წარმატება, როგორც მიზანი | ინტერვიუ თამუნა ასანიძესთან

სამედიცინო სფეროში ადრეულ ასაკშივე დაწყებული კარიერა და კიდევ უფრო ადრე გაჩენილი დიდი ინტერესი და სიყვარული მედიცინის მიმართ – თამუნა ასანიძე დღეს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, Health Mark Group-ის გენერალური მენეჯერია და COVID-19-ის პირობებში ადამიანთა კეთილდღეობისთვის იბრძვის.

როგორც თავად ამბობს, თავის დამკვიდრების გზაზე უამრავი წინაღობა შეხვდა, თუმცა საკუთარი თავის რწმენამ და იდეალებისადმი ერთგულებამ ბრძოლისუნარიანობა შეუნარჩუნა და დიდი წარმატებებიც არგუნა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

განვითარების რა გზა გაიარეთ, სანამ Health Mark Group-ში მოხვდებოდით?

ჩემი ურთიერთობა სამედიცინო სფეროსთან ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო. ექიმების ოჯახში გავიზარდე, რამაც დიდი გავლენა იქონია და, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი გამიჩნდა, ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის ყოფილა. ბავშვობიდან ძალიან დიდ დროს ვატარებდი ჩემი ოჯახის წევრ ექიმებთან ერთად, კლინიკაში. მონუსხული ვიყავი ამ სფეროთი და სამუშაო პროცესით. ამიტომ ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი პროფესია აუცილებლად მედიცინასთან იქნებოდა დაკავშირებული.

პრაქტიკულ საქმიანობას უნივერსიტეტის დამთავრებამდე შევუდექი, როდესაც ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში დავიწყე მუშაობა. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი ამ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო იყო დამღლელი, საპასუხისმგებლო და რთული, ჩემი სიყვარული და ინტერესი მედიცინისადმი საოცრად დამეხმარა, რათა ეს პროცესი სასიამოვნო და, ამავე დროს, ძალიან დიდი ცოდნის მომცემი ყოფილიყო ჩემთვის.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა პედიატრიის მიმართულებით გავაგრძელე და პარალელურად მუშაობა დავიწყე ფარმაცევტულ კომპანიაში. მოგეხსენებათ, ასეთ კონკურენტულ გარემოში ძალიან რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება, უამრავი სირთულე შემხვდა, ხშირად უსამართლოც და დაუმსახურებელიც, თუმცა არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი, მჯეროდა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების და ვიცოდი, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი. სირთულეების მიუხედავად, დაუღალავი შრომის და უდიდესი ძალისხმევის შედეგად, მოვედი აქამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის მაქსიმუმი და წინ ძალიან ბევრი სწავლა და მუშაობაა საჭირო მუდმივი განვითარებისთვის.

სტუდენტობის პერიოდში მიღებული ცოდნა, სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დაგროვებული გამოცდილება, დღემდე ძალიან მეხმარება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.

გვიამბეთ Health Mark Group-ის სამუშაო გარემოზე. რა გამოწვევები გაქვთ დღეს, როგორც კომპანიის გენერალურ მენეჯერს?

დღესდღეობით ჩვენი რეალობა ასეთია ‒ ბრძოლა გვიწევს უცნობ ვირუსულ ინფექციასთან, რომლის შესახებაც ყოველდღიურად ახალ-ახალ ინფორმაციას ვიგებთ. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად საგანგებო რეჟიმზეა გადასული, შეცვლილია ჩვენი ყოველდღიურობა, ცხოვრების რეჟიმი. ჩემი, როგორც გენერალური მენეჯერის, მთავარი ამოცანა სწორედ ამ მუდმივად ცვალებად გარემოსთან მორგება და სწრაფი ადაპტირებაა.

2019 წელს შემოვუერთდი ჯერ მოლეკულურ გენეტიკური კვლევის ცენტრს „ალელს“ და შემდეგ, უკვე 2020 წელს ‒ Health Mark Group-ს, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ექიმი ონკოქირურგი ‒ ნათია ცაბუტაშვილი.

როგორ ახერხებთ ამ კრიზისულ პირობებში ვითარების მართვისას ხარისხის შენარჩუნებას და როგორ უმკლავდება პერსონალი არსებულ სტრესს?

