ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ 6-წლიანი სამართლებრივი დავა მოიგო და მისგან კომპენსაციის სახით 24 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ამიერიდან აშშ-ის ქალთა და მამაკაცთა საფეხბურთო ნაკრებები ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობისთვის თანაბარი ოდენობის შემოსავალს მიიღებენ.
„აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია, უზრუნველყოს თანაბარი ანაზღაურება ქალთა და მამაკაცთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებში ყველა ამხანაგურ მატჩსა და ტურნირში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 22 მილიონი აშშ დოლარს ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეები მიიღებენ. დარჩენილი 2 მილიონი აშშ დოლარი კი სპეციალურად შექმნილი ფონდის ანგარიშზე დაირიცხება, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელების სხვა მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება. როგორც ცნობილია, ფონდისგან ასევე ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების მიზნით ქველმოქმედებასაც უნდა ველოდოთ.
აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ შრომის თანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით დავა ჯერ კიდევ 2016 წელს ქვეყნის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხუთმა ვარსკვლავმა მეგან რაპინოუსა და ალექს მორგანის მეთაურობით დაიწყო.
2019 წელს შედგენილ საჩივარში ყურადღება გამახვილებულია ფულადი პრიზის რაოდენობის შეუსაბამობაზე, რომელიც აშშ-ის ქალთა და მამაკაცთა საფეხბურთო ნაკრებებმა 2014 და 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მიიღეს. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს აღნიშნულ ტურნირზე მერვედფინალში გასვლისთვის კაცთა ეროვნულ ნაკრებს 5.375 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა, 2015 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის ქალთა ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ 1.725 მილიონი აშშ დოლარი ერგო.