აღფრთოვანებული გვიზიარებდა ემოციებს ქართული ანბანის, მისი სილამაზის და უნიკალურობის შესახებ. ბოლოს თქვა, რომ ეს ასოები ყვავილებს მაგონებსო და მაშინ მივხვდით, რომ ჩვენი ბიზნესი სწორედ ქართული ანბანის გარშემო უნდა ყოფილიყო.  სასწრაფოდ დავიწყეთ იდეის დამუშავება, დიზაინერების ძიება, ხელოსნებთან მოლაპარაკებების წარმოება. ეს იყო ხანგრძლივი და ძალიან შრომატევადი პროცესი.  ჩვენი სულ პირველი კოლექცია 400 ცალი ვერცხლის ასო-ნიშნისგან შედგებოდა და ძალიან ვღელავდით, რამდენად მოვახერხებდით მის გაყიდვას, თუმცა მალევე მომხმარებლისთვის ძალიან საყვარელი აქსესუარი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ის პირველი აქსესუარი დღემდე ბესტსელერია. ბრენდის მთავარი დატვირთვაა ქართული, უნიკალური პერსონიფიცირებული აქსესუარების შექმნა, რაც მხოლოდ დადებითი ემოციების გამომხატველია.

ყველა სიმბოლოს განსაკუთრებული დატვირთვა, შინაარსი და ხასიათი აქვს. თითოეული  სიმბოლო განსაკუთრებული სიყვარულით, ემოციით და ფიქრით იქმნება. „ატარე“ იყო პირველი, ვინც აქსესუარი ქართული ანბანის გამოყენებით შექმნა და წვლილი შეიტანა უნიკალური დამწერლობის პოპულარიზაციაშიც. პოზიტიური ენერგიის მატარებელმა ბრენდმა რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა, თუმცა ბაზარზე საკუთარი ნიშა მალევე დაიკავა და მომხმარებელს ახალი პროდუქტი შესთავაზა. „ატარე გულით“ – სიტყვების გარეშე გამოხატული გრძნობა, განწყობა, მიზანი ან კეთილი სურვილი. ზოდიაქოს ნიშანი, ჰობი ან საყვარელი ადამიანის სახელი უკვე შეგვიძლია არამხოლოდ ვერცხლის – ოქროს სამკაულად ვაქციოთ და გულით ვატაროთ, ჩვენთვის ძვირფას პერსონას ვუსახსოვროთ და განსაკუთრებული შინაარსის აქსესუარით ყველაზე გულწრფელი ემოციები გავუზიაროთ.

ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემია აღმოჩნდა. ბრენდი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იყო, ვამუშავებდით და ვგეგმავდით საექსპორტო საკითხებს, როცა მოულოდნელად ჩაიკეტა მსოფლიო, მაგრამ ჩვენ არც ერთი დღე არ გავჩერებულვართ. მალევე დავიწყეთ ახალ პროდუქტებზე მუშაობა, დაფინანსებების ძიება და მოპოვებაც, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიას. იმის გათვალისწინებით, რომ „ატარე“ პერსონიფიცირებული აქსესუარების ბრენდია, კოლექცია „ატარე გულით“ ბრენდის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არის დიზაინერ ლიზა ყაჯრიშვილის მიერ შექმნილი სრულიად ახალი, მომხმარებლის სურვილებზე მორგებული, ემოციების გამომხატველი დახვეწილი და სადა გულის ფორმის აქსესუარი განსხვავებული დიზაინითა და შინაარსით, რასაც ადამიანი სიმბოლურად გულით ატარებს ან სპეციალურად საყვარელი ადამიანისთვის შექმნის საჩუქრად. რაც შეეხება კონცეფციას და სლოგანს, მისი იდეა ჩვენ დიზაინერს ირინა ქვლივიძეს ეკუთვნის. კონცეფციის  ჩამოყალიბებაზე, დახვეწასა და სრულყოფაზე  ზუსტად 1 წელი ვიმუშავეთ.

ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, უსაზღვროა ემოციის გამოხატვის შესაძლებლობაც. სწორედ ამიტომ „ატარეს“ სამომავლო გეგმები დიდი და მრავალფეროვანია. შემდეგი პერსონიფიცირებული აქსესუარის გამოშვება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება, თუმცა მანამდე „ატარე გულით“ ახალ ონლაინ პლატფორმაზე atareshop.com გამოჩნდება.

“USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში და ფინანსური მხარდაჭერით მალე დასრულდება ატარეს სრულიად ახალი, თანამედროვე და ფუნქციონალურად გამართული ონლაინმაღაზია და მოხდება  ახალი კოლექციის „ატარე გულით“ ოფიციალური გაშვება და მარკეტინგული აქტივობების უზრუნველყოფა. ბრენდის განვითარება ახალი საიტის დასრულების  შემდეგ ახალ ეტაპზე გადავა და ეს იქნება საერთაშორისო გაყიდვებისთვის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.