Health Mark Group-ის მმართველობაში იმყოფება მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია „მედდიაგნოსტიკა“, რომელიც ფართო საზოგადოებამ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გაიცნო. ეპიდემიის საწყისი ეტაპიდან, ჩვენი ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული კოვიდ19-ის ტესტირების პროცესში. ლაბორატორია, თავისი სიმძლავრიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ახორციელებს 1500დან 2000-მდე PCR კვლევას მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, ისე ‒ კერძო პირებისთვის. ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ როგორც ადგილზე, ლაბორატორიაში გატესტვის, ისე ‒ სახლის მისამართზე გამოძახების სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას.

ჩვენი გუნდის თითოეული წევრი იაზრებს მასზე დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას და 24-საათიან რეჟიმში შეუჩერებლად მუშაობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ლაბორატორია „მედ-დიაგნოსტიკა“ ასოცირდებოდეს სიზუსტესთან, ხარისხთან და სანდოობასთან. ეს, ვფიქრობ, ნამდვილად აისახება კმაყოფილი პაციენტების შეფასებებით, ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მართვის პროცესში მონაწილეობას, ვირუსის პრევენციისა და დროული გამოვლენის კუთხით.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

როგორ ხედავთ კომპანიის განვითარების პერსპექტივას საქართველოში?

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც პაციენტებს მოლეკულური გენეტიკური კვლევების, თითქმის ყველა მიმართულებას სთავაზობს, ჩვენს დარგში კონკურენცია მაინც მაღალია. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხარისხს, სანდოობასა და ხელმისაწვდომობას ენიჭება და პირდაპირ განსაზღვრავს ერთგული პაციენტების რაოდენობას. ბაზარზე გამოჩენიდან მცირე პერიოდის მიუხედავად, უკვე მოვიპოვეთ მომხმარებლის მხარდაჭერა და ნდობა, რამაც გაფართოებისკენაც გვიბიძგა.

„მედ დიაგნოსტიკა“ და მისი მენეჯმენტი ყოველთვის ფიქრობს კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე და ამ მიმართულებით ჩვენი მოსახლეობისთვის და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო კლინიკისთვის კარგი სიახლე გვაქვს ‒ ვგეგმავთ, გავხსნათ ფილიალები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. უკვე დეკემბერში გაიხსნება ახალი ფილიალი ქალაქ ბათუმში, ხოლო სულ მალე მსგავსი ფილიალები ‒ კახეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. რამდენიმე ფილიალი დაგვემატება დედაქალაქშიც. ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს რეგიონში მედიცინის განვითარებასა და პროდუქტით სარგებლობის ხელმისაწვდომობას, ასევე, ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებსაც გააჩენს. დღეისათვის ჩვენთან, დაახლოებით, 100-მდე თავისი საქმის მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

როგორია Health Mark Group-ის სამომავლო გეგმები?

კომპანიის სტრატეგიული გათვლა მხოლოდ საქართველოს არ მოიცავს, გვინდა გავიდეთ ამიერკავკასიაში ‒ ჩვენს მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში ‒ იქ, სადაც ბაზარი ამ მხრივ სრულიად აუთვისებელია.

Health Mark Group-ის სახელთან ჯგუფის მთავარი მიზანია, შევქმნათ ხარისხის სტანდარტი დიაგნოსტიკური კვლევების მიმართულებით.

ჩვენს გუნდში გავაერთიანოთ წარმატებული ქართველი მეცნიერები და ექიმები, რომლებიც, ამ ეტაპზე საქართველოში არ მოღვაწეობენ; ასევე, მეცნიერული კვლევების საფუძვლებზე დაყრდნობით, დავნერგოთ უახლესი მედიცინის მიღწევები; ხელი შევუწყოთ საქართველოში მეცნიერების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, მომხმარებელი მალე ბაზარზე Health Mark Group-თან დაკავშირებულ კიდევ რამდენიმე კომპანიას გაიცნობს. წინასწარ შეგვიძლია გითხრათ, რომ ახალი კომპანიები, თავიანთი შინაარსიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ საჭირო იქნება იმ მიმართულებებისთვის, რომლებსაც მოიცავენ.

ჩვენ ძალიან დიდი გეგმები და ამბიციები გვაქვს. რაც მთავარია, არ გვეშინია გამოწვევებისა და სირთულეების. გვჯერა, საკუთარი შესაძლებლობების და ვიცით, ხარისხისა და მაღალი ნდობის შენარჩუნებით, როგორ უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს დავრჩეთ ლიდერ ლაბორატორიად ქართულ ბაზარზე.